ანტიბიოგრაფია
ის დაიბადა წვიმიან კუნაპეტ ღამეს, გაზაფხულზე, მარტის ბოლოს, როდესაც ჰაერი უკვე ნაზი და საამურია, არემარე კი ადრეული ყვავილების სურნელითაა გაჟღენთილი. გაეხსნა პატარა ფილტვები და უპირველესი ომახიანი შეკივლებით გაარღვია უღიმღამო სამშობიარო დაწესებულების ძველთაძველი მოწითალო აგურით ამოყვანილი კედლები. სახლში მიყვანილი უკვე ხარბად შეექცეოდა დედის ნოყიერად უგემრიელეს რძეს, რამდენიმე კვირაში დიდრონი მომწვანო თვალებიც აეხილა – და ყოველივე ეს უწყვეტად მიმდინარე წლების უგრძელესი ძაფის იმ თითქოსდა არაფრით გამორჩეულ მონაკვეთზე ხდებოდა, რომელსაც განგების ნებით წილად ნაირნაირი დამღა ხვდა: აღმოსავლური კალენდრით – გველის წელიწადისა, ზოროასტრიულით – აქლემისა, ჩუჩხეს მოძღვრების მიხედვით – ორმოცდამეერთისა, თვალუწვდენელ ქვეყანაში მოსახლე გულუბრყვილო ადამიანებისთვის კი უბრალოდ – უკვდავი დიდი ბელადის გარდაცვალებისა. ორიოდე ციფრიც კი საკმარისი იყო ამ დიადი მოვლენის აღსანიშნავად – ხუთიანი და სამიანი, სულ ორმოცდაცამეტი.
მაშინ ეს დაუჯერებელი იყო, მაგრამ სამუდამოდ წავიდა, დატოვა მიწიერი სიცოცხლე, მიიცვალა საუკუნის უდიდესი გმირი, ფაშისტების ძლევამოსილი არმიების შემმუსვრელი და დედამიწის მეექვსედის უძლეველი, მკაცრი და იმავდროულად მწყალობელი იმპერატორი. მაგრამ დრონი მეფობენო... ყველასთვის მოულოდნელად წელიწადების უგრძელესი ძაფი თითქოს უხერხულად გაინასკვა იმ ორ ციფრზე და უზარმაზარი ქვეყნის სხეულზე თითქმის დაუყოვნებლივ რაღაც ახლებურმა, გაურკვეველი წარმოშობის სიომ წამოუბერა. შორეული, შეუიარაღებელი თვალით უხილავი ქედების მწვერვალებსა და ხასხასა მდელოებზე შობილი ეს ნიავი თავიდან ძლიერ ნაზად, უხილავად, ზანტადაც კი უბერავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოძლიერდა, ჯერ თამამ და დაუღალავ სიოდ გადაიქცა, მერე კი სულაც თავზეხელაღებულ ქარად, გრიგალად, სახურავები ასწია ცაში... ეპოქა იცვლებოდა, თან იცვლებოდა სწრაფად, შეუქცევადად, ვითარცა მუხლუხო, რომელიც – თუ აცალე – სულ მალე დღის სინათლეს ცაში მოფარფატე პეპლად მოევლინება. მაგრამ მარტში დაბადებულმა ჩვილმა ეს, რასაკვირველია, არ იცოდა. არც მისმა მშობლებმა – ან საიდან უნდა სცოდნოდათ?
ერთადერთი შვილი აღმოჩნდა ოჯახში – პირველი და უკანასკნელი.
მერე, როდესაც ოდნავ წამოიზარდა, გადაურჩა საბავშვო ბაღში სიარულს. იმხანად უმუშევრობა კანონით იდევნებოდა. თანაც, მამა დოცენტი კაცი იყო, პერსპექტიული მეცნიერი, ლექციებს კითხულობდა პოლიტექნიკურში; განათლებით ქიმიკოსი დედა – რაიონის სანეპიდსადგურში მუშაობდა. სახლიდან დილით გასული მშობლები უკან საღამოთი ბრუნდებოდნენ და ასეთ ბაღებში ბავშვის გამწესება ბუნებრივი საქმე იყო, თუმცა სავალდებულო არ ყოფილა. დედამ თავიდან სცადა შვილის იქ ჩაბარება, მაგრამ სამიოდე დღეში გაირკვა, რომ სახაზინო საკვები – „მანი ქაში“, „სუპი“ და თევზის ქონი – მისმა პირმშომ ვერაფრით იგუა, გველის წელიწადში დაბადებულს ნამეტანი აზიზი გემოვნება გამოყოლია თურმე. სადილის დროს სასტიკად გაჯიქდებოდა, პირს დამუწავდა და არაფრით იკარებდა ნამცეცსაც კი. დედისგან ნაჩვევი მოხარშული ბრინჯის ფაფა და გატარებული ხორცის „კატლეტი“ ენატრებოდა და მთელი დღე მშიერი რჩებოდა, აღზრდელები ვერას გახდნენ. მშობლებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ და ბავშვის მოსავლელად მოსამსახურე ქალი აიყვანეს – იმ წლებში ეს ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებული ამბავი იყო. ნაცნობის რეკომენდაციით, ერთი ნაკლებად მომთხოვნი და შედარებით სათნო რუსის ქალი – დიდი შიმშილის დროს საქართველოში შემოსახლებულთაგან – დაიქირავეს, რომელიც დილით მობრძანდებოდა და საღამოთი მიბრძანდებოდა, თან რუსულად ებაასებოდა. ასე იზრდებოდა – მშობლებისა და მოახლე ქალის მეთვალყურეობის ქვეშ. მერე კი ისიც – როგორც ყველა მისი თანატოლი და კბილა – ახლომდებარე საშუალო სკოლის პირველ კლასში ჩარიცხეს. ეს ყველასთვის სავალდებულო წესი აწ გარდაცვლილი იმპერატორის მიერ იყო შემოღებული და დამკვიდრებული და გამონაკლისებს არ ცნობდა. სწორიც იყო. ამას ისიც დაემთხვა, რომ მამამ სადოქტორო დაიცვა. ის დააწინაურეს, პროფესორის წოდება მიანიჭეს, ხელფასი გაუზარდეს. ოჯახმა მართლაც ამოისუნთქა. დედამ სამსახურს თავი მიანება და დიასახლისობა ამჯობინა. მას საშუალება მიეცა ბიჭისთვის მეტი ყურადღება დაეთმო და რუსი მოსამსახურეც გაქრა, წავიდა სახლიდან და მისი ცხოვრებიდან. სამაგიეროდ რუსულად თანაკლასელებზე უკეთ ლაპარაკობდა, კითხულობდა და წერდა.
ორიოდე წელიწადში ოჯახმა კვლავ გაიხარა: პროფესორმა მამამ – რომელსაც პროფკავშირულმა რიგმაც უწია და არც გავლენიანი მეგობრები აკლდა – ცინცხალი ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მაღალჭერიანი ბინა მიიღო. ესოდენ თვალსაჩინო წინსვლა პატარა ნადიმითაც კი აღინიშნა. მით უმეტეს, რომ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვაკეში – უბანში, რომელიც ძალიან სწრაფად ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბანი ხდებოდა.
თავისებული ბავშვი იყო, ოდნავ გულჩათხრობილი და მორიდებული, ამავე დროს ცოტა მიამიტიც. ყოველ შემთხვევაში, უნიჭო არ ყოფილა. ვერც იქნებოდა უნიჭო – რამეთუ რაღაც ნიჭი თითქმის ყველა ბავშვს გააჩნია, თუმცა უმეტესობა დროთა განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ ახდენს ბუნებით მინიჭებული მისწრაფებების გამოვლენას და ითრგუნება ყოველდღიურ ცდუნებათა გავლენითა და ზეწოლით. ასე