უკანასკნელი ფოთოლი
ვაშინგტონ-სკვერის დასავლეთით, ერთ პატარა უბანში, მიღრეცილ-მოღრეცილი ქუჩები, ერთმანეთისაგან მრავალგზის გადაჭრილი და გადაკვეთილი, პატარ-პატარა ნაწილებად დაქუცმაცებულან, რომლებსაც „გასასვლელებს“ უწოდებენ. ეს „გასასვლელები“ საოცარ კუთხეებს ქმნიან. თითო ქუჩა ორჯერ მაინც კვეთს თავის თავს. ოდესღაც ვიღაც მხატვარს ამ ქუჩის ფრიად მნიშვნელოვანი თვისება აღმოუჩენია. წარმოიდგინეთ მაღაზიის მოლარე, რომელიც ნისიად გაცემული საღებავების, ქაღალდისა და ტილოს ანგარიშს ხელში აიღებს და გაემართება ფულის შესაკრებად. მაგრამ სანამ მოვალეებამდე მიაღწევს და ერთ ცენტს მაინც მიიღებს მათგან, გზაში, ქუჩის ბოლოს საკუთარ თავს შეხვდება უკან მომავალს და აღმოაჩენს, რომ ხელცარიელი გამობრუნებულა უკან.
ჰოდა, ამიტომ მალე ამ მიმზიდველი გრინვიჩ-ვილიჯისკენ დაიძრნენ ხელოვანნი. ისინი დაეხეტებოდნენ ქუჩებში, ეძებდნენ იაფფასიან ბინებს მეთვრამეტე საუკუნის ფრონტონებით, ჰოლანდიური სხვენებითა და ჩრდილოეთისაკენ მიმართული ფანჯრებით. შემდეგ მეექვსე ავენიუდან გადმოტვირთეს რამდენიმე სპილენძის ტოლჩა, ორიოდე ტაფა და დააარსეს „კოლონია“.
აგურის სამსართულიანი, ბრტყელი სახლის თავზე სიუსა და ჯონსის სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი. „ჯონსი“ ჯოანას შინაურული სახელი იყო. ერთი კალიფორნიიდან გახლდათ, მეორე კი – მეინიდან. ერთმანეთს მერვე ქუჩაზე შეხვდნენ – ტაბლდოტში(სასადილო, სადაც საერთო მაგიდის გარშემო სადილობენ). აქ გამოირკვა, რომ თურმე სავსებით ეთანხმებოდნენ ერთმანეთს ხელოვნების საკითხებში; ორივეს მოსწონდა ვარდ-კაჭაჭის სალათი და მათი გემოვნება ჩაცმულობის მხრივაც ეხამებოდა ერთმანეთს, რის შედეგადაც გადაწყვიტეს, მოეწყოთ საერთო სახელოსნო.
ეს იყო მაისში. ნოემბერში კოლონიას ცივი, უხილავი უცნობი ესტუმრა, რომელსაც ექიმები პნევმონიანს(ფილტვების ანთება) ეძახიან. ეს ვაჟბატონი ხან ერთს, ხან მეორეს შეახებდა თავის ყინულის თითებს, აღმოსავლეთ უბანში უშიშრად დააბიჯებდა და მალე ათობით მსხვერპლი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ როგორც კი ფეხი შედგა ვიწრო და ხავსმოდებული „გასასვლელების“ ლაბირინთში, ნაბიჯს მოუკლო.
ვერ ვიტყვით, რომ მისტერ პნევმონია დიდად ზრდილობიანი მოხუცი ჯენტლმენი გახლდათ. პატარა სუსტი ქალი, კალიფორნიის ქარებისაგან ისედაც მისუსტებული და სისხლნაკლული, ძლიერ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა იმ წითელმუშტება ქოშინა ბებერს. პნევმონია ადვილად მოერია ჯონსის და ახლა ქალი თითქმის გაუნძრევლად იწვა შეღებილ რკინის საწოლზე. იწვა და ჰოლანდიური პატარა სარკმლიდან გაჰყურებდა მეზობელი სახლის ყრუ კედელს.
ერთ დილას შეწუხებულმა ექიმმა აბურძგნილი, ჭაღარა წარბების მოძრაობით ანიშნა სიუს, დერეფანში გამომყევითო.
– ათის წინააღმდეგ გადარჩენის ერთი შანსი აქვს, – თქვა მან და სიცხის საზომი დაბერტყა, – ეს არის სიცოცხლის სურვილი. ხალხი, რომელიც მეკუბოვეთა სასარგებლოდ მოქმედებს, მთელ ფარმაკოპეას(სახელმძღვანელო ფარმაცევტთათვის) უაზროს ხდის. თქვენმა პატარა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ აღარ მორჩება. რაზე ნაღვლობს, ხომ არ იცით?
– მას... მას ერთ დროს ნეაპოლის უბის დახატვა სურდა, – უთხრა სიუმ.
– დახატვა? სისულელეა! ისეთი ხომ არაფერი უზის ჭკუაში, რაც სერიოზულად დაფიქრებად მაინც ღირდეს... მაგალითად, ვინმე მამაკაცი?
– მამაკაცი? – წარმოთქვა სიუმ ლერწმის სალამურივით მკვეთრი ხმით, – მამაკაცი განა ღირს იმად, რომ... არა, ექიმო, ამის მსგავსი არაფერია.
– მაშინ სისუსტის ბრალი ყოფილა, – დაასკვნა ექიმმა, – ყოველ ღონეს ვიხმარ, გადავარჩინო, გამოვიყენებ მთელ მეცნიერებას, რაზედაც კი მიმიწვდება ხელი, მაგრამ როდესაც პაციენტი თავისი სამგლოვიარო პროცესიის ეტლების თვლას დაიწყებს, მაშინ ნებისმიერი წამლის განმკურნავი ძალა ორმოცდაათი პროცენტით კლებულობს. თუ აიძულებთ მას, ერთხელ მაინც იკითხოს, როგორ მოსასხამებს ატარებენ ამ ზამთარს, მაშინ დაგპირდებით, რომ გვექნება გადარჩენის ერთი შანსი ათის კი არა, ხუთის წინააღმდეგ.
ექიმის წასვლის შემდეგ სიუ სამუშაო ოთახში შებრუნდა. ტირილით გული მოიოხა, ცრემლებით მთლად დაასველა იაპონური ფარჩა, შემდეგ სახატავი დაფა აიღო და საცეკვაო მელოდიის სტვენით მხიარულად შევიდა ჯონსისთან.
ჯონსი ძლივს მოჩანდა საბნის ქვეშ. თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული. სიუმ იფიქრა – სძინავსო და სტვენა შეწყვიტა; დაფა დაამაგრა და ჟურნალისთვის პატარა მოთხრობის ილუსტრაციის ხატვას შეუდგა. ახალგაზრდა მხატვრები იმ მოთხრობების დასურათებით იკაფავენ გზას, რომელთაც დამწყები მწერლები ჟურნალებისათვის წერენ ლიტერატურაში საკუთარი გზის გასაკვლევად.
ჰოდა, როდესაც სიუ ხატავდა მოთხრობის გმირს, აიდაჰოელ კოვბოის მოხდენილი შარვლითა და მონოკლით, ჩურჩულით მოესმა, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა. სიუ სასწრაფოდ მივიდა საწოლთან. ჯონსის ფართოდ გაეხილა თვალები. ფანჯარაში იყურებოდა და ითვლიდა... ითვლიდა უკუღმა.
– თორმეტი, – თქვა მან, ცოტა მოგვიანებით კი – თერთმეტი, ათი, ცხრა, – შემდეგ, – რვა და შვიდი, – თითქმის ერთდროულად წამოიძახა.
შეშინებულმა სიუმ ფანჯარაში გაიხედა. რა იყო იქ დასათვლელი? მოჩანდა მხოლოდ შიშველი, მოწყენილი ეზო და ოციოდე ნაბიჯის იქეთ აგურის სახლის ბნელი კედელი. ძველი, ბებერი, დაგრეხილი და ძირმომპალი უსურვაზი ნახევარ კედელს მოსდებოდა. შემოდგომის ცივ სუნთქვას ის თითქმის სულ გაეძარცვა და გაშიშვლებული ტოტებით დამტვრეულ აგურებს ჩახვეული, ულაზათოდ აჩონჩხლილიყო.
– რა