A Abasement, n. – თავის დამცირება, არს. სახ>. სიმდიდრესა თუ ძალაუფლებასთან მიმართებით ჯეროვანი და ჩვეული შინაგანი მდგომარეობა. განსაკუთრებით უხდება დასაქმებულს დამსაქმებელთან მიმართებით.
Abatis, n. – მიწაყრილი, არს. სახ. ციხესიმაგრის წინ დახვავებული ნაგავი, რომელმაც იმ ნაგავს, გარეთ რომაა, შიგნით მყოფი ნაგვის შეწუხებაში ხელი უნდა შეუშალოს.
Abdication, n. – გადადგომა, არს. სახ. აქტი, რომლითაც მონარქი ამჟღავნებს ტახტის მაღალი ტემპერატურის მიმართ თავის დამოკიდებულებას.
მოკვდა საბრალო იზაბელა, ტახტი რომ დასთმო,
აღარ ულევდა ესპანელებს ჭორსა და სათქმელს.
სანახაობა საყვედურს არ იმსახურებდა:
მხურვალე ტახტი დასთმო, რადგან ვეღარ უძლებდა.
იგი სამეფო გამოცანად არ დარჩა, გარდა
იმის, ტაფიდან რომ გადახტა შემჭკნარი ბარდა.
გ. ჯ.
Abdomen, n. – სტომაქი, არს. სახ. მუცელღმერთას ტაძარი, სადაც ყველა ჭეშმარიტი მამაკაცი ღვთისმსახურებასა და მსხვერპლშეწირვას აღასრულებს. ქალისაგან ეს ძველთაძველი სარწმუნოება მხოლოდ ცალყბა თანხმობას ითხოვს. მართალია, ისინიც ზოგჯერ უხალისოდ წირავენ მის საკურთხეველზე, მაგრამ მამაკაცთა ღვთაებას ჯეროვნად მაინც არ სცემენ თაყვანს. ეს სამყარო ქალებს რომ ემართათ, კაცობრიობა ბალახისმჭამელი იქნებოდა.
Ability, n. – ნიჭი, არს. სახ. ბუნებრივი მონაცემი, რომელიც გარკვეულწილად ასრულებს მდაბიო ამბიციების როლს, რათა ნიჭიერი ადამიანი მკვდარი ადამიანისაგან გავარჩიოთ. როგორც საბოლოოდ დადგინდა, რომ ნიჭი მეტწილად თვითგანდიდებაში გამოიხატება. თუმცა, შესაძლოა, ეს შთამბეჭდავი უნარი სრულიად მართებულადაც იმსახურებდეს ამგვარ პატივისცემას: მუდმივი თვითგანდიდება იოლი საქმე როდია.
Abnormal, adj. – ანომალიური, ზედს. სახ. ის, რაც სტანდარტს არ პასუხობს. აზროვნებისა და ქცევის საკითხებში დამოუკიდებლობა ანომალიას უტოლდება, ხოლო ანომალიურობა ყველასაგან გაკიცხულობას ნიშნავს. ამიტომაც ლექსიკოგრაფი გირჩევთ, ეცადოთ, იმაზე მეტად მიუახლოვდეთ „საშუალო ადამიანის“ მდგომარეობას, ვიდრე ეს თვითონ მოახერხა. ხოლო ვინც ამ მდგომარეობას მიაღწევს, სიმშვიდეც ექნება, სიკვდილის პერსპექტივაც და ჯოჯოხეთში მოხვედრის იმედიც.
Aborigines, n. – აბორიგენები, არს. სახ. სრულიად ზედმეტი ადამიანები, რომლებიც ახლად აღმოჩენილ მიწებზე დატანტალებენ. თუმცა მალევე წყვეტენ ტანტალს და ამავე მიწების განოყიერებას იწყებენ.
Abracadabra. – აბრაკადაბრა.
აბრაკადაბრად მოვიხსენიებთ
უთვალავ რამეს. აგიხსნით ახლა.
ეს პასუხია კითხვებზე: რატომ?
რა? როგორ? საით? – და არა მარტო
მათზე, ეს სიტყვა მართლაც რომ გახლავთ
შემწე, სიმართლე ჰპოვოს, ვინც იბრძვის
და ბნელში ეძებს წმინდა სხივს სიბრძნის.
ეს სიტყვა ზმნაა თუ არსებითი
სახელი გახლავთ, არ ვიცი კარგად.
ვიცი მხოლოდ ის, რომ როგორც მითი,
ის თაობიდან თაობას მოსდევს,
ბრძენმა ბრძენს უთხრა, ქვეყანას მოსდეს –
და ამიტომაც არ დაიკარგა!
ამბავი არის ძალიან ძველი,
გამოქვაბულში ცხოვრობდა ბრძენი,
ათჯერ ასი წლის შესრულდა, ჰოდა
(თუმც, საბოლოოდ, ისიც კი მოკვდა),
მთელ დედამიწას მოედო ხმები
მისი სიბრძნისა, მელოტი თხემი
და გრძელი თეთრი წვერი ამკობდა,
მისი თვალები ნაპერწკალობდა.
ფილოსოფოსნი შეიკრიბნენ ყოველი მხრიდან,
მის ფერხთით დასხდნენ, ყურადღებით რომ მოესმინათ,
თუ რას იტყოდა, მაგრამ იმისგან
მათ გაიგონეს ეს ერთი სიტყვა –
„აბრაკადაბრა, აბრაკადაბ,
აბრაკადა, აბრაკად,
აბრაკა, აბრაკ, აბრა, აბ“ –
სულ ეს იყო, რაც მისგან ითქვა.
ეს იყო, რისი მოსმენაც სურდათ
და მოსმენილი გულდასმით უნდა
ჩაენიშნათ და მისტიური ეს სიტყვა მერე
ტექსტად ექციათ, შეიძენდა ათასგვარ ფერებს,
რომ გაშლილიყო კომენტართა მინდორი ასე.
ესენი იყო ყოვლისშემძლე, დიდი წიგნები,
იმდენი ალბათ, რაც ფოთოლი ხეზე იქნება.
შესანიშნავი, სასწავლებლად საჭირო ძალზე!
ბრძენმა მარად ვერ გაიხარა,
მოკვდა, როგორც უკვე გითხარით.
მტვრად გადაიქცა რა ხანია ბრძენთა წიგნებიც,
მაგრამ იმისი წმინდა სიბრძნე მარად იქნება.
აბრაკადაბრა სიტყვა არის მართლაც საქები,
საზეიმოდ ჟღერს, როგორც ძველი ზანზალაკები.
მიყვარს ვუსმინო
სიტყვის მუსიკას,
კაცობრიობას ყოველთვის რომ გამოადგება.
ჯამრაჩ ჰოლობომი
Abridge, v. t. – შეზღუდვა, ზმნ. კვეცა/კვეთა.
როდესაც საზოგადოებრივ მოვლენათა მსვლელობაში ამა თუ იმ ქვეყნის ხალხს აუცილებლად მიაჩნია, თავის მეფეს ძალაუფლება შეუზღუდოს, დანარჩენი კაცობრიობისადმი უბრალო პატივისცემა მოითხოვს, ზუსტად დაასახელოს ის მიზეზები, რომლებიც მოკვეთის აქტის აღსრულებას აიძულებს.
ოლივერ კრომველი
Abrupt, adj. – უეცარი, ზედს. სახ. ისეთივე მოულოდნელი და მოურიდებელი, როგორც ზარბაზნით ნასროლი ყუმბარის გამოჩენა და იმ ჯარისკაცის გაუჩინარება, ვის ინტერესებსაც ეს ყუმბარა უშუალოდ შეეხო. დოქტორმა სემუელ ჯონსონმა შესანიშავად თქვა ერთი სხვა ავტორის აზრებთან დაკავშირებით, „ისეა ერთი მეორეზე გადაბმული, რომ უეცარობის განცდას არ ბადებს“.
Abscond, v. i. – მიმალვა, ზმნ. „იდუმალი გზებით სვლა“(უილიან კუპერის (1731-1800, ინგლისელი პოეტი) ერთ-ერთი საგალობლის პირველი პწკარის („ღმერთი იდუმალი გზებით დადის“) პერიფრაზი.), უფრო ხშირად, სხვისი საკუთრებით.
გაზაფხულია! ყველას მოუხმობს. ბუნება მღერის,
წკრიალებს ხანაც;
ხეების მწვანედ შემოსვისა და მოლარეების მიმალვის ხანა.
ფილა ორმი
Absent,