გლობალიზაცია
მას შემდეგ, რაც საქართველოში არასამთავრობო სიომ დაბერა, ნაწვიმარზე სოკოებივით ამოიზარდნენ NGO-ები. NGO, ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაცია, მშვენიერი გამოგონებაა! ჯერ მარტო ის რად ღირს, არც შტატების შემცირებისა რომ არ გეშინია და არც ბიუჯეტის სეკვესტრისა. ერთადერთი, მთავარია, დაფუძნდე და მისი უდიდებულესობა დონორის ნდობა მოიპოვო, თორემ მერე სუ ლიწინ-ლიწინით მიდის: წერ პროექტს, სუ გულ-ღვიძლს იფლეთ იმის მტკიცებით, როგორი კარგი, მუყაითი, საქმის მცოდნე, თავგადაკლული მუშაკი ხარ შენი ორგანიზაციის საქმიანობის სფეროში, შიგადაშიგ დონორის გულის აჩუყებას ცდილობ იქნება, მოწყალე თვალით გადმოგხედოს და დაგიფინანსოს პროექტი, რომლის წერაზე, სუ ცოტა, ერთი კვირა მაინცა გაქვთ ნათენები შენ და შენს მეგობრებს. მთავარია, გათენებული ღამეების სიმცირე თავად პროექტს არ ეტყობოდეს პირიქით, რაც უფრო ღრმა და საფუძვლიანი იქნება განცდა იმისა, რომ პროექტში დასახული მიზნები და ამოცანები შენი და შენი თანამშრომლების მთელი ცხოვრების საოცნებო ლურჯი ფრინველია, საქმისათვის მით უკეთესი. გრანტი გარანტირებულია (როგორ უხდება ეს ორი სიტყვა ერთმანეთს, ვგიჟდები პირდაპირ!) და შენც, სუ ცოტა, კაპიტან გრანტივით (ეს კაპიტანი გრანტი სადღა გამახსენდა კიდევ!) ღიღინებ, ოპტიმისტურად და არაორაზროვანი ღიმილით: „კა-პი-ტან! კა-პი-ტან!“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ მორიგი სანუკვარი გრანტი მოპოვებულია და შენც შეგიძლია თამამად, აუღელვებლად, დარბაისლურად შეუდგე შრომასა და ღვწას მშობლიური NGO-სა და გულმოწყალე დონორის სასახელოდ.
* * *
მოკლედ, კონკურსში გავიმარჯვეთ.
დონორი სერიოზულია!
დაფინანსების მასშტაბებიც არანაკლებ შთამბეჭდავი!
ასე შვიდიოდე კაცი ვართ: მე, სოსო, რუსლანა, ტაჰამატა, მიკროავტობუსის მძღოლი რაჟდენ შობელნაღრძობი (ასე მოიხსენიებს მას მთელი ჩვენი NGO და რაჟდენას ეს რატომღაც ძალიან ახარებს) და ორი უცხოელი ტრენერი უფრო სწორად, ამერიკელი ჯეელი სამხრეთკაროლინისშტატელი ქარნერა და ვირჯინიელი ჯორჯი, რომელსაც ბიჭები ჩუმ-ჩუმად ჯორჯიანელ ვირს ვეძახით (სიყვარულით, რასაკვირველია).
ჩვენი პროექტის სამიზნე ჯგუფები რეგიონებია. აბა მოგვიწევს ჩვენი „სექონდჰენდა“ მიკროავტობუსით ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანი მშობლიური მიწა-წყლის ათვისება. პროექტში დასმულ პრობლემებს რომც ვერ მოვუაროთ (და არცაა იმედი), მარტო ის რად ღირს, შენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს რომ საკუთარი თვალით ნახავ და ხალხს გაიცნობ. ახლა, საქართველოა და, ისე როგორ იქნება, თითო ტკბილი სუფრა არ გაიშალოს ფუძის ანგელოზის და დედმამიშვილების სადღეგრძელოთი და მერე ამ მათრობელა სითხით მადლცხებულმა დიდი სიამაყით არ გაიმეორო: „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“...
ყოველივე ამას NGO-ს წესდება და პროექტში დასახული მიზნები, რა თქმა უნდა, სულაც არ ითვალისწინებს, მაგრამ ქართველი რის ქართველია, თუ ქოთანს ყური თავის ჭკუაზე არ გამოაბა.
ჰოდა, ჩემო კარგებო, „ფესვგადგმას“ პირველად იმერეთით ვიწყებთ!
შესანიშნავია!
ჩინებულია!
მაგარია!
ბრწყინვალეა!
საკაიფოა! ამბობს ტაჰამატა, მაგრა მიყვარს იმერეთი.
უანდერფულ! ეთანხმება ქარნერა, ვითომ ახლა ძაან ესმოდეს რამე: პირველადაა საქართველოში და იმერეთი კი არა და, ისეთ გაბურდღნულ ტყემალზე ზის და იმხელა ბლის კურკებს ისვრის! არა, „ბალი სულ სხვაა!“ (მაგარი სექსოა ეს ბუკა მანაგაძე!)
ჰოდა, რა სჯობია ახლა იმერულ სტუმარმასპინძლობას, კაი ორნახად თუთის არაყს, ცხელ-ცხელ ხაჭაპურსა და მაყვლის წვენში ჩაბუჟბუჟებულ დედალს, მოჭარბებულ ზრდილობას და გადაბიბინებულ ეზო-კოინდარში პახმელიაზე გაზმორებას ახალი ქეიფის მოლოდინში.
ჩვენი მიკროავტობუსი რაიონული ცენტრის შუაგულში ჩერდება და ახლად დაგებულ ფილაქანთან უკვე ასე 25 წლის მკვირცხლი მასპინძელი გვიცდის. ენჯიოშნიკი არ უნდა იყოს...
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება... კახა შენგელია... გვეცნობა ღიმილით და ნახევარ საათში უკვე მის ოჯახში ვართ, ზუსტად ისეთი ცხელი ხაჭაპურისა და მაყვლის წვენში ჩაბუჟბუჟებული დედლის სურნელის გარემოცვაში, გზაში რომ ოცნებობდა თითოეული ჩვენგანი. მასპინძლის მამა ასე 70-75 წლის ჭარმაგი მოხუცი, ბატონი შალვა, ერთობ ყოჩაღად გამოიყურება, იმერული მოხდენით პეწიანად გვისხამს ნანატრ ორნახად თუთის არაყს და დამტვრეული რუსულით ცდილობს, გააგებინოს ქარნერასა და ჯორჯს შენგელია-შენგელაიათა გვარის გენეალოგიის პერიპეტიები და მე, მისი გაწკეპილი ულვაშის შემყურეს, რატომღაც ბეკინა სამანიშვილი მახსენდება და ერთობ მიყვარდება ჩვენი მასპინძელი.
თმაშევერცხლილი დიასახლისი, ქალბატონი ნაირა, დროდადრო ახალ-ახალ კერძს შემოდგამს სუფრაზე და მორცხვი ღიმილით ეხმიანება ქმარს:
კაი, ახლა, შე კაცო, ნუ დაღალე სტუმრები!
უან მომენტ! ქარნერა „ნავაროჩენი“ ფოტოაპარატს იმარჯვებს და ხარჩოსმათლაფიან დიასახლისს სამახსოვრო ფოტოს უღებს, მერე ლანგარს ართმევს, ხელზე კოცნის და ამით საბოლოოდ ისაკუთრებს ნაირა ბიცოლას გულს.
ნივრის სუნი ამდის, დედა, ხელზე და სირცხვილია, ბოდიშობს ნაირა ბიცოლა და მუდარის თვალით მანიშნებს, უთარგმნე შენს მეგობარსო.
მეც მორჩილად ვთარგმნი.
ოუ, ნოუ პრობლემ! ამბობს ქარნერა, ბარკალს ითრევს და ღიმილით უქნევს თავს დიასახლისს, რომელიც კმაყოფილი უჩინარდება სამზარეულოში.
ეს მწარეა, ჩვენ ტკბილად ვიყოთ! ამბობს შალვა ბიძია და არაყს უმარჯვებს სტუმრებს, მე