გლადიატორი ერთმა საშუალოდ ცნობილმა გლადიატორმა აიკიდუსმა უთანასწორო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან, სამართლიან ბრძოლაში დაამარცხა მეორე – დიდი (დიადი) გლადიატორი – ძალოსანი და მარდი, პუბლიკის ნებიერა კარატიუსი. თანაც არამხოლოდ დაამარცხა, არამედ საერთოდ მოკლა... დასცა მიწაზე, მკერდი გაუპო მახვილით და მოაჭრა თავი. აიკიდუსი, კაცმა რომ თქვას, არ იყო განსაკუთრებით ავი კაცი, და მაშასადამე, შეეძლო, პრინციპში, არც მოეკლა კარატიუსი, მაგრამ მან იცოდა, რომ სწორედ ეს კარატიუსი იყო ნებიერა პუბლიკისა.
რიგით მოქალაქეებს, წარჩინებულ ხალხს, სენატორებს, მხედართმთავრებს – ყველას და თვით იმპერატორსაც უყვარდათ იგი. ისინი დაიწყებდნენ: – „ოოო, მოიცა რა! რის მოიგე, რა მოიგე!.. როდის იყო შენნაირებს ეგეთები დაემარცხებინათ?! სარკეში მაინც ჩაგეხედა შე საფრთხობელავ!.. მერე ეს კარატიუსიც მოეგებოდა გონს და დაიწყებდა: – „მე-ე, რას ამბობთ! ვის მაან მე-ე?!.. ამან?!.. – და მოითხოვდა რევანშს. ეს დანარჩენები კი – მოქალაქეები ათასნაირი: სენატორები, მხედართმთავრები, უბრალო მოქალაქეები დაიწყებდნენ: – „ეს შენ შე-ემთხვევით! ეს შენ მო-ულოდნელობით! მიდი, აბა კიდე ეჩხუბე!“ – მერე კი ვინ იცის, როგორ შეტრიალდებოდა ყველაფერი, ისინი ყველანი დადგებოდნენ კარატიუსის მხარეზე. ხოლო კარატიუსი, სიტყვაზე ითქვას და, უნდა აღინიშნოს, სულაც არ გახლდათ თითით ნაკეთი. ასე კი აიკიდუსმა ააღლიტა მას თავი და მორჩა. პუბლიკა დაიშოკა...
კარატიუსის დამმარცხებელ აიკიდუსს მისცეს საშუალება ცოტათი მოეთქვა სული... შემდეგ გამოდის მთავარი მწვრთნელი, კიდებს ხელს აიკიდუსს, მიჰყავს ის არენის ცენტრში და აცხადებს: – ამ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა დიდმა მებრძოლმა კარატიუსმა! – ტრიბუნებიდან ისმის ადამიანთა ქუხილისებური გრგვინვა. აიკიდუსმა გაკვირვებით და ერთგვარი წყენით გადახედა მსაჯსა და აღელვებულ პუბლიკას. მას ესმოდა, რომ მოხდა უბრალო, ღიმილის მომგვრელი, მექანიკური შეცდომა, რომ ადამიანები ატეხავენ სიცილს, შემდეგ კი მსაჯი გაიღიმებს კეთილად და ხმამაღლა გამოაცხადებს, რომ მოხდა ღიმილის მომგვრელი შეცდომა, და, რომ სინამდვილეში გაიმარჯვა არა კარატიუსმა, რომელიც ახლა თავმოკვეთილი წევს სისხლიან არენაზე, არამედ სახელოვანმა მებრძოლმა აიკიდუსმა და ა. შ. მაგრამ ასე არ მოხდა. მსაჯი არ უწევდა გამარჯვებულ აიკიდუსს ხელს, არ ჩქარობდა და, მგონი, არც აპირებდა შეცდომის გამოსწორებას.
აიკიდუსი მონა იყო და, ამიტომ თავაზიანად და წუხილით შეეცადა შეეხსენებინა მსაჯისთვის, რომ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა არა მის მიერ დამარცხებულმა კარატიუსმა, არამედ „მისმა მონა-მორჩილმა“, ანუ მან. მსაჯი ჯერ ცდილობდა მიეღო ისეთი გამომეტყველება, თითქოს ხმაურსა და ღრიანცელში არ ესმოდა გლადიატორისა. მაგრამ როცა ამ უკანასკნელმა თავისი შენიშვნა გაიმეორა კიდევ და კიდევ, და თან პრეტენზიითაც, მსაჯმა ზიზღითა და მოკლედ უპასუხა: – ასე გადაწყვიტა მსაჯთა კოლეგიამ!
აიკიდუსმა დააღო პირი. – ანუ, ეს როგორ?! – თითქმის დაიღრიალა მან, – მე ის მოვკალი, მერე ცხვარივით მოვაჭერი თავი, თქვენ კი მეუბნებით, რომ მან გაიმარჯვა?! – მაგრამ მაყურებლებს არ ესმოდათ მისი, ხოლო კოლიზეუმი გრიალებდა: – კარატიუს! კარატიუს!
აიკიდუსი ამას არ შეეგუა და არ დაემორჩილა თავის მონათმფლობელს, რომელიც მას ხელს უქნევდა კულისებიდან, და ემუქრებოდა კიდევაც მუშტმოღერებით. ტრიბუნები ჩაწყნარდა და ხალხმა გაკვირვებით დაუწყო მომხდარს ყურება. მონა სახალხოდ ამბობდა დამორჩილებაზე უარს, იქნევდა ხელებს და რაღაცას გაჰყვიროდა. ეს იყო არა იმდენად აღმაშფოთებელი, რამდენადაც დაუჯერებელი და უჩვეულო. თანდათან ყველანი დაწყნარდნენ და ცოტა ხანში კოლიზეუმში დამყარდა სიჩუმე. ყველამ დაუგდო ყური მონას. ის კი ისევ და ისევ იმეორებდა:
მე დავამარცხე კარატიუსი პატიოსან ორთაბრძოლაში, ესენი კი, აი, ეს ბღენძები ამბობენ, რომ გამარჯვებული მე კი არა, კარატიუსია, მაგრამ როგორღაა ის გამარჯვებული, როცა აგერ წევს მთლად დაჩეხილი და თავმოკვეთილი!
ეს რომ სადმე სხვაგან მომხდარიყო, აიკიდუსს ერთი მაგრად სცემდნენ და დაამწყვდევდნენ საკანში, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი ხდებოდა საჯაროდ, მონათმფლობელები გრძნობდნენ ერთგვარ უხერხულობას. მალე ტრიბუნებიდან გაისმა მრისხანე შეძახილები: – დაიკარგე აქედან! მოიგე არა ის! შენ ის შემთხვევით მოკალი! საფრთხობელავ მუზარადიანო, სარკეში მაინც ჩაგეხედა, ვენეციურში! სად შეგიძლია შენ კარატიუსისთანა მებრძოლივით ჭიდილი! შენ მოკალი, მან კი გაიმარჯვა! – მაგრამ მწყობრიდან გამოსული გლადიატორის გადარწმუნება არ მოხერხდა. და, მისი სიმართლეც ნამეტნავად თვალსაჩინო იყო. მთავარი პრობლემა კი მდგომარეობდა იმაში, რომ რომის საბრძოლო კანონების თანახმად, დამარცხებულ, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილ გლადიატორს საჯაროდ უნდა ეღიარებინა საკუთარი დამარცხება და მიელოცა გამარჯვებულისთვის, თუ არადა შერკინება უნდა გაგრძელებულიყო. ამ „დამარცხებულს~, ამ დამთხვეულს, ერთი უყურეთ-და, საკუთარი დამარცხების აღიარება არ სურდა, ხოლო ბრძოლის გაგრძელების თაობაზე განკარგულების გაცემა იქნებოდა უაზრობა, რადან „გამარჯვებული“ მკვდარი იყო უკვე.
აქ, არენაზე გამოვიდნენ: რამდენიმე სენატორი, საჩინონი და