შედევრის მოლოდინში
დაეხეტები უმოწყალო სიცხისგან დარბილებულ ტროტუარებზე და ლამაზ, გაუხუნებელ სიუჟეტს დაეძებ, ანუ: მარადისობის უნაზეს სურნელს, განთიადის სევდიანი ნარინჯივით რომ წაკრავს ცოდვილ, უსახურ ყოველდღიურობას და მით საყოველთაო დაშმორების უკურნებელ სნეულებას თუ არ ამარცხებს, შეუპოვრად უპირისპირდება მაინც.
სიუჟეტები ისეა მიმოპნეული ქუჩებში, როგორც მარტოსული გამსვლელი პაიკები ვეება და მაგიურ საჭადრაკო დაფაზე, – ნეტავ თუ მოესწრება და იზეიმებს რომელიმე მათგანი უნატიფეს და უძლეველ ფიგურად – ჯადოქარ ლაზიერად – ტრიუმფალურ გადაქცევას?
დღის პირველი, უმხურვალესი ნახევარი და პაპანაქებისგან მგმინავი ავტოების მდოვრე, ნაღვლიანი ნაკადი ქალაქის მთავარ მოედანს ამოფარებულ ვიწრო და ხალხმრავალ ქუჩებში. შენც კი, უნეტარეს სიუჟეტზე უწყვეტ ფიქრებში გართულს, უეცრად გაფხიზლებს მანქანის ჭრიალით დამუხრუჭება ცხვირწინ; აღმოსავლური ზიზილ-პიპილებით მორთული ძველებური ყაიდის “ვილისი”, – მონადირეთა, გადამდგარ სამხედროთა და შეძლებულ კოლმეურნეთა საშობაო ოცნება, – თავის გზაც აცდენია, ახლა კი, წაბორძიკებული ნაკადის გულის მოსაგებად, სასწრაფოდ ადგილზე შეტოკებულა და ასე ლამობს მარცხნივ, ნანატრი ალაყაფისკენ იბრუნოს პირი, რათა შეაფაროს თავი ნაცნობი ეზოს სანდომიან შუქჩრდილს, მაგრამ, საუბედუროდ, არა გამოსდის რა. შენი სულის წიაღში აღმოცენებული სიუჟეტის მიხედვით წინდაუხედავმა მძღოლმა დააგვიანა, წამით გამოეთიშა სინამდვილეს და ამაოდ ლამობს გაურჩებული საჭის დამორჩილებით უიმედო ვითარების გამოსწორებას. თვალში აუცილებლად გეცემა ოფლის ბლანტი ზოლებით დასერილი მისი წითელ-ყვითელ-მყვირალა, უგემოვნოდ შეკერილი, დაჭმუჭნული პერანგი, დასვრილი საყელო, დაბნეულობისგან სასაცილოდ აშლილი და აბურძგნული ხეშეში თმა, შავგვრემანი, უბრალო სახის აშკარად არაქართული და არაქრისტიანული გამომეტყველება. მაგრამ, ო! – რა გემრიელად და თავდავიწყებით ილანძღება სავსებით გამართულ, თუმცა ოდნავ კოსმოპოლიტურ ქართულ ენაზე, რარიგ აფრქვევს გარე სამყაროში უშვერი სიტყვებით გარემოცულ უზერელეს ცნებებს, და ეს გინება, ქანცგამცლელი სიცხისა და პირადი უნიათობის კრიმინალური შერწყმისგან უკანონოდ შობილი, ეხება ყველას და ყველაფერს საკუთარი უმწიკვლო პერსონის გარდა: ცას, დედამიწას, ულმობელ და კაშკაშა მზეს, დამპალი ქუჩების სივიწროვეს ამ დამპალ ქალაქში, იმ დაწყევლილ დღეს, როდესაც მიქარა და შეიძინა ეს ბორბლებით შეკაზმული ჯართი, მეტადრე კი უკანმავალ “ფიატს”, რომლის არანაკლებ გასავათებული მესაჭე იძულებულია არათუ შეაყოვნოს თავისი მანქანის წინსვლა, არამედ ოდნავ უკანაც კი დაწიოს იგი, რათა უხიაკ და მოუთმენელ “ვილისთან” უცაბედ შეტაკებას მოარიდოს თავი. ბავშვისთვისაც კი ნათელია, რომ შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ერთი გონივრული გამოსავალი არსებობს: “ვილისის” მძღოლმა საბოლოოდ ხელი უნდა აიღოს უადგილო მობრუნების მცდელობაზე და მორჩილად შეეპუოს მოწოლილი ნაკადის მკაცრად გამოხატულ ნება-სურვილს. შესანიშნავად ხვდება ყოველივეს “ურჯულო” მძღოლი და, გაშმაგებული, უფრო დაუზოგავად ლანძღავს ნამდვილ თუ მოგონილ მტრებს, ოღონდ ვერ ითვალისწინებს, რომ გავარვარებული ჰაერი ისეთივე სიხარულით ატარებს ბგერების სწრაფ წყებებად ქცეულ უწმაწურ სიტყვებს, როგორიც ეუფლება გამოცდილ და კინკრიხოდან ჩექმების წვეთებამდე მოსყიდულ საბაჟო მოხელეს ქვეყნის ფარგლებში კონტრაბანდისტთა ქარავნის შემოპარვისას. უშვერი სიტყვები ნატყორცნი ბუმერანგივით ისევ “ურჯულოს” უბრუნდება: შეუგნებელი გადამთიელის უსაზღვრო უტიფრობამ “ფიატის” ჩვენი უქრისტიანესი მესაჭე სამართლიანი გულისწყრომითაც აღავსო და საბრძოლო სულისკვეთებითაც. ო, მისი თავმოყვარეობა სასტიკადაა შელახული, იგი თავს შებღალულად გრძნობს საკუთარ სახლში, სამშობლოს შუაგულის შუაგულში, და თავმომწონე მისი ბუნება, მრავალგზის ჩამოფასებული და პატივაყრილი, ვეღარ იტანს ამ ახალ შეურაცხყოფას. აი, პირველი შედეგიც: “ფიატის” მესაჭე, სახეალეწილი და განრისხებული, მანქანიდან გადმოდის და გამალებით იწევს შემგინებლისკენ. მზის სიმხურვალე და სამშობლოს შერყვნილი სუვერენიტეტი, მზარდი ოჯახური უსიამოვნებანი და ასაკით შერყეული ჯანმრთელობა, ყელში ამოსული სამსახურეობრივი გარიგებანი და ბაზრის სიძვირე, გამოუსწორებელი შეცდომებით დახუნძლული წარსული, შემაძრწუნებელი აწმყო, აღარაფრის მომასწავებელი საზარელი მომავალი და რაც გნებავთ კიდევ, ამოიკითხება მის ჭორფლიან, დუჟმომდგარ, ულევი ზიზღით ამღვრეულ პირისახეზე. მშრალ ჰაერში დაუკმაყოფილებელი შურისგებისა და მანქანათა გამონაბოლქვის ოხშივარი ტრიალებს, სასწაულად გაჰკივიან კლაქსონები, შენ კი იქვე დგახარ და სეირს უცქერ, ჯერ არც კი იცი, მოგიწევს თუ არა, ან რანაირად მოგიწევს ჩარევა გარდაუვალ კონფლიქტში, თუმცა, ტკბები კიდეც მოხდენილი სიუჟეტის უნაკლო კომპოზიციით, ცხოვრება ხომ საუკეთესო და არაანგაჟირებული მხატვარია...
მაგრამ კოხტა სიუჟეტის აღმოჩენა თვითმიზანი როდია, საშუალებაა უფრო. მისჯილი გაქვს ხალხის შუაგულში ტრიალებდე, ყური უგდო მის გამოუთქმელ წადილს, ერთდროულად ამბოხის ამტეხიც იყო და დამაშოშმინებელიც, ვერაგიც იყო და მარტივიც, ფხიზელი კომერსანტიც და უანგარო იდეოლოგიც, მოციქული სატანის და მოციქული ქრისტესი. ლუდიც უნდა გიყვარდეს აუცილებლად ან, თუ არ გიყვარს, შეიყვარო როგორმე, რადგან ლუდი – სასარგებლო, სადა, ჭეშმარიტად ხალხური სასმელია, განსაკუთრებით ასეთყცხელ ამინდშია გემრიელი და მისგან მომდინარე შემოქმედებითი პოტენციის უგულებელყოფა მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა. სად თუ არა ლუდხანაში ვლინდება მშვიდობიანობის ჟამს ე.წ. “თავისუფალი მამაკაცის სინდრომი”? სად თუ არა ლუდხანაში შესწევს არაქათგამოცლილ,