დასასრული
ლოგენი ხეებს შორის მიძვრებოდა, შიშველი ფეხები სველ მიწაზე, ტალახსა და ფიჭვის წიწვებზე უსრიალებდა. მკერდში გული გამალებით უძგერდა და საფეთქლებში სისხლი მძიმედ ურტყამდა. წაბორძიკდა და გვერდულად დაეცა, საკუთარ ნაჯახს კინაღამ მკერდით წამოეგო. მიწაზე გაშხლართული მძიმედ სუნთქავდა და ბნელ ტყეს უცქერდა.
დარწმუნებული იყო, მეძებარი სულ ცოტა ხნის წინ კვალში მოჰყვებოდა, მაგრამ ახლა მისი ნიშანწყალიც არ ჩანდა. დანარჩენების ადგილსამყოფელზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მეთაურიც ამას ჰქვია – საკუთარი ხალხი ასე უგზო-უკვლოდ დაკარგო! გაბრუნებაც შეიძლებოდა, მაგრამ ტყე შანკებით იყო სავსე. ლოგენი ლამის ხედავდა, ხეებს შორის როგორ დაძრწოდნენ. მათ სუნსაც კი მძაფრად გრძნობდა. მარცხნიდან ყვირილის ხმები ისმოდა, ალბათ ბრძოლის. ფრთხილად წამოდგა, ცდილობდა არ ეხმაურა. ტოტების ტკაცუნზე მკვეთრად შებრუნდა.
შუბი უახლოვდებოდა – სწრაფად და შეუბრალებლად. იარაღის მეორე ბოლოს შანკა იდგა.
– ჯანდაბა! – ლოგენი განზე გახტა, მაგრამ ფეხი დაუცდა და პირქვე დაეცა. გვერდზე გადატრიალებისას პატარა ბუჩქი დალეწა. ყოველ წამს შუბის ჩარჭობას ელოდა. ქოშინით წამოდგა. მისკენ მოქნეულ ბასრ შუბის წვერს გახედა, მოხერხებულად აიცილა და მსხვილ ხეს ამოეფარა. როგორც კი გახედვა სცადა, ბრტყელთავიანმა დაისისინა და იარაღი ისევ მოუქნია. ლოგენმა წამით თავი ხის მეორე მხარეს გამოყო, შემდეგ უკან დაიხია, ამჯერად სხვა მხრიდან გამოხტა და ნაჯახი გამაყრუებელი ღრიალით მოიქნია. ხმამაღალი ტკაცანი გაისმა და იარაღი შანკას თავის ქალას ჩაერჭო. უბრალოდ გაუმართლა. თუმცა, ლოგენის აზრით, ცოტაოდენი იღბალი ნამდვილად დაიმსახურა.
ბრტყელთავიანს სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა, ცოტა ხანი თვალები უაზროდ ახამხამა, შემდეგ აქეთ-იქით გადაქანდა და ქვასავით დაეცა, თან ლოგენს თითებიდან ნაჯახი გააგდებინა და მოწინააღმდეგის ფეხებთან უაზროდ შუბის ქნევას მოჰყვა. ლოგენმა საკუთარი იარაღის აღება სცადა, მაგრამ დაცემულ შანკას ხელში როგორღაც შეემაგრებინა შუბის ტარი და უღერებდა.
– აააჰ! – აღმოხდა ლოგენს, როცა შუბის წვერმა ხელიდან ხორცის ნაჭერი აათალა. სახეზე ჩრდილი დაეცა – კიდევ ერთი ბრტყელთავიანი. ხელებგამოწვდილი უზარმაზარი არსება უკვე ჰაერში ეკიდა. ვერც ნაჯახის აღებას მოასწრებდა, ვერც განზე გახტომას. ლოგენმა პირი გააღო, მაგრამ არაფერი უთქვამს, ან კი რა შეიძლება ასეთ დროს თქვა?
სველ მიწაზე ერთდროულად დაეხეთქნენ, ეკლებსა და დამტვრეულ ტოტებში გაგორდნენ. აღრიალებულები ერთმანეთს უმოწყალოდ გლეჯდნენ, სცემდნენ. ლოგენმა თავი ხის ფესვს ისე ძლიერად მიარტყა, რომ კინაღამ დაყრუვდა. სადღაც დანა ჰქონდა, მაგრამ ვერ იხსენებდა, სად. დაღმართზე მიგორავდნენ და მიგორავდნენ, სამყარო შეუჩერებლად უტრიალებდა თვალებში. ლოგენს ტკივილისგან თავბრუ ესხმოდა, მაგრამ ბრტყელთავიანის დახრჩობას მაინც ცდილობდა. ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანდა.
არადა ხეობასთან დაბანაკება თავიდან რა ჭკვიანურ გეგმად ეჩვენებოდა – შეუმჩნევლად ვერავინ მიეპარებოდა. ახლა კი, როცა ლოგენი კლდის კიდისკენ მუცლით მიხოხავდა, იდეამ ხიბლი დაკარგა. თითებით სველ მიწას, ტალახსა და ფიჭვის წიწვებს ეპოტინებოდა. ხელები ვერაფერს ჩაავლო, ვარდნაც დაიწყო და ამოიკვნესა.
შემდეგ ხელებში რაღაც მოხვდა, ხის ფესვი, რომელიც უფსკრულის ნაპირიდან გამოჩრილიყო. ლოგენი ჰაერში ეკიდა, მაგრამ ფესვს ხელებს მაინც არ უშვებდა.
– აჰა! – დაიღრიალა, – აჰა!
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ლოგენ ცხრათითას მოსაკლავად რამდენიმე ბრტყელთავიანი არ კმაროდა. ნაპირზე აძრომა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ფეხებზე რაღაც მძიმე ექაჩებოდა. ლოგენმა ქვევით ჩაიხედა.
ხეობა ძალიან ღრმა იყო – ციცაბო ქვის კლდეებით. ნაპრალიდან აქა-იქ ამოზრდილ ხეებს ფოთლები სივრცეში გაეფარჩხათ. ქვემოთ, სადღაც შორს, სწრაფი მდინარე ბრაზიანად მიედინებოდა, აქაფებული წყალი შავი კლდის ქვებს ეხეთქებოდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცუდი იყო, მაგრამ მთავარი პრობლემა უფრო ახლოს, ლამის ხელის გაწვდენაზე ჰქონდა – კოჭში ვეება შანკა ჩაჰფრენოდა და წინ და უკან ირწეოდა.
– ჯანდაბა, – ჩაიბურტყუნა ლოგენმა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადრეც ყოფილა ცუდ დღეში, მაგრამ როგორღაც გამომძვრალა და შემდეგ იმ ამბებზე სიმღერებიც შეუთხზავს. თუმცა, რთული წარმოსადგენი იყო, ამაზე უარესი რაღა უნდა დამართნოდა. ლოგენი ჩაფიქრდა, საკუთარი ცხოვრება მწარე და უაზრო ეჩვენა. მის სიცოცხლეს კარგი არავისთვის მოუტანია. ძალადობისა და ტკივილის გარდა, მხოლოდ იმედგაცრუება და გასაჭირი ახსოვდა. ხელები უკვე ეღლებოდა, მკლავებზე თითქოს ცეცხლი ეკიდა. უზარმაზარი ბრტყელთავიანი კი ჩავარდნას სულაც არ აპირებდა, პირიქით, ლოგენს ნელ-ნელა ფეხზე აცოცდებოდა. შანკამ თავი ასწია და მეტოქეს მრისხანედ შეუბღვირა.
ლოგენი რომ შანკას ადგილზე ყოფილიყო, სავარაუდოდ ასე იფიქრებდა: „ჩემი სიცოცხლე იმ ფეხზეა დამოკიდებული, რომელზეც ვკიდივარ, ამიტომ გარისკვა არ ღირსო“. ადამიანს მტრის სიკვდილს თავის გადარჩენა ურჩევნია. მაგრამ შანკები სხვანაირად აზროვნებდნენ და ეს ლოგენმაც მშვენივრად იცოდა. ამიტომ არ გაჰკვირვებია, როცა ბრტყელთავიანმა უშველებელი ხახა დააფჩინა და