ბლენჰეიმების საგვარეულო სახლი
მსურს მოგითხროთ ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ, რომელმაც პატარა დასახლება დარსტონის მოსახლეობა გვარიანად შეაშინა, ხოლო ქალაქის თავი საგონებელში ჩააგდო. ჟურნალგაზეთებში არ წყდებოდა ამ შემთხვევისადმი საგანგებოდ მიძღვნილი სტატიების ბეჭდვა, რომლის ერთერთი მთავარი გმირი, სრულიად მოულოდნელად, მეც აღმოვჩნდი.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ უნივერსიტეტში ხანმოკლე არდადეგების გამოცხადების შემდეგ, დარსტონის დასახლებას ვესტუმრე. მსურდა რამდენიმე დღე ჩემს მშობლიურ ქალაქში გამეტარებინა და ცოტა ხნით სწავლაზე აღარ მეფიქრა. სახლში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ბაბუამ ააშენა, მხოლოდ მე და მოხუცი მოსამსახურე ქალბატონი ვიმყოფებოდით. ჩემი ჩამოსვლის დღისთვის მოსამსახურემ, მისის მედფორდმა, სახლი საგანგებოდ მოაწესრიგა და რადგან უკვე გვიანი შემოდგომა იდგა, ბუხარიც დაანთო.
მისის მედფორდი წლების განმავლობაში ჩემს მშობლებს ემსახურებოდა და უკვე ოჯახის წევრად ჰყავდათ მიღებული. დედას მისის მედფორდი განსაკუთრებით უყვარდა. მართალია, დრომ თავისი კვალი ყველაფერს დაამჩნია, მაგრამ დარსტონში ჩასულს სახლის კარი მოხუცმა ჩვეული თავაზიანობით და თბილი ღიმილით გამიღო.
მისტერ ედმონ! გაუხარდა ქალბატონს და მიუხედავად იმისა, რომ მხრამდეც ვერ მწვდებოდა, შეეცადა გადამხვეოდა, ღმერთო, როგორ გაზრდილხართ! უკვე ორი წელია აღარ მინახიხართ! მისის ედმონი როგორ არის? მოსამსახურე ახლაღა მიხვდა ღამე რომ იყო და საკმაოდ ციოდა. ამიტომ სახლში სასწრაფოდ შემიშვა და სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა.
აქეთ რა ხდება, მისის მედფორდ? დარსტონში ხომ მშვიდობაა?! ვკითხე ღიმილით, როცა მოსამსახურის გაბრწყინებულ სახეს შევხედე.
აი, დაბრძანდით, ქალმა თითქოს კითხვა ვერ გაიგო და ბუხართან ყველაზე ახლოს მდგარი სავარძლისკენ მიმითითა. როცა მისი მოთხოვნა შევასრულე, მხოლოდ მაშინ მიპასუხა: ჩვენსკენ მშვიდობაა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მამათქვენი ბოლოს ერთი კვირის წინ იყო აქეთ. ქალაქის თავს შეხვდა, მისის მედფორდი ჩაფიქრდა, დიახ, კიდევ პროფესორმა, რიჩარდ ჩარლზსტონმა ორი კვირის წინ, დარსტონთან ახლოს მამული შეიძინა.
ამ ინფორმაციამ მეც ძალიან დამაინტერესა. პროფესორი ჩარლზსტონი იმავე უნივერსიტეტში მუშაობდა, სადაც მე ვსწავლობდი. საკმაოდ მდიდარი და ცნობილი ადამიანი გახლდათ. მე მხოლოდ ოცდასამი წლის ვიყავი და მასთან პირადად გასაუბრების შესაძლებლობა რამდენჯერმე ძლივს მოვახერხე. ისიც ძირითადად იმ დროს, როცა სასადილოს რიგში ერთად მოგვიწია დგომა. მაშინაც მხოლოდ იმაზე საუბრობდა, რა უტვინო იყო სასადილოს უფროსი და რომ აუცილებლად იშუამდგომლებდა რექტორთან მის გადაყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, პროფესორმა დანაპირები არ შეასრულა, რადგან საკმაოდ გულკეთილი პიროვნება იყო. მას ძალიან უყვარდა თავგადასავლები. სისხლის სამართალში ლექციის დროს ხშირად მოუყოლია კრიმინალდამნაშავეთა შესახებ, რომელთა დაკავებაში მასაც მიუძღვოდა გარკვეული წვლილი.
დარსტონთან ახლოს რაიმე მამული მდებარეობს, მისის მედფორდ? დავინტერესდი. ამასობაში მოსამსახურეს ჩემთვის უკვე ჩაი გაემზადებინა და წინ, მაგიდაზე დაედგა. მოსასხამი გავიხადე და იქვე დივანზე დავდე. მისის მედფორდი ჩემთან ახლოს ჩამოჯდა.
როგორ არა, დარსტონიდან ოცი კილომეტრითაც არ იქნება დაშორებული. თუ არ მეშლება, მე18 საუკუნის ბოლოს ააშენეს. საკმაოდ დიდი სახლია. აქამდე ბლენჰეიმების ოჯახს ეკუთვნოდა, ახლა კი პროფესორის ხელში გადავიდა. ამის შესახებ პირველად მამათქვენმა მითხრა, როცა ქალაქის თავს ხვდებოდა. პროფესორი ჩარლზსტონი მისულა და გაუცნია.
საინტერესოა, ვთქვი და ჩაი მოვსვი. ახლაღა ვიგრძენი, გარეთ როგორი სიცივე ყოფილა და სახლში ნელნელა რომ ვთბებოდი.
ამასობაში სასტუმრო ოთახში კედლის საათმა თერთმეტჯერ ჩამოჰკრა. მისის მედფორდი წამოდგა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მომმართა სახელით:
ერიკ, დროა დაწვე და დაიძინო. მთელი დღე გზაში იყავი და დასვენება გჭირდება. ოთახი უკვე მოგიმზადე. მეც მალე დავწვები.
მადლობა გადავუხადე, მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და მეორე სართულზე ერთერთ საკმაოდ სადად მოწყობილ საძინებელში შევედი. ოთხსაათიანი, საკმაოდ მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, ვგრძნობდი, რომ დასვენება მართლაც მესაჭიროებოდა. პატარა ჩემოდანი იქვე სკამზე დავდე და ტანსაცმელი გამოვიცვალე. რამდენიმე წუთში შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი. პირველი სართულიდან ჯერ კიდევ ისმოდა მოსამსახურის ფეხის ხმა, რომელიც ძილის წინ ფანჯრებს და კარებს ამოწმებდა.
მალევე ღრმად ჩამეძინა. მცირეოდენი ეჭვიც არ გამჩენია, რომ წინ საკმაოდ უცნაური და არცთუ სახალისო თავგადასავალი მელოდა.
მეორე დილით რომ გავიღვიძე, მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო და მისი სხივები საძინებელშიც ადვილად აღწევდა. საათს დავხედე, უკვე ცხრა სრულდებოდა. სწრაფად ავდექი, მოვწესრიგდი და სასაუზმოდ პირველ სართულზე დავეშვი. არ შევმცდარვარ, მისის მედფორდი ასაკის მიუხედავად ისევ შვიდზე ამდგარიყო და მაგიდა საგანგებოდ გაეწყო. სამზარეულოში შევედი თუ არა, მოსამსახურე სწრაფად შემოტრიალდა და თავისი ოქროსფერი სათვალე შეისწორა.
დილა მშვიდობისა, ერიკ, გაიღიმა ქალბატონმა,
იმედი მაქვს, კარგად გეძინა.
დიდი მადლობა, მისის მედფორდ, ბისმარკიდან მგზავრობამ საკმაოდ დამღალა გუშინ. ახლა უკეთ ვარ, გამოვიძინე.
სასაუზმოდ დავსხედით. მოსამსახურეს ამ დროს არ უყვარდა