წინასიტყვაობა საშუალო და უფროსი თაობის ქართველი მკითხველისათვის ო’ჰენრის სახელი კარგად არის ცნობილი. მარტივი მიზეზის გამო - საბჭოთა კავშირში ო’ჰენრის მოთხრობები მილიონიანი ტირაჟებით იბეჭდებოდა, რადგან კომუნისტური ხელისუფლება მასში ველური კაპიტალიზმის მანკიერებათა მამხილებელს, ერთგვარ კრიტიკოსს ხედავდა.
სინამდვილეში, ო’ჰენრი პოლიტიკურად ანდა იდეოლოგიურად ანგაჟირებული ავტორი არასოდეს ყოფილა - წერდა გასართობ, იუმორისტულ, თუმცა, ამავე დროს, „ადამიანურ“ მოთხრობებს ადამიანებზე, რომლებიც მის გვერდით იყვნენ, რომლებსაც იცნობდა და თანაუგრძნობდა. მისი მოთხრობები გამოირჩევა ხალასი იუმორით, სიუჟეტის ორიგინალობითა და მოულოდნელი, ეფექტური ფინალით.
ო’ჰენრი (ნამდვილი სახელია უილიამ სიდნი პორტერი - William Sydney Porter) დაიბადა 1862 წლის 11 სექტემბერს, გრინსბოროში (ჩრდილოეთი კაროლინა), სოფლის ექიმის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა, მამა გალოთდა და იძულებული გახდა, საექიმო პრაქტიკისთვის თავი დაენებებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი აფთიაქში ფარმაცევტობას ეუფლებოდა, ერთხანს იქვე მუშაობდა. მერე ტეხასში გადასახლდა - ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ორი წელი რანჩოზე, კოვბოებს შორის გაატარა. შემდეგ ბუღალტერ-მოლარედ დაიწყო მუშაობა ტეხასის ქალაქ ოსტინის ბანკში, სადაც დასახლდა კიდეც და თორმეტი წელი იცხოვრა. ბანკში მუშაობის პარალელურად გამოსცემდა იუმორისტულ ყოველკვირეულს „როლინგ სტოუნ“, წერდა ფელეტონებსა და იუმორესკებს. უეცარმა რევიზიამ ბანკში ხუთი ათასი დოლარის დანაკლისი აღმოუჩინა - ფულის გაფლანგვა მას დაბრალდა. ამის გამოოო’ჰენრი ქვეყნიდან გაიქცა და ერთი წელი ჰონდურასში ემალებოდა ამერიკის მართლმსაჯულებას. შეერთებულ შტატებში მას შემდეგდდაბრუნდა, როცა გაიგო, რომ ცოლი სასიკვდილოდ ჰყავდა ავად. მართლმსაჯულებას ჩაბარდა, თავდებით გამოუშვეს, ცოლის დასაფლავების საშუალება მისცეს, მერე კი დააპატიმრეს და ხუთი წელი მიუსაჯეს. ო’ჰენრიმ ციხეში დაახლოებით სამი წელი გაატარა (1898-1901, - სანიმუშო ქცევისათვის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს).
ციხის ლაზარეთში იგი პროვიზორად მუშაობდა, იქვე წერდა მოთხრობებს, გამოიგონა ფსევდონიმი, რომლის წარმოშობა ბუნდოვანია. ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბრალოდ ციხის სახელის შემოკლებაა (Ohio Penitentiary). პირველი მოთხრობა ო’ჰენრიმ 1899 წელს, ჯერ კიდევ პატიმრობაში ყოფნისას დაბეჭდა ჟურნალში Mc Clure’s Magazine.
ო’ჰენრიმ საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში კონვეიერივით მუშაობდა. სულ დაწერილი აქვს 278 მოთხრობა. სიცოცხლეში მისი მოთხრობების ათი წიგნი გამოვიდა, გარდაცვალების შემდეგ - კიდევ სამი. ო’ჰენრის ნაწერების სრული კრებული 18 ტომს შეადგენს.
ო’ჰენრი 1910 წლის 5 ივნისს, ნიუ-იორკში, 48 წლის ასაკში სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა, ღვიძლის ციროზისა და დიაბეტისაგან.
ამერიკის ლიტერატურის ისტორიაში მას საკუთარი ადგილი უკავია, როგორც მოკლე მოთხრობის (Short story) დიდოსტატს. მან განავითარა ჟანრი, რომელიც ძირითადად უკვე ჩამოყალიბებული იყო თ. ბ. ოლდრიჩის (Thomas Bailey Aldrich, 1836-1907) შემოქმედებაში.
სიკვდილის წინ ო’ჰენრი თურმე რომანზე ფიქრობდა - კერძო წერილში შენიშნავდა: „ყველაფერი, რაც კი აქამდე დამიწერია, უბრალოდ გართობაა, კალმის ვარჯიშია იმასთან შედარებით, რასაც ერთი წლის შემდეგ დავწერ...“
ქართულ ენაზე ო’ჰენრის მოთხრობების კრებულები რამდენჯერმე გამოიცა:
1955 წელს (10 მოთხრობა - მთარგმნელი მაია ნათაძე); 1958 წელს (9 მოთხრობა - მთარგმნელები: ნინო ლარიონი და პორფილე იაშვილი); 2002 წელს (12 მოთხრობა - მთარგმნელი ზურაბ ცერცვაძე). რამდენიმე მოთხრობა დაიბეჭდა ანთოლოგიებში (ამერიკული ნოველა, 1968, ტ.ი; ამერიკული მოთხრობა, 1983) და პერიოდიკაში („ლიტერატურული ალმანახი“, 1954, #7; „დროშა“, 1969, #3; „საუნჯე“, 1997, #5). 2007 წელს ცალკე ილუსტრირებულ წიგნაკად გამოიცა მოთხრობა „წითელკანიანთა ბელადი“ (მთარგმნელი თამარ გულბანი).