შესავალი როცა მწერალი თავის ქმნილებას რომანტიკულ რომანს არქმევს, ამით გვაგრძნობინებს, რომ იტოვებს უფლებას გარკვეული თავისუფლებისა მასალის არჩევისას და იმ მოვლენების აღწერისას, რომელზეც თავს უფლებამოსილად არ მიიჩნევდა, რეალისტური რომანის დაწერა რომ ჩაეფიქრებინა. ასეთი ტიპის რომანი აიძულებს ავტორს, დარჩეს გარკვეულ ჩარჩოებში, არა მხოლოდ სავარაუდო და სიმართლის მსგავს ჩარჩოებში, არამედ უფრო მეტიც, ჩვეულებრივისა და ყოველდღიურის. რომანტიკული რომანი, ისე, როგორც ხელოვნების ყველა ნაწარმოები, მკაცრად ემორჩილება ჟანრის კანონებს და თუ ზოგჯერ ადამიანური გრძნობების სიმართლეს ღალატობს, ამით მიუტევებელ შეცდომას სჩადის, მაგრამ, ამასთან ერთად, ასეთი სახის რომანის შემქმნელს არ ეკრძალება ასახოს ეს სიმართლე იმ გარემოებების წრეში, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის მწერლურ მიდრეკილებებსა თუ წარმოსახვის თამაშზე. თავის თხზულებაში მას შეუძლია შექმნას ნებისმიერი სახის გარემო ან ატმოსფერო, რომელიც კი მის გულთან ახლოა. თავის ტილოზე მას შეუძლია ჩაამუქოს ფერები ან უფრო ააჭრელოს, შუქჩრდილები დაუმატოს და კონტურები ჩააღრმავოს. მისი ოსტატობა იმით უნდა გამოიხატოს, რომ ისარგებლოს ზემოთ მოყვანილი პრინციპებით გონივრულად და ფრთხილად და, რაც მთავარია, არ გადატვირთოს მონათხრობი სხვადასხვა სასწაულით. მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ისინი ფაქიზი, არომატული სანელებლებია კერძისათვის, რომლითაც უნდა გაუმასპინძლდეს პატივცემულ საზოგადოებას. თუმცა მაშინაც კი, თუ ის უხვად გააჯერებს თავის თხზულებას სხვადასხვა სუნელით, მას ლიტერატურულ დანაშაულში ბრალს არ დასდებენ.
შემოთავაზებულ თხზულებაში ავტორი ისწრაფოდა, განუხრელად დაეცვა ეს წესი. წარმატებით გაართვა თუ არა თავი ამ ამოცანას, საბედნიეროდ მისი განსასჯელი არ არის. მისი მონათხრობი, რა თქმა უნდა, რომანტიკული ხასიათისაა, რადგან მასში ავტორი ცდილობს დააკავშიროს წარსული აწმყოსთან, რომელიც მუდამ გვისხლტება ხელიდან. ეს არის ლეგენდა, შორეული, ჭაღარა ეპოქიდან რომ შემოდის დღევანდელ კაშკაშა დღის სინათლეში და თან მოაქვს უჩვეულო ნისლი. მაგრამ თუ მკითხველს ნისლი არ უყვარს, შეუძლია ვერც კი შეამჩნიოს, ან, თუნდაც ნუ დაიჩივლებს მაინც, როცა ლეგენდის მსუბუქი ღრუბელი ძლიერი ფერწერულობისათვის გარს აკრავს მოთხრობის გმირებს. შეიძლება ჩვენი მონათხრობი მართლაც უშუალოდ ეფუძნება ისეთ ჩვეულებრივ ამბებს, რომ ავტორმა უნებურად შეალამაზა კიდეც ისინი, რაც მას საკმაოდ მძიმე შრომად დაუჯდა.
თანამედროვე ავტორებს უყვართ, ელაპარაკონ მკითხველს მორალზე, რომელიც აუცილებლად არის ჩადებული ამა თუ იმ თხზულებაში. მოდას რომ არ ჩამორჩეს, ამ მოთხრობის ავტორმაც ასევე მოიმარჯვა მორალი, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი ჭეშმარიტება, რომ დანაშაული, რომელიც ოდესღაც ჩაიდინეს აწ გარდაცვლილმა ადამიანებმა, თავს იჩენს მათი შთამომავლობის საქმეებში და ოდესღაც ჩადენილი ცოდვა გადაიქცევა ნამდვილ, მოქმედებებში აღვირახსნილ ბოროტებად – და მართლაც ბედნიერება იქნებოდა, თუ მისი რომანტიკული მოთხრობა დაარწმუნებდა მთელ კაცობრიობას, ან, უარეს შემთხვევაში, ერთ ადამიანს მაინც იმაში, რომ არაფერია იმაზე უფრო დიდი უგუნურება, ვიდრე ის, რომ ბედუკუღმართ შთამომავლებს უმართებულო გზით მოპოვებული ოქროს ზვავი ან მდიდარი მამულები დავაყაროთ თავზე, დავასახიჩროთ და ვტანჯოთ ისინი მანამ, სანამ ეს დაგროვებული საგანძური არ განიავდება, წვრილ ნაწილაკებად არ მოედება მთელ ქვეყანას. სიმართლე რომ ითქვას, ავტორი არც მთლად ისეთი გამოუსწორებელი ფანტაზიორია, რომ მსგავს ეფემერულ იმედს ჩაეჭიდოს. შემთხზველი ასწავლის მკითხველს თავისი რომანებით, გაანათლებს ადამიანის სულს იმაზე უფრო ფაქიზი საშუალებებით, ვიდრე ანბანური ჭეშმარიტებებია. ფუჭი საქმიანობაა – ააცვა მოთხრობის რგოლები ზნეობრივი მოძღვრების მთავარ ღერძზე, ან, უფრო სწორად, წამოაგო ქინძისთავზე, როგორც პეპელა: ამის შედეგად ის მაშინვე უსიცოცხლო სხეულად იქცევა, არაბუნებრივ, აბსურდულ პოზაში მოკრუნჩხულად. მაღალი ჭეშმარიტება ოსტატურად, დახვეწილად და ფაქიზად გამოხატული, გახსნისკენ მიმავალი ფაბულის ყოველ ხვეულზე რომ ბრწყინავს და ფაბულის კვანძის გახსნას აგვირგვინებს, შესაძლოა მას არტისტულ მშვენიერებას მატებს, მაგრამ ის არასდროს არის უფრო ჭეშმარიტი და იშვიათად არის უფრო ცხადი ბოლო გვერდზე, ვიდრე პირველ გვერდზე.
მკითხველმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მოთხრო-ბის ეს გამოგონილი მოვლენები სრულიად რეალურ ადგილზე ხდებოდა. ნუ შეზღუდავთ ავტორს გარკვეულ ამბებზე მინიშნებით (რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩანაფიქრისათვის), ის შეეცადა თავიდან აერიდებინა ყოველგვარი მინიშნება. რომანი ისედაც არ მოეწონებათ და რატომ უნდა ვაქციოთ ის დაუნდობელი და ძალიან სახიფათო საყვედურების სამიზნედ გამოგონილი ამბების დღევანდელი დღის რეალობასთან გადახლართვით? ავტორი ხომ არც აპირებდა, აღეწერა ადგილობრივი ადათ-წესები და მით უმეტეს იმას, რომ განესაჯა საზოგადოების ტიპური ნიშან-თვისებები, საზოგადოებისა, რომლის მიმართ პატივისცემით არის გამსჭვალული. ამიტომ დაე მას უსაყვედურონ, რომ ქუჩა გაიყვანა არავის მიწაზე, მიითვისა უპატრონო ადგილ-მამულები და ააშენა სახლი იმ მასალებით, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა საჰაერო კოშკების ასაგებად. ამ მოთხრობის გმირები, როგორც უნდა ტრაბახობდნენ ისინი თავიანთი მაღალი