„პოეზია – სიტყვა დროში!“
„პოეზია არის დიალოგი ადამიანისა, საერთოდ ადამიანისა თავის დროსთან! დრო არის პოეზიის მთავარი მოტივი!“ – ეს გახლავთ ესპანეთის „მეორე ოქროს საუკუნის“ გამორჩეული პოეტისა და პროზაიკოსის ანტონიო მაჩადოს ეთიკური და ესთეტიკური კრედო, რასაც მთელი სიცოცხლე ერთგულად იცავდა და რის გამოც ხალხმა პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად „დონ ანტონიო ესპანელი“ უწოდა.
ანტონიო მაჩადოს მთელი შემოქმედება ექოა იმ დროისა, რომელშიც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ეს დრო კი მეტად რთული იყო საერთოდ, და მით უფრო მისი სამშობლოსთვის. რომის იმპერიის მერე აღიარებული ეს დიდი იმპერია მარცხს მარცხზე განიცდიდა, ჯერ სასტიკად დამარცხდა ესპანეთ-ამერიკის ომში – დაკარგა თითქმის ყველა კოლონია, რასაც მოჰყვა მონარქიის დაცემა, პრიმო დე რივერას დიქტატურის დამყარება, სახალხო მღელვარება, ფაშისტური ამბოხი, სამოქალაქო ომი, ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა, ქაოსი. ქვეყანას ევროპის განაპირა პროვინციად გადაქცევის საშიშროება დაემუქრა. „იმ გოლიათისგან დღეს მხოლოდ ჩონჩხი ძევს“ – წერდა მაშინ ანტონიო მაჩადო. მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ამ შეჭირვების ჟამს ისეთი ძალით იფეთქა ესპანურმა მხატვრულმა თუ ფილოსოფიურმა გენიამ, რასაც ქვეყანა „პირველი ოქროს საუკუნის“ მერე არ ღირსებია; ამ დროს გამოჩნდა მოაზროვნეთა და შემოქმედთა ისეთი კოჰორტა – მიგელ დე უნამუნო, რამონ დელ ვალიე-ინკლანი, ორტეგა ი გასეტი, ბაროხა, ხუან რამონ ხიმენესი, გარსია ლორკა და თავად მაჩადო – რომელთაც არა მარტო თავიანთ სამშობლოს, არამედ მსოფლიო კულტურის საგანძურს შესძინეს ფასდაუდებელი შედევრები.
სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებდა დაკანონებული უკანონობა, საზოგადოებრივი აზრის შეგნებული ჩახშობა, უფრო და უფრო მწვავდებოდა სოციალური კონფლიქტები, აშკარად დაუპირისპირდა ერთმანეთს პიროვნება და ხალხი, ელიტა და მასა, სწორედ ეს თაობა, ეს მოაზროვნე ადამიანები, ფიქრობდნენ და იღვწოდნენ ეროვნული ცხოვრების ყველაზე მტკივნეული საკითხების გადაჭრის გზებზე. ამ ფიქრმა მიიყვანა ისინი ისეთ მხატვრული გამოსახვის საშუალებებამდე, რამაც შეიძინა უნივერსალური, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა, რითიც ესპანური ლიტერატურა გამოირჩევა და დღემდე ინარჩუნებს თვითმყოფადობას როგორც მხატვრული, ისე იდეური თვალსაზრისით. ანტონიო მაჩადო, ისევე როგორც არაერთი მისი თანამოაზრე, შექმნილმა ვითარებამ დააყენა აუცილებლობის წინაშე, გადაეხედა და გაეთვალისწინებინა ქვეყნის ისტორიული გზა, ეროვნული, ფილოსოფიური თუ მხატვრული ფასეულობანი და თავისი სიტყვა ეთქვა, მით უმეტეს, რომ მისთვის ისტორია იყო არა მხოლოდ ეპოქათა მონაცვლეობა, დროის ბუნებრივი დინება, არამედ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობა; ამიტომ მიმართავდა თანამედროვე და მომდევნო თაობებს – „მე ვბედავ და ვურჩევ მათ, რაც შეიძლება მეტი სიმტკიცე გამოიჩინონ საკუთარი თავის მიმართ, ცხადად გაიაზრონ და განჭვრიტონ საკუთარი შემოქმედების ძირეული პრობლემები“... რადგან „სამშობლო არ არის ოდენ მემკვიდრეობით ნაანდერძევი ადგილ-მამული, რომელიც ჩვენგან მოითხოვს მხოლოდ მტრისაგან დაცვას; უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლო იქმნება მარადიულად და შემოგვრჩება ისევ კულტურისა და დიდი გარჯის წყალობით“.
იმ საბედისწერო ჟამს, როდესაც ბევრი მისი თანამოძმე და მომხრე იძულებული გახდა ემიგრაციაში გადახვეწილიყო (ვალიე-ინკლანი, ორტეგა ი გასეტი, ხიმენესი, უნამუნო იზოლაციაში, შინაპატიმრობაში გარდაიცვალა, პირველი მსხვერპლი იყო გარსია ლორკა, რომელსაც მაჩადომ უძღვნა ლექსი „ეს მოხდა გრანადაში“), ანტონიო მაჩადო ვერ გატეხა შექმნილმა ვითარებამ, იგი გამოდიოდა მიტინგებზე, წერდა მწვავე პუბლიცისტურ წერილებს, მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში, იდევნებოდა, იძულებული იყო ქალაქიდან ქალაქში გადასულიყო, ბოლოს კი, უკვე იმედდაკარგული და ილაჯგაწყვეტილი, იძულებული გახდა დაჰყოლოდა თანამებრძოლთა რჩევას, რომელთაც იგი სანიტარული მანქანით საფრანგეთისკენ გაამგზავრეს; მათ მხოლოდ საფრანგეთის სასაზღვრო ქალაქ კოლიურამდე მიაღწიეს, მაგრამ დაღლილი და ჯანმრთელობაშერყეული პოეტი გარდაიცვალა 2 თებერვალს, 1939 წელს დაკრძალეს პატარა სოფლის სასაფლაოზე, მოგვიანებით ახალგაზრდებმა სასაფლაო წმინდა ადგილად შერაცხეს.
***
ოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული მაჩადო აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, ლიტერატურულ და ფილოსოფიურ ჩანაწერებს, აბელ მარტინისა და ხუან დე მაირენას ფსევდონიმით, რომელიც 1936 წელს გააერთიანა კრებულში „ხუან დე მაირენა. სენტენციები, აზრები, შენიშვნები და მოგონებები ერთი აპოკრიფული პროფესორისა“, სადაც გამჟღავნდა კიდეც მისი ფსევდონიმის საიდუმლოც. ეს არის ორიგინალური ფორმისა და შინაარსის, ერთი იდეით გაერთიანებული, თავისუფალი კომპოზიციის ნაწარმოები, რასაც ანტონიო მაჩადო ასე განმარტავს: „ჩვენ არ უნდა ვქმნიდეთ რაღაც განსაკუთრებულ სამყაროს, სადაც ეგოისტურად დავტკბებოდით ჩვენივე საკუთარი თავის ჭვრეტით, არ უნდა ვქმნიდეთ ისეთ გარემოს, რაც სხვისთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იქნებოდა“... და რომ მწერალმა უნდა ეძიოს და წარმოგვიდგინოს არა მარტო საკუთარი „მე“, არამედ „შენც“ და „ისიც“. ამ მეტად თავისებურ ნაწარმოებში გვხვდება ავტორის შეხედულებები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, ცალკეულ პიროვნებებზე, მოვლენებზე, საკუთარ განცდებსა და გრძნობებზე, შთაბეჭდილებებზე. ხშირად გვხვდება დიალოგის ფორმაც, რომელშიც მონაწილეობს ან უნდა მონაწილეობდეს მკითხველიც, რომელმაც ავტორთან ერთად უნდა იგრძნოს, რომ დგება ჰუმანიზმის