აქილევსის ქუსლი (დედამიწა, კრისტალური მემატიანე, 2122)
დღეს ჩვენ პლანეტას მართავენ სპეციალური მკვრივი მასალისგან გამოძერწილი თხევადკრისტალური კუბები და ეს აღარავის უკვირს.
თუმცა, არა მარტო კუბები. რეგიონს გააჩნია. საზოგადოდ, მოცულობითი გეომეტრიული ფიგურები. მაგალითად, წაკვეთილი პირამიდები, კონუსები, ცილინდრები... ზოგიერთ ეგზოტიკურ რეგიონში ხშირად გვხვდება სფერული ელიფსოიდები და ჰიპერბოლოიდები - განსაკუთრებით, პერუში, ბოლივიაში, ინდონეზიაში, სომალიში, მადაგასკარზე, ზოგიერთ სხვა ადგილებშიც... პერიფერიულ მცირე ოლქებსა და ეროვნულ მუნიციპალიტეტებში დღემდე მოდაშია უბრალო სფეროები და ნახევარსფეროები. მაგრამ ჯამში დედამიწაზე კუბები მაინც დიდ უმრავლესობაშია, პრევალირებენ. ალბათ იმის გამო, რომ კუბი ყველაზე მარტივი და იოლად აღსაქმელი ფიგურაა და თან მთელი ეს სისტემა ოდესღაც, ასი წლის წინათ, სწორედ პირველი კუბით დაიწყო. რა თქმა უნდა, იმხანად ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქვეყნებისა და ხალხების კუბების საშუალებით მართვა დროებითი მეთოდიდან მუდმივის რანგში ინაცვლებდა, თან კი მსოფლიო ომებს აგვაცილებდა, ამას მერე, მოგვიანებით, მიხვდნენ, მოეწონათ და გაუტკბათ...
ექსპლუატაციაში ამჟამად მყოფი მოცულობითი ფიგურები განსხვავდება არა მარტო ფორმით, არამედ ზომებითაც. საზოგადოდ, რაც უფრო დიდია დაქვემდებარებაში მყოფი რეგიონი, მით უფრო ზორბაა შესაბამისი კონსტრუქციაც. ვინაიდან ხელსაწყოების მინიატიურიზაციას თავისი ბუნებრივი ფიზიკური საზღვრები გააჩნია, მსოფლიო რანგის პირველკუბები გამორჩეულად დიდი ტევადობისაა. მაგალითად, ვაშინგტონის კუბის წიბო სიგრძეში თვრამეტ მეტრს აღწევს, პეკინისა თექვსმეტს, მოსკოვისა თხუთმეტს, თეირანისა თორმეტს, ტოკიოსი თერთმეტს, რომის რვანახევარს - კუდაბზიკა იტალიელებმა ნახევარი მეტრი ხელოვნურად წაუმატეს ფელინის ხათრით, პარიზისა და ლონდონის რვა-რვას... ადგილობრივი მნიშვნელობის კუბები თუ პირამიდები კი უფრო მცირე ზომისაა, ზოგი მუნიციპალური კუბი სიგრძე-სიგანეში მეტრსაც კი არ აღემატება, მთავარია შიგ ადამიანის ტვინი ჩაეტიოს. არცთუ იშვიათად კუბებსა და პირამიდებს ადგილობრივი მოსახლეობა სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ზედმეტსახელებსაც კი არქმევს და ეს ბევრგან უკვე ლამის ტრადიციად იქცა: კუბი მაკი, კონუსი ლინდა, სფერო ლაო, პირამიდა ვასიკო, ელიფსოიდი აბდულა, ცილინდრი ჟან-კლოდი...
ასეა თუ ისე, მაგრამ კაცობრიობა, როგორც იქნა, დათანხმდა, შეეგუა და შეეჩვია მმართველობის ესოდენ სპეციფიკურ ფორმას, დიდ განცდებს ამასთან დაკავშირებით მიმდინარე საუკუნეში აღარ განიცდის და თავისი ყოველდღიური პრობლემებითაა დაკავებული. ბიოლოგიამ და დემოგრაფიამ იმუშავეს და გაცხრილეს ადამიანთა მოდგმა, ძველმა თაობებმა ახლებს ასპარეზი ხან ბუნებრივად, ხანაც იძულებით, მაგრამ საბოლოოდ და სამუდამოდ დაუთმეს, ამ ახლებს კი კუბების დიქტატისგან განსხვავებული მართვის წესები არც ახსოვთ, არც აინტერესებთ და ნეიროკომპიუტერების ხშირ-ხშირად ცვლადი მოდელების საკუთარ ჟინზე მორგების გარდა თითქმის არაფერი ადარდებთ... ნუ, ოდნავ კიდევ შეიძლება გამოვყოთ მიმდინარე კოსმოსური კვლევები, მიღწევები თერმობირთვულ სინთეზსა და გამოყენებით ზეგამტარობაში, ან კიდევ ისეთ პრაქტიკულ და გამოყენებით დარგებში, როგორიცაა გერონტოლოგია და აგროტექნოლოგია. ალბათ აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განვითარებული კაცობრიობის მერიტოკრატიულ ზედაფენაში დღეს უაღრესად პოპულარული გახდა გართობის ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, სამგანზომილებიანი ჭადრაკი, დისტანციური მინიფეხბურთი და, განსაკუთრებით, კიბეროლიმპიური თეატრო- და კინომანია თავ-თავისი ყოველწლიური კონკურსებითა და ფესტივალებით. მაგრამ ეგ ყველაფერი ხომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრი და კუთვნილებაა, ფართო მასებს კი მანდ არაფერი ესაქმება.
გასულ საუკუნეში კი ცოტა სხვაგვარად იყო საქმე. ახალი ჩვევები სრულიად დაუნდობელ, უსასტიკეს ბრძოლაში იკვლევდნენ გზას და არც ქრისტეს დაბადებიდან ოცდამეერთე ასწლეულში დაკლებია ჩვენ პლანეტას შუღლი, ცოდვიანი შეხლა-შემოხლა, ომები თუ ნაირნაირი ბუნებრივი კატაკლიზმები. ვულკანის ამოფრქვევას დამანგრებელი მიწისძვრა მოსდევდა ხოლმე, ტყეში უდიერად დაგდებულ სიგარეტის ნამწვს უზარმაზარი ხანძრები, სისხლიც ბლომად დაიღვარა, ნაღმიც ბევრი აფეთქდა და კაცობრიობის მშვიდობიან მომავალს არაერთი ურჩი და ზედმეტად ამბიციური ერიც შეეწირა, მაგრამ... ეგაა, რომ დრო წინა საუკუნეში - უფრო მეორე ნახევრიდან - უმაგალითოდ აჩქარდა და სულ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში (ადრე ამას ათასი წელი მაინც დასჭირდებოდა) დრომოჭმული წარმოდგენებისა და ვნებებისგან მომდინარე წინააღმდეგობა თანდათან ჩაცხრა და ჩაბარდა წარსულს... და ის წინა საუკუნეც უკვალოდ ჩაიკარგა ისტორიაში - ისევე, როგორც ყველა დანარჩენი მანამდე. დღეს კი მხოლოდ ჩვენ, კრისტალურ მემატიანეთა მცირერიცხოვან არმიას, გვაინტერესებს, თუ როგორ და რანაირად ვითარდებოდა მოვლენები დედამიწაზე ადრე, საკუთარი უმეცრების ამარა დარჩენილი ჩვენი წინაპრების ზღვარგადასული თარეშისა და პარპაშის ხანაში. ძველ წიგნებს დღეს ხომ მხოლოდ ჩვენ ვკითხულობთ.
ყველაფერი ეს კი ასი წლის წინათ დაიწყო, შავიზღვისპირეთის ერთ პატარა, თუმცა ამბიციურ და სტრატეგიული თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვან ქვეყანაში, და ისიც სრულიად მოულოდნელად, ერთი გავლენიანი პიროვნების ერთი უცაბედი და გაუთვლელი ნაბიჯის გამო. იმ უბედურმა შემთხვევამ, შეიძლება თამამად ითქვას, ძირეულად და შეუქცევადად შეცვალა კაცობრიობის განვითარების გეზი... რა თქმა უნდა, მას მერე ნუკლეინმჟავათა მაკრომოლელულების გამოყენების საფუძველზე შექმნილი სიმეტრიული თხევადკრისტალური კუბების ტექნოლოგია