არსება, რომელიც შენ გიყვარს თუ ხარ მარტო, თუ უბედობა დაგბედებია, თუ სამყოფლად გრგებია ადგილი, რომელსაც ყველა გაურბის, თუ შენ გარშემო შეკრებილ, ერთი შეხედვით, შენნაირ არსებათა შორისაც ვერ გიპოვია შენი ადგილი და ცოტაოდენი ცვლილებაც კი გაფრთხობს, ჩაქნეული გაქვს ხელი წარსულზე, აწმყოსა და, რაც მთავარია, მომავალზე, მაშინ შენ ბედნიერი კაცი ხარ, რამეთუ შეგიძლია დაინახო ის, რაც შენამდე ჯერ შეიძლება არავის დაუნახავს, რის დანახვაც შენ გარდა არავის ძალუძს, რადგან მხოლოდ ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, შეიძლება დანახვა ყოველივე ამის.
ადგილი? შენი ადგილი ამ ქვეყნად რკინა-ბეტონის იატაკში ჩადუღაბებულ-ჩადუღებული რკინის სამიარუსიანი ნარია. პირველ იარუსზე კულწია წევს. ის არ არის შენზე გავლენიანი, ის, უბრალოდ, ცალფეხაა და ამიტომაც წევს დაბლა, აბა მეორე ან მესამე იარუსზე ხომ არ აძვრება ცალფეხა კაცი? მას აქვს ცალი ფეხი და ის, რასაც ინვალიდი პატიმრები, ეგრეთ წოდებული კრაბები, უწოდებენ კულწიას. კულწია მუხლს ზევით გადაჭრილი ფეხის დარჩენილი ნაჭერია. ამ ნაჭრის გამო კაცსაც კულწიას ეძახიან. კულწიას კულწია ვარდისფერი აპკით არის გადაკრული. ეს აპკი ალბათ ადამიანის სახეცვლილი კანია. ის იქერცლება და ყარს. როცა კულწია შარვალს იხდის, იგი აკეცილი შარვლის ტოტიდან მკვდარი კანის ნამცეცებს და ქერცლებს იატაკზე ბერტყავს. სწორედ ამ დროს დგება ცუდი სუნი. კულწიამ ეს იცის და ამიტომაც ცდილობს ჩქარა შეძვრეს საბნის ქვეშ, რათა რაც შეიძლება ჩქარა დამალოს თავისი კულწია – ვარდისფერაპკგადაკრული, დაბეჟილი ხორცისა და დათეთქვილი ძვლის პატარა არასასიამოვნო ტომარა, რომელიც მუდმივად სტკივა მის პატრონს, მუდმივად მოითხოვს დასრესას და მუდმივად არის უჟმური ხუმრობებისა და ლაპარაკის საგანი – კულწია, რომელზედაც მას, როგორც ბაყვზე, ზოგჯერ ხუმრობით ეპოტინებიან და სთავაზობენ სქესობრივ კავშირს, კულწია, რომლის შეჭმასაც სთავაზობენ შლიუმკის კამბუზიდან დაგვიანებისას, კულწია, რომლის კარტში მოგება სურთ, ან თეოფედრინის ტაბლეტებში გაცვლა – დაბოლოს, კულწია, რომელიც უკვე აღარ არის მხოლოდ თავისი ყოფილი კიდურის დაფეხვილი, ნახევრად სიცოცხლეჩამქრალი, ლპობაშეპარული ნაგლეჯი, არამედ არის კულწიას სავიზიტო ბარათი, მისი სახელი, გვარი, მამის სახელი, ეროვნება და, თუ გნებავთ, პროფესიაც – რადგანაც არ გააჩნია ამ უღიმღამო კაცს სხვა ამაზე უფრო მკაფიო, სხვებისაგან განსხვავებული ნიშანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი კულწიას გააჩნია, ეს მისი საკუთარი კულწიაა!
მეორე იარუსი ეკუთვნის კაცს, რომელსაც დანარჩენები უწოდებენ მარქსს. მარქსს უყვარს მარქსის კითხვა, ენგელსისაც; კითხულობს აგრეთვე ლენინს და განსაკუთრებული სისასტიკით – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. მას აქვს ყურმოტეხილი სათვალე, რომელსაც იგი ძველი „ტრუსიდან“ ამოღებული, მოფომფლოებული რეზინით იმაგრებს თავზე. მარქსს უყვარს გათბობის ნელ-თბილ რადიატორზე სუხარების გამოშრობა. ის აქეთ-იქით მიმოიხედავს ხოლმე თავისი მსუნაგი, უნდობლობით გაზინთული მზერით, მერე ფაქიზად გადამალულ საკუთარ „ზატოჩკას“ ამოიღებს სამალავიდან და პატარ-პატარა ნაჭრებად ჭრის რუხ ლორწოვან პურს სუხარებად. ეს „ზატოჩკა“ უკვე ძალზე დიდი ხანია აქვს მარქსს – საეჭვოდ დიდი ხანი. სხვებისაგან განსხვავებით, ის ძალიან ფაქიზად უფრთხილდება იმ მცირედ, მაგრამ საჭირო ნივთებს, რომელთა ქონაც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყველას აქვს. „ზატოჩკები“, ყაისნაღები, „ბრიტვები“, წყლის თვითნაკეთი მადუღარები – ეს ის ნივთებია, რომელთაც მათ მფლობელებს გაუთავებლად ართმევენ გაუთავებელი ჩხრეკების დროს – ყველას, გარდა მარქსისა, რადგანაც მარქსმა იცის საკუთარი ნივთების სხვანაირი, განსაკუთრებული დამალვა – ფაქიზი. მარქსი, გარკვეულწილად, სულელია. მართალია, უყვარს ლაპარაკი პოლიტიკაზე, აქვს მიდრეკილება, წეროს საჩივრები სხვადასხვა ინსტანციაში, უწეროს სხვებს საჩივრები... განსაკუთრებით უყვარს მარქსს ადმინისტრაციის ზედაფენების წარმომადგენლების წინაშე თავისი ცოდნით ბრავირება და ციტირება იმისა, თუ რას წერს ამა თუ იმ პრობლემის შესახებ ესა თუ ის ავტორი, დავუშვათ, მარქსი ან ენგელსი თავის თხზულებათა ამა და ამ ტომში, ამა და ამ თავში, ამა და ამ გვერდზე და ამა და ამ აბზაცში. მარქსს განსაკუთრებით უყვარს ზამპოლიტი – უკვე ხანში შესული რეგვენი პოდპოლკოვნიკი, რომელიც მალე პენსიაზე აპირებს გასვლას, რომელსაც რატომღაც პოდპოლკოვნიკის ქუდის ნაცვლად, საპოლკოვნიკე ფაფახი ახურავს თავზე და რომელიც მასავით, მარქსივით, სულელია. ზამპოლიტს ზოგჯერ თავისი ხელით მოაქვს მარქსისთვის წიგნები, აღებინებს მორიგეს ძირითად, რკინით შეჭედილ კარს, დგება მეორე დამხმარე გისოსებიან კართან პოდპოლკოვნიკის საპარადო, მაგრამ უკვე შელახულ, ცოტათი უსუფთაო შინელში გამოწყობილი, პოლკოვნიკის ფაფახით თავდაბურული და ებაასება მარქსს მარქსიზმის საფუძვლებზე, საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტსა და ჩერჩილის როლზე მეორე მსოფლიო ომში. სალაღობო სანახავნი არიან ამ დროს ისინი – ზამპოლიტი ჰგავს ბრძენ მოძღვარს, ხოლო მარქსი მის, თუმცა ხშირად ურჩ და ნაკადულივით დაუდეგარ, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო ნიჭიერ,