წვიმა ძილის დრო ახლოვდებოდა. დილით კი უკვე მიწა უნდა გამოჩენილიყო. ექიმმა მაკფეილმა ჩიბუხს მოუკიდა, გემბანის მოაჯირს დაეყრდნო და ცაში სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედს დაუწყო ძებნა. ფრონტზე ორი წლის ყოფნისა და იქ მიღებული ჭრილობის შემდეგ, რომელიც ძნელად უხორცდებოდა, სიამეს ჰგვრიდა იმის გახსენება, აპიაში, ამ მყუდრო ადგილას, სულ ცოტა, თორმეტიოდე თვეს მაინც დავისვენებო. მოგზაურობაც საგრძნობლად მოუხდა. მეორე დღეს მგზავრების ნაწილი პაგო-პაგოში ჩადიოდა, ამიტომ საღამოთი ცეკვების მსგავსი რაღაც მოაწყვეს გემზე. ექიმ მაკფეილს ჯერ ისევ ჩაქუჩივით უკაკუნებდა ყურებში მექანიკური პიანინოს მჭახე ხმა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, გემზე სიწყნარე ჩამოვარდა. იქვე ახლოს გრძელ შეზლონგზე შეამჩნია თავისი ცოლი, რომელიც დევიდსონებს ესაუბრებოდა და მათკენ გაეშურა. სინათლის ქვეშ დაჯდა და ქუდი მოიხადა. თმა ძალზე წითური ჰქონდა, კეფა გამელოტებული, სახის კანი კი - წითური ადამიანისთვის დამახასიათებელი ჭორფლით დაწინწკლული. ეს იყო ორმოციოდე წლის გამხდარი, მოგრძოსახიანი, აკურატული და ოდნავ პედანტი მამაკაცი. ლაპარაკობდა შოტლანდიური აქცენტით, ყოველთვის დინჯად და ხმადაბლა.
მაკფეილებსა და მისიონერ ცოლ-ქმარ დევიდსონებს შორის დამყარდა თავისებური მეგობრობა, რომელიც ერთნაირი გემოვნებით კი არა, მგზავრობაში ყოველდღიური სიახლოვით წარმოიქმნება ხოლმე. მათი ურთიერთობის მთავარი მიზეზი კი იმ მგზავრთა ძაგება გახლდათ, რომელნიც თამბაქოს მოსაწევ ოთახში პოკერის თუ ბრიჯის თამაშსა და სმაში ათენებდნენ და აღამებდნენ. მისის მაკფეილი ოდნავ ამაყობდა კიდეც, დევიდსონები მათ რომ თავს არ არიდებდნენ გემზე. ექიმი მაკფეილიც, მორცხვი და ჭკუადამჯდარი ადამიანი, ერთგვარად ნასიამოვნები იყო ამით. მაგრამ რაკი საერთოდ კამათი უყვარდა, იმ საღამოს კაიუტაში დაბრუნებისას თავს ნება დართო ცოლს წაბუზღუნებოდა.
- მისის დევიდსონმა მითხრა, არ ვიცი, როგორ ავიტანდით ამ მოგზაურობას, თქვენ რომ არ ყოფილიყავითო. სხვებთან არც ღირს ნაცნობობაო, - დაიწყო მისის მაკფეილმა და ჩვეული მარჯვე მოძრაობით ჩამოივარცხნა თმა.
- ჩემი აზრით, მისიონერი არცთუ ისეთი დიდი ვინმეა, როგორც იბღინძება.
- ეს გაბღენძა არ არის. შესანიშნავად მესმის მათი. დევიდსონებს არ შეჰფერით თამბაქოს მოსაწევი სალონის უხეშ საზოგადოებაში გარევა.
- მათი რელიგიის ფუძემდებელი ასეთი წუნია არ ყოფილა, - ჩაიცინა ექიმმა.
- რამდენჯერ გთხოვე, რელიგიაზე ნუ ხუმრობ-მეთქი, - შენიშნა ცოლმა, - მადლობა ღმერთს, ხასიათით არ გგავარ. ადამიანებში კარგ მხარეს ვერ ამჩნევ, ალეკ.
მაკფეილმა ღია ცისფერი თვალებით ცერად გახედა ცოლს, მაგრამ პასუხი არ გაუცია. ცოლქმრული ცხოვრების მრავალმა წელმა დიდი ხანია დაარწმუნა, რომ ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად უკანასკნელი სიტყვა ყოველთვის ცოლს უნდა დარჩენოდა. მან უფრო ადრე გაიხადა, ზედა საწოლზე ავიდა და ძილის წინ საკითხავად მოეწყო.
დილით ექიმი გემბანზე რომ გამოვიდა, კუნძული უკვე სულ ახლოს მოჩანდა. ხარბად მიაჩერდა ნაპირს. სანაპიროს ვიწრო ვერცხლისფერ ზოლს იქით მწვერვალებამდე მწვანით შემოსილი ციცაბო მთები აღმართულიყვნენ. ზურმუხტისფერი ქოქოსის პალმების ხშირი ტყე თითქმის ზღვის პირამდე აღწევდა. პალმებს შორის სამოელთა მოწნული ქოხები მოჩანდა. თეთრად ქათქათებდნენ აქა-იქ გაბნეული პატარა ეკლესიები. გემბანზე მისის დევიდსონი გამოვიდა და ექიმის გვერდით გაჩერდა. შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ყელზე ოქროსძეწკვიანი პატარა ჯვარი ეკიდა, ეს გახლდათ გულდასმით თმადავარცხნილი, გახუნებული წაბლისფერთმიანი და გადმოკარკლულ ცისფერ თვალებზე პენსნეაფარებული ტანმორჩილი ქალი. ცხვარივით ჩამოგრძელებული სახე უბრალო იერს როდი აძლევდა. პირიქით, მის გამომეტყველებაში სიფხიზლე და ენერგიულობა იგრძნობოდა. სწრაფი მოძრაობით რომელიღაც ფრინველს მოგაგონებდათ, ყველაზე უცნაური კი მაინც ხმა ჰქონდა - მაღალი, ფოლადნარევი და ყოველგვარ ინტონაციას მოკლებული, პნევმატიკური ბურღის ზუზუნის ულმობელი ერთფეროვნებით რომ ესობოდა ყურის აპკს და ნერვებს აღიზიანებდა.
- თქვენ ალბათ უკვე შინ გრძნობთ თავს, - უთხრა ექიმმა მაკფეილმა მისთვის ჩვეული უფერული, რაღაც წამებული ღიმილით.
- ჩვენი კუნძულები ამათ არა ჰგავს, ისინი ბრტყელია, მარჯნისა, ესენი კი ვულკანური წარმოშობისაა. ათი დღის მოგზაურობა კიდევ მოგვიწევს, სანამ შინ მივაღწევთ.
- ეს იგივეა, რაც ჩვენს სამშობლოში შემდეგი ქუჩა, - იხუმრა ექიმმა.
- გააზვიადეთ, რასაკვირველია, მაგრამ სამხრეთ ზღვებში მანძილი სხვანაირად გამოიყურება. ამ მხრივ სავსებით მართალი ბრძანდებით.
ექიმმა მაკფეილმა ოდნავ შესამჩნევად ამოიოხრა.
- კიდევ კარგი, ამ კუნძულებზე არ არის ჩვენი მისია, - განაგრძო მისის დევიდსონმა, - ამბობენ, აქ მუშაობა შეუძლებელიაო: ბევრი გემი შემოდის, ეს კი რყვნის მოსახლეობას. გარდა ამისა, აქ სამხედრო ხომალდებიც დგანან, რაც თავის მხრივ ცუდ გავლენას ახდენს მათზე. ჩვენს მხარეში ასეთი სიძნელეები არ გვხვდება. რასაკვირველია, იქაც ცხოვრობს ორი-სამი მედუქნე, მაგრამ თვალს ვადევნებთ, რომ წესიერად მოიქცნენ, არადა, ისეთ დღეს დავაყრით, ურჩევნიათ სულ გადაიკარგონ იქიდან.
მან პენსნე გაისწორა და ულმობელი მზერა მიაპყრო მწვანე კუნძულს.
-