საბაჟო: შესავალი "ალისფერი დამღისათვის" ცოტა არ იყოს და გასაოცარი ამბავია – თუმცაღა არც ბუხრის პირას და არც მეგობართა წრეში საკუთარ თავსა თუ საქმეებზე ბევრი ლაპარაკი არ მჩვევია, ცხოვრებაში ორჯერ შემიპყრო დაუძლეველმა სურვილმა საზოგადოებისათვის ჩემი თავგადასავალი მომეთხრო. პირველად ეს სამი-ოთხი წლის წინათ მოხდა, როდესაც მსმენელთა კეთილგანწყობით მოურიდებლად ვისარგებლე – და იმ უბადრუკი მიზეზის გამო, რომელსაც ვერც ყველაზე შემწყნარებელი მკითხველი გამიგებს და არც ყველაზე აბეზარი ავტორი მიიჩნევს გონივრულად – აღვწერე ჩემი ცხოვრების მდინარება "პასტორის ძველი სახლის" უკაცრიელ მდუმარებაში. და ახლაც – რადგანაც წინა ჯერზე სრულიად დაუმსახურებელი პატივი მერგო და ორიოდე მსმენელი გამომიჩნდა – გადავწყვიტე კიდევ ერთხელ შეგაწყინოთ თავი და საბაჟოზე გატარებული სამი წლის შესახებ მოგითხროთ. ცნობილ ნაწარმოებს "პ. პ. – ამ მრევლის დიაკვანი(ალექსანდრ პოუპის სატირული ნაწარმოები, გაჯერებული ვრცელი და არაფრისმომცემი აღწერებითა და მოგონებებით. )" არასოდეს ჰყოლია უფრო ერთგული მიმბაძველი. თუმცაღა კი სიმართლე მაინც ისაა, რომ, როდესაც ავტორი თავის ხელნაწერებს ქარს ატანს, ფიქრობს არა იმ უმრავლესობაზე, რომელიც მის წიგნს ხელში აღებისთანავე გვერდზე მოისვრის, არამედ იმ ორიოდე ადამიანზე, რომლებიც უკეთ გაუგებენ, ვიდრე მისი სკოლისა თუ მოწიფულობის ასაკის მეგობართა უმეტესობა. ზოგიერთი მწერალი კიდევ უფრო შორს მიდის და თავს იმგვარი გულახდილობის უფლებას აძლევს, თითქოს მის წიგნს მხოლოდ ის ერთადერთი და განსაკუთრებული არსება წაიკითხავს, რომელიც ჭეშმარიტად თანაუგრძნობს მას; თითქოსდა დაბეჭდილ, ქვეყნის სამსჯავროზე გამოტანილ ნაწარმოებს შეეძლოს, მიზანდასახულად გაიკვლიოს გზა ავტორის ბუნების თანამოზიარე რჩეულთა გულებამდე და ამგვარად მწერლის გარშემო თანამოაზრეთა წრე შეკრას. მე მაინც მგონია, რომ არ არის ლამაზი, როცა ადამიანი დაუფარავად ფქვავს ყველაფერს თუნდაც წარმოსახული პერსონაჟის შესახებ. მაგრამ რაკიღა ორატორს, თუკი იგი თავის მსმენელს ბოლომდე არ გადაუშლის გულს, აზრები გაურბის და ენაც ებორკება – შეგვიძლია თხრობისას წარმოვიდგინოთ, რომ ამ ყველაფერს ვუყვებით მეგობარს, გულკეთილსა და გულისხმიერს, მაგრამ არცთუ ძალიან ახლობელს. და რაკიღა მისი გულითადი თანაგრძნობა ჩვენს თანდაყოლილ სიმორცხვეს თოვლივით ადნობს, დაე, ვილაყბოთ გარემომცველ სამყაროზეც და საკუთარ თავზედაც, ოღონდ ჩვენი სულის ყველაზე სანუკვარ საიდუმლოებებს კი საბურველს ნუ ავხდით. ამგვარად და ამ ჩარჩოების დაცვით ავტორი, ჩემი აზრით, შეძლებს დაწეროს ავტობიოგრაფიული თხზულება ისე, რომ არც საკუთარ თავს ავნოს და არც მკითხველი დატოვოს გულნაკლული.
ასევე დავინახავთ, რომ წიგნის ეს მონაკვეთი, რომელშიც საბაჟოს ყოფა-ცხოვრებაა ასახული, ლიტერატურის მიერ აღიარებული წესებისა და კანონების დაცვითაა შედგენილი; იგი განმარტავს, თუ როგორ ჩამივარდა ხელში წინამდებარე ფურცლების ეს მოზრდილი დასტა, რომელიც ჩემ მიერ მოთხრობილი ამბის უტყუარობის დასტურია. უმთავრესი მიზეზი კი, რომელმაც, ფაქტობრივად, მაიძულა მკითხველისთვის პირადად მიმემართა, ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოებისათვის ნათლის მოფენის სურვილია: მე მხოლოდ რედაქტორის ან ოდნავ უფრო მეტი წვლილი თუ მიმიძღვის ამ თხზულების შექმნაში, რომელიც, ალბათ, უვრცესია იმათგან, რასაც კი ჩემი ხელმოწერა დაამშვენებს. ხოლო ამ მთავარი მიზნის აღსასრულებლად თავს ნებას ვაძლევ, რამდენიმე დამატებითი შტრიხით, მინიშნებით მაინც აღგიწეროთ ცხოვრების ის წესი, რომელზედაც ადრე არაფერი გვითქვამს და პერსონაჟები, რომელთა შორისაც, შემთხვევითობის წყალობით, ავტორიც მოხვდა.
ჩემი მშობლიური ქალაქი სალემი ნახევარი საუკუნის წინათ, მოხუცი მეფე დერბის(ელიას ჰასკიტ დერბი (1739-1799) – ცნობილი ვაჭარი, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნეში სალემი საზღვაო ვაჭრობის ცენტრად აქცია.) დროს, ხალხმრავალი ნავსადგური იყო, თუმცა ამჟამად იქაურობა ხის დამპალი საწყობებითაა გადავსებული და აღებ-მიცემობაც ლამის სულს ღაფავს. იქით რამდენიმე ბარკა ან ბრიგი – ჯერ ბოლომდე გადმოუტვირთავი – სანახევროდ წყლის ნაღვლიან სიღრმეში ჩაძირულა; აქეთ ნოვა სკოტიიდან მოსულ შეშით დატვირთულ შხუნას ცლიან. ნავსადგური, როგორც უკვე გითხარით, თითქმის დაუნგრევია ხშირ-ხშირად გადავლილ ტალღებს; შენობების საძირკვლებსა და ტროტუარებზე უხვად მოდებული ბალახი კი უსაქმობაში გატარებულ მრავალ წელიწადზე მოგვითხრობს. აქვე დგას აგურის დიდი შენობა, რომლის წინა ფანჯრებიც არცთუ ხალხმრავალ მთავარ გამზირს, მის იქით კი ნავსადგურს გადაჰყურებს. ამ შენობის წაწვეტებულ სახურავზე ყოველდღე ზუსტად ოთხის ნახევრიდან შეგიძლიათ დაინახოთ თავდახრილი ანდა ნიავისგან აფრიალებული რესპუბლიკის დროშა, მისი ცამეტი შვეული ხაზი მიგვითითებს, რომ აქ ძია სემის მთავრობის სამოქალაქო პლაცდარმია განთავსებული; სამხედრო დაწესებულებებს კი, ტრადიციულად, თარაზულხაზებიანი ალამი ამშვენებს. შენობის ფასადს ნახევარი დუჟინი ხის სვეტისაგან შეკრული პორტიკი ამკობს, იგი იჭერს აივანს, რომლის ქვეშაც გრანიტის ფართო საფეხურების წყება ქუჩისაკენ ეშვება. შემოსასვლელში ჰკიდია უზარმაზარი ამერიკული არწივი გაშლილი ფრთებით, მკერდზე მიბჯენილი ფარით და თუ სწორად მახსენდება, კლანჭებში ერთ კონად შეკრული მშვილდები და წვერწამახული ისრები უჭირავს. იმ ჩვეულ ავზნიანობას, რომელიც ამ მუხთალ ფრინველს ახასიათებს,