იდეა fix
სამს ხუთი წუთი აკლდა, როდესაც ვაკის პარკის მიდამოებში მდებარე ერთ პატარა, შეუხედავ კაფეს მივადექი, დარბაზში შევედი და კუთხეში მომცრო, ორადგილიანი კუპე დავიკავე. თუმცა სიტყვა “კუპე” ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს მაღალფარდოვნად ჟღერს: სინამდვილეში დარბაზი საშუალო სიმაღლის “დეესპეებით” საკნებადაა გადატიხრული, რაც ეკოლოგიურად არცთუ სასურველია, მაგრამ სამაგიეროდ ზედგამოჭრილია ყავის თანხლებით უცხო ადამიანთან სასაუბროდ, კონფიდენციალობაც მეტნაკლებად დაცულია. თურქული ყავა შევუკვეთე და მაჯის საათს დავხედე. კლიენტი წუთი წუთზე უნდა მოსულიყო. პაემანის დროც და ალაგიც ჩემს მიერ იყო დათქმული, ასეთ შემთხვევებში კი დანიშნულზე ოდნავ ადრე მჩვევია მოსვლა.
სპეციფიური განხრის ჟურნალისტი გახლავართ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბედმა გამიღიმა და – ჩემი ქვეყნის მასშტაბის გათვალისწინებით – საკმაოდ პოპულარულ ყოველკვირეულში მიწევს მუშაობა. წლების განმავლობაში ჩვენთან რაღაც “შოშ”-ის ტიპის სამსახური ჩამოყალიბდა, მკითხველს მოსწონს და ამ სამსახურის გამართულად საქმიანობა – ესეც თამამად შემიძლია მოგახსენოთ – დიახაც რომ ჩემი დამსახურებაა. თავის დროზე სათანადო პროექტი მთავარ რედაქტორსა და დამფუძნებლებს სწორედ მე შევთავაზე, საკისრებელიც ვიკისრე და, როგორც ხედავთ, დამიფასდა კიდეც. ასე რომ ამ პატარა “მილიონერ” ქალაქში მეტნაკლებად ცნობადი სახე ვარ და ბედს მაინცდამაინც არ ვუჩივი. ერთი კია, ვიღაცას მართლა რომ დაეხმარო და სათანადო პიარიც ააგორო, მთელ ქალაქში მაძებარი ძაღლივით უნდა ირბინო და შესაძლო შედეგზე პირადი პასუხისმგებლობაც იტვირთო, თორემ დასახმარებელს, უიღბლოსა და გაჭირვებულს ამ ქვეყანში რა გამოლევს, ისეთებსაც შევსწრებივარ, რომ გახსენებაც არ მინდა, ეგრევე ცუდად ვხდები... იმ მკურნალივით ვარ, რომელიც მორგს პირველ კურსზე იძულებით შეაჩვიეს – სხვანაირად ხომ ვერც ხელობას შეისწავლიდა და ვერც ფონს გავიდოდა ამ ცხოვრებაში. მრავალი ისტერიკაში ჩავარდნილი მთხოვნელი და მათხოვარი მინახავს რედაქციის კართან ატუზული, კაცი, ქალი, ზოგი ბავშვებით მოდის, იმეტებს, ტირის. ჯიბიდან ამოღებული უკანასკნელი ათლარიანით ისეთებიც გამისტუმრებია, რომ მეც კი – მრავლისმნახველი მომწერლო ელემენტი – ძლივს ვიკავებდი ცრემლს... მაგრამ ეს მაინც გამონაკლისი შემთხვევებია, დედა ტერეზა არ გეგონოთ, რედაქცია ალტრუისტებით როდია დაკომპლექტებული და სწორედ ამიტომაა რომ ჯერჯერობით არ ვიძირებით და, ასეა თუ ისე, გვიდგას სული. ერთობ პოპულარული პროექტია. ჩვენგან თანადგომის მიღების მსურველს თავიდანვე გარკვეულ პირობებს ვუყენებთ, თამაშის წესებსაც ჩვენ ვადგენთ. დასახმარებელი სუბიექტი და მისი ამბავი განსაკუთრებული ოდიოზურობით უნდა გამოირჩეოდეს, ჩემს მიერ შექმნილი მასალა კი კითხვადი უნდა გამოვიდეს, ისეთი, რომელიც ტირაჟის გაზრდაზე იმუშავებს, პურს ამით ვჭამ. შემოსავალი მაინცდამაინც დიდი არაა, მაგრამ ჯერჯერობით – სანამ ამ ტიალ დუნიაზე მარტოსული და უცოლო დავიარები – მყოფნის, მერე კი... თუმცა, ძალიან გთხოვთ, ეს ამბავი თვითგვემად არ მიიჩნიოთ. მართლაც რომ გასაოგნებელი საქმე გამოდგა და ამჟამად არც კი ვიცი როგორ მოვიქცე. საგონებელში ვარ ჩავარდნილი და იდეებიც მაწუხებს – ფიხ.
ერთი სიტყვით იმ ქალბატონმა სულ რამდენიმე წუთით დააგვიანა – კაფეში რომ შემოვიდა იღლიაში ამოდებული გაზეთით ვიცანი, ასეთი ოინბაზობაც გვიწევს... ერთმანეთს თავი ნელთბილად დავუკარით, მივესალმე, მომესალმა, მერე მაგიდასთან დაბრძანდა, ფორმალურად გამიღიმა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელჩანთიდან სიგარეტი დააძრო. ზომით დიდი ქალი იყო, ზონზროხა, სახის ოდნავ უხეში ნაკვთებით – ასეთი ქალები ჩვენში ძირითადად ბიზნესით არიან დაკავებულნი. მეც რა მექნა – სანთებელა ავანთე და მივაწოდე – მოუკიდა, ოფიციანტ გოგონას შევუძახე, ყავის მორიგი პორცია შევუკვეთე და მოსასმენად გავემზადე, თანაც შეუმჩნევლად მობილურზე დიქტოფონი ჩავრთე – ეს ჩემი პატარა ეშმაკობა პროფესიული აუცილებლობით იყო გამოწვეული. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, თუმცა ისიც ცხადია, რომ დღეს ამით – რამიშვილისა და დავითაშვილის მერე – ვეღარავის აჭმევ: ისედაც ცნობილია, რომ ყველა ყველას უსმენს.
მერე კი მომიყვა, მაგრამ რა მომიყვა. გადამიშალა გული რა.
მე – თან ამბავს ყვებოდა, თან კი თავის “სიგარონეს” აბოლებდა და ჩემს (ანუ რედაქციის) შეკვეთილ ყავას წრუპავდა, – მე ისეთი არ გეგონო,ყროგორებიც ადრე მრავლად გინახავს. აგერ ორმოცს მივუკაკუნე (არ გეტყობათ-მეთქი, მინდოდა კომპლიმენტი ჩამერთო, მაგრამ ვინ გაცალა), შენზე უფროსი ვარ და ყურადღებით მომისმინე, რომ კარგად გაიგო თუ რა გამოცდა გავიარე ცხოვრებაში, შენი ყოველკვირეული რაში დამჭირდა და შენგან რანაირ დახმარებას მოველი. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ, ხალხთა მძლეთამძლე კავშირი ვნებიანად რომ შემოგვეფშვნა ხელში და დიდი ეროვნული ამბები დაიწყო, შენ დიდი-დიდი სკოლას თუ ამთავრებდი, მე კი მაგ დროს უკვე ზრდასრული და საზოგადოებაში გამოსული ადამიანი ვიყავი (აქ ცოტათი შეცბა, მაგრამ მერე მომართული ზამბარასავით განაგრძო ლაპარაკი). ეროვნული მოძრაობის სკოლა მავანივით მეც გავიარე, მაგრამ ქვეყანაში