მკითხველს ეს პირველი წიგნია და ავტორმა იმ ამბებზე დაწერა, რაც ახლა შორსაა და დაკარგულია, მაგრამ ოდესღაც მისი ცხოვრების შემადგენელი იყო. ამდენად, თუ რომელიმე მკითხველი იტყვის, წიგნი ავტობიოგრაფიულიაო, ავტორი ვერაფერს უპასუხებს; მისი აზრით, ყველა სერიოზული პროზაული ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ უფრო ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, ვიდრე, ვთქვათ, „გულივერის მოგზაურობა“.
თუმცა ეს შენიშვნა უმთავრესად მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ავტორი იცნობდა წიგნის ფურცლებზე აღწერილ პერიოდში. ამ ადამიანებს იმას ეტყოდა, რასაც თვითონაც მიხვდნენ: რომ ეს წიგნი დაიწერა მიამიტი და გაშიშვლებული სულით, და რომ მწერლის მთავარი საზრუნავი იყო, თავის ნაწარმოებში სრულყოფილად, ცოცხლად და მძაფრად აღეწერა ამბები და ხალხი. ახლა, როცა ის უნდა გამოქვეყნდეს, დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რომ ეს წიგნი გამონაგონია და არც ერთი კონკრეტული ადამიანის პორტრეტი არ ჩაუფიქრებია.
მაგრამ ჩვენ ვართ ერთობლიობა საკუთარი ცხოვრების ყველა მომენტისა. ყველაფერი, რაც ჩვენშია, ამ მომენტებშიცაა; ვერც გავექცევით და ვერც დავმალავთ. თუკი მწერალი წიგნის შესაქმნელად ცხოვრების თიხას იყენებს, ეს ნიშნავს, რომ იმ მასალით ქმნის, რითაც ყველა უნდა ქმნიდეს, ამას გვერდს ვერავინ აუვლის. პროზა არ არის ფაქტი, მაგრამ პროზა მაინც ფაქტია – შერჩეული და გაცნობიერებული, პროზა ფაქტია, მოწყობილი და დამუხტული გარკვეული მიზნით. დოქტორი ჯონსონი(სემუელ ჯონსონი (1709-1784) – ინგლისელი კრიტიკოსი, ლექსიკოგრაფი და ესეისტი.) აღნიშნავდა, კაცმა მთელი ბიბლიოთეკა უნდა გადაფურცლოს ერთი წიგნის დასაწერადო: ასევე რომანისტმა ქალაქელების ნახევარზე მეტს უნდა გადაავლოს თვალი ერთი პერსონაჟის შესაქმნელად. ცხადია, მხოლოდ ეს არ არის მეთოდი, მაგრამ მწერალს სჯერა, რომ მიანიშნებს, თუ როგორ შეიქმნა წიგნი, რომელიც დაწერილია არც ისე შორი მანძილიდან, მტრული ან ბოროტი განზრახვის გარეშე.