სიჭაბუკის ელექსირი
მოხუცმა ექიმმა ჰაიდეგერმა, რომელიც თავისი უცნაურობებით იყო ცნობილი, ერთხელ თავის კაბინეტში ოთხი საპატიო მეგობარი მიიწვია. ესენი გახლდნენ სამი ჭაღარაწვერიანი ჯენტლმენი - მისტერ მედბერნი, პოლკოვნიკი კილიგრუ და მისტერ გასკოინი, აგრეთვე ჩამომჭკნარი ლედი, უიჩერლის ქვრივი, როგორც მას უწოდებდნენ. ოთხივე სევდიანი, მოსაწყენი მოხუცი იყო, რომელთაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ, მათი მთავარი უბედურება კი ეს იყო, რომ ამ ქვეყანას მეტისმეტად დიდხანს შემორჩნენ. მისტერ მედბერნმა, ოდესღაც, გაფურჩქვნის ხანაში მდიდარმა ვაჭარმა მთელი თავისი ფული ერთ სარისკო სპეკულაციაზე დაკარგა და ახლა თითქმის მათხოვრულ არსებობას მიაჩანჩალებდა. პოლკოვნიკმა კილიგრუმ თავისი საუკეთესო წლები, ჯანმრთელობა და ქონება ცოდვიან სიამოვნებათა დევნაში დახარჯა, რომლებმაც მას ხორციელ და სულიერ სნეულებათა მთელი გროვა დაუტოვეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ავადმყოფობაზე, როგორიცაა ნიკრისის ქარი. მისტერ გასკოინი კომპრომეტირებული პოლიტიკური მოღვაწე იყო, ადამიანი, რომელიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა - ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ დროებამ არ გააქრო იგი ახლანდელი თაობის თვალსაწიერიდან, იგი აღარავის ახსოვდა და სწორედ ამან იხსნა სამარცხვინო ბოძისგან. რაც შეეხება უიჩერლის ქვრივს, როგორც ამბობდნენ, ახალგაზრდობაში სახელგანთქმული მზეთუნახავი იყო, მაგრამ უკვე მრავალი წელი განმარტოებულ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, რადგან ზოგიერთმა სკანდალურმა ისტორიამ ადგილობრივი საზოგადოება მის წინააღმდეგ აამხედრა. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ აქ ჩამოთვლილი სამივე მოხუცი ჯენტლმენი, მისტერ მედბერნი, პოლკოვნიკი კილიგრუ და მისტერ გასკოინი თავის დროზე უიჩერლის ქვრივზე იყვნენ გამიჯნურებულნი და ოდესღაც ერთმანეთს კინაღამ ყელი გამოსჭრეს. და სანამ თხრობას გავაგრძელებდე, გაკვრით აღვნიშნავ, რომ ექიმ ჰაიდეგერსაც და მის ყველა სტუმარსაც ისეთ ადამიანებად თვლიდნენ, რომლებიც მთლად თავიანთ ჭკუაზე ვერ არიან, რაც ხშირად ემართებათ იმ მოხუცებს, რომლებსაც მრავალი საზრუნავი ან მწარე მოგონებები ტანჯავთ.
- ძვირფასო მეგობრებო, - თქვა ექიმმა ჰაიდეგერმა და ჟესტით ანიშნა მათ დამსხდარიყვნენ, - მინდა გთხოვოთ, მონაწილეობა მიიღოთ ერთ-ერთ იმ პატარა ცდაში, რომლებითაც ზოგჯერ აქ, ჩემს კაბინეტში ვერთობი.
თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ექიმ ჰაიდეგერის კაბინეტი საოცრებათა ნამდვილ სათავსოს წარმოადგენდა. ეს იყო აბლაბუდებით სავსე, მტვრის სქელი ფენით დაფარული, ნახევრად ბნელი ძველმოდური ოთახი. კედლების გასწვრივ წიგნების რამდენიმე მუხის კარადა იდგა, რომელთა ქვედა თაროებზეც ჩამწკრივებული იყო უზარმაზარი, გოთიკური შრიფტით დამშვენებული ფოლიანტები, ხოლო ზედა თაროებზე - პერგამენტის ყდიანი ტომები. შუა კარადიდან ამაყად გვიმზერდა ჰიპოკრატეს ბრინჯაოს ბიუსტი, რომელსაც, ზოგიერთი გადმოცემით, ექიმი ჰაიდეგერი, თავისი ჩვეულებისამებრ, თავისი პრაქტიკის მძიმე წუთებში რჩევას ეკითხებოდა. ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში მაღალი და ვიწრო მუხის კარადა იდგა, რომლის გამოღებულ კარში მართალია ძნელად, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მასში მოთავსებული ადამიანის ჩონჩხის გარჩევა. ორ კარადას შორის დრო-ჟამისგან ჩამუქებული, ოქროსჩარჩოიანი, მტვრით დაფარული სარკე ეკიდა, რომელზეც საოცარი ხმები დადიოდა. ამბობდნენ, მაგალითად, რომ მასში ექიმის ყველა გარდაცვლილი პაციენტის სული ცხოვრობდა და სარკესთან ექიმის ყოველ მიახლოებაზე თვალებში აშტერდებოდნენ. მოპირდაპირე კედელს აბრეშუმის, ფარჩისა და ატლასის დიდებულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალბატონის დიდი ნახატი ამშვენებდა, რომლის ფერებიც დროის დინებას გაეფერმკრთალებინა, ისევე როგორც ბრწყინვალე ლედის სახის ფერები. დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ ექიმ ჰაიდეგერს ამ ახალგაზრდა ქალბატონზე უნდა ექორწინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ლედიმ ოდნავ შეუძლოდ იგრძნო თავი, საქმროს რეცეპტის მიხედვით მომზადებული წამალი დალია და ქორწინების წინა დღეს გარდაიცვალა. ახლა კი კაბინეტის მთავარი ღირსშესანიშნაობა უნდა მოვიხსენიოთ: იგი გახლდათ მძიმე, სქელი, შავ ტყავის ყდაში აკინძული ფოლიანტი, მასიური ვერცხლის საკეტებით. ყდაზე არაფერი ეწერა და არავინ იცოდა წიგნის სახელწოდება, მხოლოდ ცნობილი იყო, რომ ეს ჯადოსნური წიგნი გახლდათ; ერთხელ მსახურმა ქალმა მტვრის გადასაწმენდად აიღო იგი - და მაშინვე ჩონჩხმა ააჩხარუნა ძვლები თავის კარადაში, ახალგაზრდა ლედიმ პორტრეტიდან იატაკზე გადმოდგა ფეხი, სარკიდან რამდენიმე საშინელმა სიფათმა გამოიხედა, ხოლო ჰიპოკრატეს ბრინჯაოს თავი შეიჭმუხნა და წარმოთქვა: „ფრთხილად!“
ასეთი გახლდათ ექიმ ჰაიდეგერის კაბინეტი. იმ მზიან დღეს, რომელსაც ახლა ვიხსენებთ, ოთახის შუაში შავი ხის პატარა მრგვალი მაგიდა იდგა, მასზე კი - კეთილშობილური ფორმის ნატიფი ბროლის თასი. მზის სხივები ძველ, გამოხუნებულ ფარდებში აღწევდა და პირდაპირ თასს ეფინებოდა, ხოლო მათი ანარეკლი ხუთივე მოხუცის ჩაჟამულ სახეს ანათებდა. იქვე, მაგიდაზე, ოთხი დიდი ჭიქა იდო.
- ძვირფასო მეგობრებო, - გაიმეორა ექიმმა ჰაიდეგერმა, - გადავწყვიტე, ძალზე საინტერესო ცდა ჩავატარო, მაგრამ ამისთვის თქვენი დახმარება მჭირდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექიმი ჰაიდეგერი მეტად უცნაური მოხუცი ჯენტლმენი გახლდათ და მისი ექსცენტრიკული ხასიათი ათასგვარი ფანტასტიკური მითქმა-მოთქმის საბაბს იძლეოდა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ამ ჭორებში მეც მიმიძღვის ბრალი