შიდსის ტრიუმფი ლეთიქობში
მშიდსის ძლევამოსილი იმპერიის ვეებერთელა ლაშქრის ერთი პატარა, რიგითი მეომარი გახლავართ. ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა და სამხედრო წოდება თუ გაინტერესებთ,აამასაც სიამოვნებით გაგანდობთ - შავიზღვისპირეთის არმიის კონტრდაზვერვის შტაბის კაპიტანი ვარ - ჯერჯერობით მხოლოდ კაპიტანი.
გგუშინ, ჩვენი შტაბის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარსარდალმა ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო: ლეთიქობი უახლოეს მომავალში უნდა ავიღოთ. ვინაიდან ოპერაცია სავსებით მომზადებულია, მის გადადებას აღარ ვაპირებთ. სწორიცაა - ამ სტრატეგიული დასახლების დაუფლების გარეშე ჩვენს წინაშე მდებარე მთიანი და მზიანი ტერიტორიის ბოლომდე დაპყრობა ფრიად გაგვიჭირდებოდა. დასტურია, შტურმი დაიწყება ზეგ, გვიან საღამოს, სანაპიროს მხრიდან.
მმაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ერთხელ, ასე ხუთიოდე წლის წინათ, მთავარსარდლობამ ლეთიქობში შეჭრაზე ხელი აიღო, თუმცა ინვაზიის გეგმაც არსებობდა და მის დამტკიცებასაც ბევრი არაფერი აკლდა. მაგრამ ჩვენ, კონტრდაზვერვამ - მაშინ სრულიად ახალგაზრდა უმცროსი ოფიცერი ვიყავი, - უფროსებს თავშეკავებისკენ მოვუწოდეთ და გადავადებინეთ კიდეც ოპერაცია. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უწყება, პირველ ყოვლისა, რეალისტების უწყებაა.
ჩვენი იმდროინდელი პოზიციის გამოხატვა მოკლედ ასე შეიძლება: ჯერ ადრეა. წინასწარი მონაცემებით ლეთიქობის დაცვითი, იმუნური რესურსები მაშინ მძლავრი იყო, ხოლო შინაგანი წესრიგი ქალაქში - საკმაოდ მყარი. ჩვენი საერთო მომზადების დონეც ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე. ლეთიქობის ზონა ოდითგანვე დიდი სირთულით გამოირჩეოდა, ამიტომაც საცდელ პოლიგონებად პლანეტის სხვა, გაცილებით უფრო შეღწევადი ტერიტორიები დავიგულეთ: ეკვატორული აფრიკა, კარიბის კუნძულები, ჩრდილო ამერიკა...… რაც შეეხება ლეთიქობს... ალყას კი შემოვარტყამდით, გვარიანად გავამწარებდით კიდევაც მოსახლეობას, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ნამდვილად არ გვქონდა გარანტირებული. აი, ახლა კი ჩვენი ტრიუმფი განაღდებულია.
შტაბში, ბუნებრივია, დიდძალი ინფორმაცია იყრის თავს და ჩვენც შესანიშნავად ვუწყით, თუ რა გულუბრყვილობას იჩენს კაცობრიობა შიდსის პრობლემის მიმართ. ჩვენთვის ესოდენ მომგებიანი გულუბრყვილობის ძირითადი მიზეზი კაცობრიობის მესვეურთა ინტელექტუალური ამპარტავნობა და არცთუ გამოჩენილი უბრალო ადამიანების უმეცრებაა - ელიტის გულზვიადი თავდაჯერებულობისა და ხალხის უსინათლობის ამგვარი შეხამება წყალს სწორედ რომ ჩვენს წისქვილზე ასხამს. საბედნიეროდ კაცობრიობას ვერაფრით წარმოუდგენია, რომ მშობლიურ პლანეტაზე ჩვენი სახით გონიერი კონკურენტი გამოუჩნდა: მათ, ჰა-ჰა, უგუნური ვირუსები ვგონივართ. ეგონოთ რა! არადა, მაგ ამპარტავან და ბრიყვ ორფეხა ხერხემლიანებზე გაცილებით ნიჭიერები ვართ. სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში ისეთი ევოლუცია განვიცადეთ, კაცობრიობამ მილიონი წელიც რომ ეცადოს - არაფერი გამოუვა. აი, თუნდაც, ლეთიქობის ამბავი. ადრე მოგახსენეთ, რომ ლეთიქობის ოკუპაცია სამომავლოდ იმიტომ გადავდეთ, რომ ხუთი წლის წინათ შინაგანი წესრიგი იქ გაცილებით მყარი იყო. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა, მაგრამ... მაგრამ არასრული სიმართლეა. ასე განსაჯეთ, სამხედრო საიდუმლოებას თუ არა, ფასეულ ინფორმაციას გაწვდით და ისევ თქვენი უბადლო ტაქტის იმედი მაქვს, ეს ისე, მუქარა არ გეგონოთ. მაშ ასე... მაშინ ჩვენც განუზომლად უფრო სუსტები ვიყავით, ვიდრე დღეს. მაშინდელი ჩვენი ტაქტიკა ერთობ ცალმხრივი, სწორხაზოვანი და მოსაგერიებლადაც შედარებით ადვილი გახლდათ, განსაკუთრებით კი ისეთი ხანგრძლივი საბრძოლო კამპანიისთვის, ლეთიქობის ზონაში რომ იყო მოსალოდნელი. იმხანად მარტივად ვომობდით: შევიჭრებოდით მტრის ორგანიზმში, ვაცამტვერებდით მის იმუნურ სისტემას და პნევმონიით, სარკომით ან კიდევ რაღაც საძაგლობით ვასნებოვნებდით მას. მიკვირს კიდეც, როგორ ვერაფერი მოიგონა ამ უგუნურმა კაცობრიობამ ასეთი უბრალო ტაქტიკის დასაძლევად. მართალია, აქამდე ვერ მოიგონა, მაგრამ ხვალ თუ მოახერხებს და მოიგონებს, რა ვქნათ? ომში ერთი ალაგის ტკეპნა დაუშვებელია, ჰოდა ჩვენც განვაახლეთ შეიარაღება და უსიამო სიურპრიზები მოვუმზადეთ მტერს. თანაც კაცობრიობა რაღაც-რაღაც პროფილაქტიკურ ხრიკებს მაინც გვიპირისპირებს და, საერთოდ, ყოველნაირად გვიშლის ხელს. ეს ერთჯერადი შპრიცებიო, ეს რეზინის ხელთათმანებიო, ეს საერთაშორისი პროგრამებიო, ეს... და ასე შემდეგ. ჩვენ კი მათ ამ ზომებს გაცილებით უფრო ძლიერ იარაღს, საკუთარ ევოლუციას ვუპირისპირებთ! ამ ხუთიოდე წელიწადში ჭეშმარიტად სახელოვანი გზა გავიარეთ, გზა მამაცი, მაგრამ მოუწესრიგებელი ჩხუბისთავებიდან, რთულად აწყობილ, მტკიცე და დისციპლინირებულ ჯარისკაცებამდე. დღეისთვის ჩვენ არათუ შეტევის ძველებური და ნაცადი ხერხები დავხვეწეთ, არამედ უახლესი საბრძოლო საშუალებებით გავამდიდრეთ ჩვენი არსენალები. უთუოდ არ გეცოდინებათ, რომ აქტიური დიპლომატიის წყალობით კოღოების თემთან დავდეთ ხელშეკრულება და ეხლა მათი მეშვეობითაც ვაპირებთ ინფექციის გადატანას, - აბა, წარმოიდგინეთ, რაოდენ ძნელია, განსაკუთრებით დაჭაობებულ ტერიტორიებზე, ასეთ ბომბდამშენ კოღოებთან გამკვლავება! ასევე არც ის გეცოდინებათ, რომ ამიერიდან ადამის მოდგმა ხელის უბრალო ჩამორთმევასაც კი სასტიკად უნდა ერიდოს, არადა ეს ხომ ადამიანთა ურთიერთმისალმების აღიარებული და ტრადიციული ფორმაა. თავს უფლებას მივცემ ერთ პიკანტურ გარემოებას მივაქციო თქვენი ყურადღება: ეთნიკურად გასხვავებული პიროვნებების ხელის ჩამორთმევა გაცილებით მეტ ხიფათთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეთნიკურად ახლობლებისა - ამან კიდევ უფრო უნდა გათიშოს ისედაც