პირველი ნაწილი - დიდი გამთანაბრებელი „ჩვენ უნდა შევუნდოთ მტრებს, მაგრამ არა მანამდე, სანამ მათ ჩამოახრჩობენ“.
ჰაინრიხ ჰაინე
წყეული ნისლი. თვალებში ისე გიძვრება, რამდენიმე ნაბიჯის იქით ვეღარაფერს არჩევ. ყურებს ისე გიქოლავს, რომ აღარაფერი გესმის და თუ მაინც გაიგებ, ვერც იმას ხვდები, საიდან მოდის ხმა. ცხვირს ისე გივსებს, რომ სისველისა და ნესტის გარდა ვეღარაფერს გრძნობ. წყეული ნისლი! მზვერავისთვის ნამდვილი წყევლაა!
რამდენიმე დღით ადრე თეთრი მდინარე გადალახეს, ჩრდილოეთი ზურგს უკან მოიტოვეს და ანგლანდში ჩამოაღწიეს. მას შემდეგ მეძებარი ვერაფრით ისვენებდა. რა გასაკვირი იყო – უცხო მიწაზე ბრმად დაეხეტებოდნენ, სხვების ომის შუაგულში, იქ, სადაც არაფერი ესაქმებოდათ. დანარჩენებიც დაძაბულები იყვნენ. სამმუხას გარდა აქამდე ჩრდილოეთი არცერთ მათგანს არ დაუტოვებია. შეიძლება, უტყვის გამოკლებით – მაგრამ არასოდეს უთქვამს, სადმე უმოგზაურია თუ არა.
რამდენიმე გადამწვარი ფერმა და ერთი სრულიად გაუკაცრიელებული სოფელი გაიარეს. გზად დიდი ოთხკუთხა, კავშირისთვის დამახასიათებელი სახლები ხვდებოდათ.
ალაგ-ალაგ ადამიანებისა და ცხენების კვალს აწყდებოდნენ, თუმცა ჯერ ერთი სულიერიც არ ენახათ. მიუხედავად ამისა, მეძებარმა იცოდა, რომ ბეთოდი სადღაც ახლოს იყო, რომ მისი ლაშქარი მთელ ქვეყანაში გაიფანტა – სხვა ქალაქების გადასაწვავად, მეტი საკვების საშოვნელად, მეტი ხალხის დასახოცად. ათასგვარი არეულობის გამოსაწვევად. ალბათ ყველგან მზვერავები ეყენა. თუ მეძებარს ან დანარჩენებიდან რომელიმეს შეიპყრობდნენ, ისევ მტვრად აქცევდნენ; სწრაფ და უმტკივნეულო სიკვდილზე არც უნდა ეოცნებათ. სისხლიანი ჯვრები სხეულებზე, თავები – სარებზე და ასე შემდეგ; ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა.
თუ კავშირს ჩაუვარდებოდნენ ხელში, სავარაუდოდ, მაშინაც ამოხოცავდნენ. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ომი იყო, ომში კი ხალხი მაინცდამაინც ბევრს არ აჭიანურებს. მეძებარს ეჭვი ეპარებოდა, კეთილგანწყობილი ჩრდილოელის მტრისგან გარჩევაში ვინმეს დრო დაეკარგა. სიცოცხლე ხიფათით იყო სავსე. ეს ვისაც გინდა იმას აანერვიულებდა, მეძებარი კი სიმშვიდით საუკეთესო დროებაშიც არ გამოირჩეოდა.
ამიტომაც ეს წყეული ნისლი ჭრილობაზე მარილივით ეყრებოდა, თუ შეიძლებოდა ასე ეთქვა.
სანამ უკუნში მიიპარებოდნენ, მეძებარს ძალიან მოსწყურდა, ამიტომ გზა სველ ბუჩქნარში გაიკვლია, იქით, საიდანაც მდინარის ჩუხჩუხი ესმოდა. წყლის პირას მუხლებზე დადგა. შლამიანი ნაპირი იყო, დამპალი და მკვდარი ფოთლებით მოფენილი, მაგრამ მეძებარის აზრით, ცოტა ტალახი დიდს არაფერს შეცვლიდა – უკვე იმდენად ბინძური იყო, რამდენადაც შეიძლება იყოს ადამიანი. წყალი პეშვით მოაგროვა და ხარბად დაეწაფა. აქ, ქვემოთ, ხეები არ იყო და სუსტი ნიავი თავისუფლად ქროდა. ნისლი ნაპირთან ნელ-ნელა მოიპარებოდა და წუთში ისევ ქარი ფანტავდა. სწორედ მაშინ დაინახა ის.
პირქვე ეგდო, ფეხები მდინარეში ჩარჩენოდა, წელზემოთა ნაწილი – ნაპირზე. ცოტა ხანს ერთმანეთს მისჩერებოდნენ, გაოგნებულები და გახევებულები. კაცს ზურგიდან გრძელი ჯოხი გამოსჩროდა. გატეხილი შუბი. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ მის წინ მიცვალებული ესვენა.
წყალი გადმოაფურთხა და ნაპირზე აცოცდა, აქეთ-იქით ფრთხილად იყურებოდა და ამოწმებდა, ვინმე ზურგში მახვილის ჩარტყმას ხომ არ უპირებდა. გვამი სიცოცხლეში დაახლოებით ოცდახუთი წლის მამაკაცი იქნებოდა. მოყვითალო თმით, ნაცრისფერ ტუჩებზე შემხმარი გაყავისფერებული სისხლით. დათბილული ქურთუკი, ისეთი, ჯაჭვის პერანგის ქვეშ რომ ატარებენ ხოლმე, ახლა წყლისგან გაჰბეროდა. ესე იგი, მეომარი უნდა ყოფილიყო. ალბათ რაზმს ჩამორჩა და მტერს ჩაუვარდა ხელთ. კავშირელი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა, მკვდარი, მეძებრის ან ნებისმიერი სხვის თვალში მაინცდამაინც განსხვავებულად არ გამოიყურებოდა. ყველა გვამი ერთმანეთს ჰგავს.
– დიდი გამთანაბრებელი, – წაიჩურჩულა ჩაფიქრებულმა მეძებარმა თავისთვის. ასე ეძახდა მთის ხალხი მას. სიკვდილს. ის ყველა განსხვავებას ათანაბრებს. სახელიანებს და არარაობებს, სამხრეთელებს თუ ჩრდილოელებს. საბოლოოდ ყველას დაეპატრონება, მისთვის ყველა ერთია.
გვამი აქ ერთ-ორ დღეზე მეტი არ უნდა წოლილიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მისი მკვლელი შეიძლება ისევ შორიახლო ყოფილიყო და ეს აზრი მეძებარს მოსვენებას უკარგავდა. ახლა ნისლი ძალიან ხმაურიანი ეჩვენებოდა. შეიძლებოდა იქვე ასობით ჩასაფრებული კარლი ყოფილიყო დამალული. ისიც შეიძლებოდა, რომ მხოლოდ მდინარე ეხეთქებოდა ნაპირს ხმაურით. მეძებარმა გვამი წყალში დატოვა და ხეებში ფეხაკრეფით შეიპარა. ნაცრისფერ ბინდში ერთი ხიდან მეორესთან სწრაფ-სწრაფად გადარბოდა.
შემდეგ კინაღამ კიდევ ერთ გვამს წამოჰკრა ფეხი, დახვავებულ ფოთლებში ჩამარხულს, ზურგზე გაშოტილსა და მკლავებგაშლილს. მერე კიდევ ერთ მკვდარს გადააწყდა, გვერდიდან ორი ისარი მოუჩანდა, ტალახში ერთდროულად მუხლებსა და სახეზე ისე დამხობილიყო, რომ ტრაკი ჰაერში დარჩენოდა ამოშვერილი. არავითარი კეთილშობილება სიკვდილში არ არსებობს, ეს უეჭველია. მეძებარი ჩქარობდა, თავისიანებთან დაბრუნებას ვეღარ ითმენდა, უნდოდა მოეყოლა, რაც აქ ნახა. აქაურობას, თავის გვამებიანად, რაც შეიძლება მალე უნდა გასცლოდნენ.
რა თქმა უნდა, თავის დროზე საკმარისი მკვდარი ენახა, უფრო მეტი, ვიდრე