გრაფი დ’ორჟელის მეჯლისი
ნუთუ ქალბატონი დ’ორჟელის სიყვარული ძველმოდურია? მოვალეობის გრძნობისა და რბილი ხასიათის ამგვარი შერწყმა ჩვენ დროში შეიძლება წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს, თვით ფერადკანიან ან კრეოლ ადამიანშიც კი. ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ დღეს სიწმინდე ნაკლებად ფასობს, რადგან ადამიანები თავისუფალ კავშირებში მეტ ხიბლს პოულობენ.
იმ ქალებს, ვინც ქალბატონ დ’ორჟელს ან მეტისმეტად პატიოსნად ან მეტისმეტად დამყოლ პიროვნებად თვლიან, მხოლოდ ის შეგვიძლია ვუთხრათ, რომ სუფთა სულის გაუცნობიერებელი ქმედებები ეშმაკურ ხლართებზე ბევრად ღირებულია.
მაო დ’ორჟელი წარმოშობით გრიმოარ დე ლა ვერბერის ოჯახიდან იყო, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე თავისი დიდებით გამოირჩეოდა, რის მისაღწევადაც ისინი დიდად არ გარჯილან. ვერბერიებისგან განსხვავებით სხვა ოჯახები საკუთარ კეთილშობილ წარმომავლობას ხელსაყრელ მომენტს უმადლოდნენ. ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება მათთვის სიმშვიდის გარანტი დიდხანს ნამდვილად ვერ იქნებოდა. გრიმოარები იყვნენ პირველნი მათ შორის, ვის გამოც ლუი ხიიი-მ ფეოდალური ძალაუფლების შესუსტება გადაწყვიტა. ოჯახის უფროსი ამ დამცირებას ვერ შეეგუა და საფრანგეთი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამგვარად, ისინი მარტინიკზე დაფუძდნენ.
კუნძულზე მარკიზ დე ლა ვერბერიმ ისეთივე ძალაუფლება მოიპოვა, როგორიც მის წინაპრებს ოდესღაც ორლეანელ გლეხებზე ჰქონდათ. ის შაქრის ლერწმის პლანტაციის მეპატრონე გახდა. მან არა მარტო მასში გამჯდარი მებატონის ინსტინქტი დაიკმაყოფილა, არამედ ქონებაც გააორმაგა.
ჩვენ ამ ოჯახის ხასიათის მეტამორფოზის მოწმე გავხდებით, ვნახავთ, თუ ამ მშვენიერი მზის ქვეშ როგორ ქრებოდა ნელ-ნელა ის ამპარტავნობა, რომელიც აქამდე ამ გვარს ხელს უშლიდა. გრიმოარებმა გაუსხიპავი ხის მსგავსად თავისი ტოტებით მთელი კუნძული გადაფარეს. ახალჩამოსულთა წარმატების ერთადერთი გარანტი ამ ოჯახთან ნათესაური კავშირის დამყარება იყო. ამიტომაც, კუნძულზე ჩამოსვლისთანავე გასპარ ტაშერ დე ლა პაჟერის უპირველესი საზრუნავი მათთან შორეული ნათესაური კავშირების აღმოჩენა გახდა. ერთ-ერთი გრიმოარის რომელიღაც ტაშერის ქალიშვილზე დაქორწინებამ ამ ორი გვარის სათუო ნათესაური კავშირი გაამყარა. წლები გადიოდა. გრიმოარებთან სიახლოვე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტაშერებს გარშემო მყოფთა პატივისცემა დაემსახურებინათ. მათ მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მარი-ჟოზეფ ტაშერი საფრანგეთში გაემგზავრა და ვინმე ბოარნეზე, დომინგოს პლანტაციების მეპატრონის ვაჟიშვილზე დაქორწინდა.
განქორწინების გამო მხოლოდ გრიმოარების ოჯახი არ ჰკიცხავდა ჟოზეფინს. სწორედ ამ უკანასკნელმა ამცნო მათ რევოლუცის დაწყება, რასაც გრიმოარები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მათთვის აუტანელი იყო ის აზრი, რომ ქვეყნის სათავეში კიდევ დიდხანს დარჩენლიყო ოჯახი, რომელმაც მათ მთელი უფლებები წაართვა. თავიდან შეიძლება ეგონათ კიდეც, რომ რევოლუცია სენიორების მოწყობილი იყო; მაგრამ, როდესაც საფრანგეთში რეალურად არსებული სიტუაცია შეიტყვეს, თავმოკვეთილთა გაკიცხვა დაიწყეს, რადგან ლუი ხიიი-ს დროს მათსავით ქვეყანა არ დატოვეს. ავის მოსურნე მეზობლების მსგავსად, ძველ კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებს შორიდან უთვალთვალებდნენ. თავიდან ეს რევოლუცია მათ ართობდათ კიდეც. ბიძაშვილის ბონაპარტზე ქორწინებაზე მეტად უცნაური სხვა რა უნდა ყოფილიყო. იმპერიის გამოცხადებამ, რაშიც ისინი რევოლუციის აპოთეოზს ხედავდნენ, მათ უსაზღვრო სიხარული მიანიჭა. ტიტულები და ქონება ციდან ფეიერვერკად იფრქვეოდა. ამ უზარმაზარმა მასკარადმა, სადაც კეთილშობილი გვარის აღება პრობლემას აღარ წარმოადგენდა, ეს ძირძველი გვარი შეურაცხყო. მარტინიკი საოცარმა არეულობამ მოიცვა. ეს მშვენიერი კუნძული თვალის დახამხამებაში დაცარიელდა. ჟოზეფინი სამეფო კარზე თავისი შეჭირვებული, მაგრამ ძველი გვარის ნათესავების წარმოჩენას ცდილობდა. მას პირველ რიგში სწორედ გრიმოარები გაახსენდა, რომლებმაც მისი მიწვევა არ მიიღეს. მათი მხრიდან ჟოზეფინის უარყოფა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. მარკიზმა მას ჭკუის დამრიგებლური წერილიც კი მისწერა, სადაც უხსნიდა, რომ არსებულ სიტუაციას იგი სერიოზულად არ აღიქვამდა. გრიმოარმა მას საკუთარი ჭერიც კი შესთავაზა. იმპერიისადმი მისმა სიძულვილმა ახლა უკვე მთელი ძალით იფეთქა, რასაც აქამდე ნათესაური კავშირის გამო ფარავდა.
შეიძლება გასაოცარი იყოს, რომ გრიმოარების მრავალსაუკუნოვანი ოჯახის ცხოვრებაზე თვალის გადავლებისას, ჩვენი ყურადღების ცენტრში მარტო ერთი პერსონაჟი აღმოჩნდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენთვის მთავარი არა ეს გვარი, არამედ მათი ცხოვრების მრწამსია. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მადმუაზელ გრიმოარ დე ლა ვერბერი მშვენიერი ცის ქვეშ ჰამაკში სანებივროდ დაბადებული, მოკლებულია იმ იარაღს, რომელიც ნებისმიერი წარმომავლობის პარიზელ ქალს გააჩნია.
ოჯახის წევრებს მაოს დაბადება დიდად არ გახარებიათ. ქალბატონი გრიმოარ დე ლა ვერბერის აქამდე ჩვილი ბავშვი არასდროს ენახა და როდესაც მას ახალშობილი მაო უჩვენეს, ქალს, რომელმაც მშობიარობის ტანჯვა დიდი სიმამაცით გადაიტანა, ბავშვის დანახვაზე გული წაუვიდა, რადგან ეგონა, რომ ქვეყნად ურჩხული მოავლინა. პირველ შოკს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია. პატარა მაოს მუდამ ეჭვის თვალით აკვირდებოდნენ. დედას ის დიდხანს მუნჯი ეგონა, რადგან ენა საკმაოდ გვიან აიდგა.
ქალბატონი გრიმოარი მეორე ბავშვის გაჩენას მოუთმენლად ელოდა იმ