ტრიალოგი ლიტერატურულ კაფეში
ქალაქზე თბილი საღამო ჩამოწვა. გაკრიალებული საპატრულო მანქანის შავ პოლიციურ ფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდა მძღოლმა ჩართო მანათობელი ციმციმა, ნელი სვლით კოსტავას ქუჩას აუყვა და სპორტის სასახლესთან მოედანი ფრთხილად გადაჭრა. გამხდარი, წვრილყვრიმალიანი პოლიციელი საჭეს ლაღად, მარჯვენა ხელის მკვირცხლი მოსმებით მართავდა, მარცხენა ღია ფანჯარაში უდარდელად გადმოეყო, თან ქუჩას აკვირდებოდა, თან კი გვერდით მჯდომ მეწყვილესთან მასლაათით ირთობდა თავს. შებინდებულ ტროტუარებზე დაღლილი ქალაქის მოფუსფუსე სიმშვიდე სუფევდა. სულ მალე მანქანამ სასტუმრო “აჭარასთან” წითლად აალებული შუქნიშნის წინ დაამუხრუჭა, მაგრამ რამდენიმე წამში ამკრძალავი ალისფერი, ჯერ ყვითელმა, შემდეგ კი მწვანემ შეცვალა და საპატრულომაც გააგრძელა ნელი, დინჯი სრიალი ვაჟას მიმართულებით. უცებ ქუჩის ბუნებრივი ხმაური თითქოს ერთიანად გაირღვა და პოლიციელების ყურამდე ყრუ და შორეული ტკაცანების ხმამ მოაღწია.
– გასროლებს გავდა. – ჩაილაპარაკა მარჯვნივ მჯდომმა.
– არ დაიჯერო. გათახსირებული ბენზინია. აფერისტები, მაგათი. ასეთი იცი რამდენი მომისმენია!
– მაინც გააჩერე. გადავალ, გავხედავ, ვინმე უშნოდ ხომ არ გარბის.
– ჰო, მიდი, დავაი, გადადი.
საპატრულო გაჩერდა. პოლიციელი მყისვე გადმოვიდა მანქანიდან, ირგვლივ გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი დალანდა. ფეხით მოსიარულეთა ნაკადი ძველებურად, მდორედ და გულგრილად მიედინებოდა ტროტუართან შეყოვნებული საპატრულოს გასწვრივ. პოლიციელი ადგილზე შეტორტმანდა, ერთიც მიმოიხედა და მანქანაში დაბრუნდა.
– მგონი, მართალი ხარ. საეჭვო არაფერია, წავედით. ეტყობა მართლა უხარისხო ბენზინი იყო.
– მაგ კაკანზე ჭიპი მაქვს მოჭრილი. ეჰ, ჩემ უბანში ბათქი რო ატყდებოდა ძველ დროს ახალ წლებზე, ეხლა სადაა. აქ, ცენტრში, ისეთი რა უნდა მოხდეს, იომებს ვინმე თუ რა? კულინარების პონტები წავიდა, ტო! საეჭვო რაიონში ეხლა ავდივართ, რა. ბახტრიონს კიდევ რა უშავს, მაგრამ ფანასკერტელზე ღამით ქალის მარტო გაშვება მტრისას. დენი თუ გამოირთო, მაშინ ხო პროსტო ჯოჯოხეთია, კატასტროფა. ერთხელ მანდ ფეხით ვიყავი და ფარანიც არა მქონდა. მეშვიდე სართულიდან მოვდიოდი და კიდე კაი მოვასწარი, ლიფთში არ გავიჭედე. ჩამოვედი და არ ჩაქრა, ტო! ერთი სული მქონდა, ბახტრიონამდე ჩამეღწია. აზრზე მოდი: გრძელი, ჩაბნელებული კორპუსები, ჩახლართული ეზოები, გარშემო ძაღლები ყეფენ, ჩემი კაი, ტო... მერე იტყვიან, ცოფი რატომაო მოდებული ქალაქში. არა, საღამოთი ცოლის იქ გამშვები ნაღდად არა ვარ, რა. ვააბშჩე, იმ სიბნელეში ნაშას მობილურის წართმევა თუ აკმარეს, ბედი ჰქონია. ისე, ძმაო, სულელურ ჭორებს ნუ აყვები, გაგადურაკებენ.
– რა ჭორებს?
– რა და... ამას წინათ, გახსოვს, შაყირნოი “არიენტიროვკა” რო შემოგვიგდეს განყოფილებაში: ყურადღებით იყავითო, ქალაქში რაღაც “სიკვდილის ესკადრონი” მოქმედებსო, ტრუპებიო, პოლიტიკოსები ერთმანეთს დაერივნენ, ჩუმი ატსტრელი მიდისო... თურმე ინტერნეტით ვიღაცას გამოუგზავნია, ვითომ უშაყირია რა. არ დაიჯერო, სულ დივერსიული ჭორებია. მტრები გვივრცელებენ. ამ ჩვენ პატრულზეც ბოღმით სკდებიან, ეს რა მაგარი რამე უჩალიჩია მთავრობასო... უჰ, შენი დედა... რანაირად ატარებს, ტო! მოდი გავყვეთ, კაკ რაზ ფანასკერტელზე ადის, მგონი მთვრალია, ხიფათს გადაეყრება, რა.
– მაშინ დავაი, მიაწექი...
და მოთმინებიდან ოდნავ გამოსული პატრული მხნედ დააწვა ბახტრიონი-ფანასკერტელის მაღლობისაკენ.
* * *
...ახლა კი შენ სხვა რამ გევალება. უნდა შეაბა და ინფორმაცია გამოცინცლო. მე მგონი კარგად გესმის, რომ მთელი ეს ყიყინი და წკმუტუნი, ეს უმსგავსო საპარლამენტო ბაზარი რაღაც ფინანსურ ამნისტიაზე, საყოველთაო პატიებაზე და მისთანები – ჩვენ არ გვეხება. უკვდავი ჩე გევარას სახელს გეფიცები, რომ სამართლიანობისათვის ბრძოლა აქტუალობას ვერასოდეს დაკარგავს – ვერც მსოფლიოში და ვერც საქართველოში. კორუფციასთან ომში იძულებითი წუთშესვენება – ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალო ტაქტიკა. “მორჩას” ზნეობრივი იდეალები გადასინჯვას არ ექვემდებარება, ხოლო საქმიანი დოსიები მუდამ მუშა მდგომარეობაში უნდა გვქონდეს – დრო მოვა და გამოგვადგება. ნაძირლებს ჩვენ ყოველთვის გავემიჯნებით და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემთ. გახსოვდეს, რომ აწ გარდაცვლილი პენსიონერი მამამისი ოდესღაც საბჭოთა მაღალჩინოსანი იყო და შეუძლებელია ამ გარემოებას მის ფსიქოლოგიაზე ზეგავლენა არ მოეხდინა. განსაკუთრებით კი მისი საძმაკაცო გვაინტერესებს, მისი წრე, კორუფციონერი და ბობოლა მამიკოების შვილები. ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ, მამათა ნაქურდალის შენარჩუნებაზე გადასულან და ასე აქცევენ ქვეყანას – არაფერი აინტერესებთ საკუთარი თავის გარდა.
– იმ საცოდავებს კიდევ დარჩათ ქვეყნის დაქცევის თავი?
– “კუ და მორიელი” ხომ წაგიკითხავს ბავშვობაში? ასეა, მორიელი თავისას არ მოიშლის. ეხლა, თურმე, რაღაც ორგანიზაციას ქმნიან და მასში მეცნიერებისა და კულტურის უკმაყოფილო მოღვაწეების ჩათრევას აპირებენ. კაი უცნაური სახელი კი შეურჩევიათ: “საქართველოს ცოდნის პარტია”. მოკლედ, პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად წააგეს და ახლა ასპარეზზე შემოცურებას ასე ქვეწარმავლურად, სლიპინ-სლიპინით, აპირებენ. ხალხისთვის თავისი არსებობის შეხსენება სურთ. იცოდე, არ მიჰქარო და