მოქმედება I
რეალითი შოუ — რუსეთი
ქალაქი, რომელიც
სწრაფი ტემპით ცხოვრობს
თუ ღამით მოსკოვის თავზე გადაიფრენთ, დაინახავთ, რომ ქალაქს ფორმას გზების კონცენტრული წრეების წყება აძლევს, ამ უკანასკნელის შუაგულში კი კრემლის პატარა წრეა. მეოცე საუკუნის ბოლოს წრეები მქრქალად, მღვრიე ყვითლად კიაფობდა. მოსკოვი ევროპის განაპირას მდებარე სევდიანი სატელიტი იყო საბჭოთა იმპერიისა, რომლის მინავლული ნაკვერჩხლები ოდნავღა ბჟუტავდა. შემდეგ, ოცდამეერთე საუკუნეში, რაღაც მოხდა: ფული. არასდროს ამდენი ფული დროის ასე მცირე მონაკვეთში ასეთ პატარა ადგილას არ დახვავებულა. ორბიტალური სისტემა შეიცვალა. ქალაქის კონცენტრული წრეები აკაშკაშდნენ ახალი ცათამბჯენებით, ნეონებით, სწრაფი „მაიბახებით“, თავბრუდამხვევი სიჩქარით რომ დაჰქროდნენ და თვალისმომჭრელად ელვარებდნენ. ახალი მოდის რუსები გაჩნდნენ: ყველაზე მდიდრები, ენერგიულები, ყველაზე საშიშნი. ყველაზე მეტი ნავთობითა და ლამაზი ქალებით, და - საუკეთესო წვეულებების მასპინძლები. თუ ადრე მზად იყვნენ, ყველაფერი გაეყიდათ, ახლა ყველაფერს ყიდულობდნენ: საფეხბურთო კლუბებს ლონდონში, საკალათბურთო კლუბებს ნიუ-იორკში, ხელოვნების ნიმუშების კოლექციებს, ბრიტანულ გაზეთებსა და ევროპულ ენერგოკომპანიებს. ვერაფერს გაუგებდი. ისინი ახერხებდნენ, ყოფილიყვნენ უხამსებიც და დახვეწილებიც, ცბიერებიც და გულუბრყვილოებიც. მხოლოდ მოსკოვში ხდებოდა გასაგები მათი ყოფა - ქალაქში, რომელიც ისეთი ტემპით ცხოვრობდა, ისე სწრაფად იცვლებოდა, რომ რეალობის შეგრძნებას კარგავდი; ქალაქში, რომელშიც ბიჭბუჭები თვალის დახამხამებაში მილიარდერები ხდებოდნენ.
„პერფორმანსი“ ქალაქის მოდურ სიტყვად იქცა. ეს იყო სამყარო, სადაც განგსტერები მსახიობები გახდნენ, ავანტიურისტებს პუშკინის ციტატები მოჰყავდათ, ჯოჯოხეთის ანგელოზები ფიქრობდნენ, წმინდანები ვართო. რუსეთში იმდენი ცვლილება მოხდა და ისე სწრაფად - კომუნიზმიდან „პერესტროიკამდე“, შოკური თერაპიიდან სიღარიბემდე, ოლიგარქიიდან მაფიოზურ, მეგა-მდიდრულ სახელმწიფომდე, რომ მის ახალ გმირებს გაუჩნდათ შეგრძნება, თითქოს ცხოვრება ერთი ელვარე მასკარადია, რომელშიც თითოეული როლი, ნებისმიერი მდგომარეობა თუ შეხედულება ცვალებადია. „მე მინდა ყველა იმ პერსონის როლის შესრულება მოვსინჯო, რომელსაც კი მსოფლიო ოდესმე იცნობდა“ - მეუბნებოდა ხოლმე ვლადიკ მამიშევ-მონრო. ის პერფორმანსების მსახიობი და ქალაქის თილისმა იყო, აუცილებელი სტუმარი წვეულებებისა, რომლებსაც აუცილებლად ესწრებოდნენ გორბაჩოვივით, ფაკირივით, ტუტანხამონივით, რუსეთის პრეზიდენტივით ჩაცმული ოლიგარქები და სუპერმოდელები. როცა მოსკოვში პირველად ჩავფრინდი, ეს უზარმაზარი ტრანსფორმაცია ქვეყნის თავისუფლების გამოხატულებად ჩავთვალე - ქვეყნისა, რომელიც თავისუფლებისგან გაგიჟებული სხვადასხვა კოსტიუმებს ირგებდა და პიროვნულობის საზღვრებს იმდენად შორს სწევდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო. პრეზიდენტის რომელიღაც ვეზირი ამას ალბათ „შემოქმედების მწვერვალს“ დაარქმევდა. და მხოლოდ მოგვიანებით, წლების შემდეგ, შევხედე ამ დაუსრულებელ მუტაციას არა როგორც თავისუფლებას, არამედ როგორც რაღაც ფორმას ბოდვისა, რომელშიც შიშისმომგვრელი ტიკინები და ღამის კოშმარის მისტიკოსები დარწმუნდნენ, რომ ისინი თითქმის რეალურები არიან; და მიემართებიან იმისკენ, რასაც პრეზიდენტის იგივე ვეზირი ასე მონათლავდა: „მეხუთე მსოფლიო ომი, პირველი არათანმიმდევრული ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“.
მაგრამ აჯობებს, თანმიმდევრობით მივყვეთ.
მე ტელევიზიაში ვმუშაობ. ნამდვილ ტელევიზიაში. ნამდვილ გასართობში, ზუსტად რომ ვთქვა. 2006 წელს მოსკოვში იმის გამო ჩავფრინდი, რომ იქ სატელევიზიო ინდუსტრიის (ისევე როგორც სხვა ყველაფრის) ბუმი იყო. მე ამ ქვეყანას უკვე ვიცნობდი. 2001 წლიდან მოყოლებული, ანუ იმ დროიდან, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, მეტწილად აქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ხელისუფლების მრჩეველ ორგანიზაციებში და ევროკავშირის პროექტების უმცროს კონსულტანტად მუშაობა ნიშნავდა, რომ რუსეთს „განვითარებაში“ ეხმარებოდი. შემდეგ კინოსკოლაში ვიმუშავე, უფრო მოგვიანებით კი - დოკუმენტური ფილმების ასისტენტად დასავლური ტელევიზიებისთვის. ჩემი მშობლები საბჭოთა კავშირიდან ინგლისში ემიგრაციაში 1970-იან წლებში წავიდნენ, როგორც პოლიტიკური დევნილები, ემიგრანტთა სალაპარაკო რუსული ბავშვობიდან ვიცოდი. ყოველთვის ვაკვირდებოდი, რა ხდებოდა რუსეთში. მსურდა, უფრო მივახლოებოდი მას. ლონდონში ყველაფერი აწონილ-დაწონილი, გაწონასწორებული, პროგნოზირებადი ჩანდა, ამერიკა კი, სადაც ჩემი ემიგრანტი ნათესავები ცხოვრობდნენ - ყველაფრით კმაყოფილი. და ამ დროს რუსები მართლა „ცოცხლად“ გამოიყურებოდნენ, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ყველაფერი შესაძლებელი იყო. ძალიან მინდოდა, ფილმი გადამეღო. ხელი დამეჭირა „ჩაწერის“ ღილაკისთვის, სათანადო ობიექტი ფოკუსში მომექცია და გადამეღო. ავიღე ჩემი კამერა - შონყ ძი, რომელსაც ლითონი აქერცლოდა და საკმაოდ პატარა იყო - ჩანთაში ჩასაგდებად და ყველგან სატარებლად გამოდგებოდა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ იმისთვის ვმუშაობდი კამერით, რომ არ მინდოდა, ეს სამყარო ხელიდან დამსხლტომოდა. ბრმად ვიღებდი და ვიცოდი, რომ ასეთი რამის გადაღების საშუალება აღარასოდეს მექნებოდა. ახალ მოსკოვში ჩემზე მოთხოვნილება იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შემეძლო მაგიური სიტყვები მეთქვა: „მე ლონდონიდან ვარ“. ამ ფრაზას „სეზამ გაიღეს“ მნიშვნელობით აღიქვამდნენ. რუსები დარწმუნებული არიან, რომ ლონდონელები წარმატებული ტელევიზიის ალქიმიურ საიდუმლოებას ფლობენ, რომ ადვილად შეუძლიათ კიდევ ერთი „ჰიტ რეალითი“ თუ ტალანტების შოუ „გამოხადონ“. მნიშვნელობა არ ჰქონდა არც იმას, რომ მე აქამდე მხოლოდ სხვათა მესამეხარისხოვან ასისტენტად ვმუშაობდი. თუნდაც ჩურჩულით