უკვდავი Solomon saith: There is no new thing upon the earth. So that as Plato had an imagination, that all knowledge was but remembrance; so Solomon giveth his sentence, that all novelty is but oblivion.
FRANCIS BACON, Essays, LVIII (არრა არის რა ამქვეყნად ახალიო, უთქვამს სოლომონს. თუკი პლატონის წარმოდგენით, ყოველი ცოდნა მხოლოდ გახსენებაა, სოლომონის აზრით, ყველა სიახლე სხვა არაფერია, თუ არა დავიწყებული ძველი. ფრენსის ბეკონი, ესეები LVIII (ინგლ.))
1929 წლის ივნისი ახალი დამდგარი იყო, როდესაც ლონდონში სმირნელმა ანტიკვარმა, ჯოზეფ კარტაფილუსმა (როგორც ჩანს, აქ ალუზიაა იოსებ კარტაფილზე – ქრისტიანობის გვიან შუა საუკუნეებში შექმნილი ერთ-ერთი ლეგენდის გმირზე, რომელმაც გოლგოთისკენ მიმავალ ქრისტეს ჩამუხლვისა და დასვენების უფლება არ მისცა, რისთვისაც მეორედ მოსვლამდე მარადი ხეტიალი ერგო წილად (შენიშვნები აქაც და შემდგომაც მთარგმნელისაა)) პრინცესა დე ლუსენჟს პოუპის (ალექსანდერ პოუპი (1688-1744 წწ.) – მე-18 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი პოეტი, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც ჰომეროსის ნაწარმოებთა მთარგმნელი.) „ილიადის“ მცირეფორმატიანი ექვსი ტომი (1715-1720) შესთავაზა. პრინცესამ შეთავაზებული ტომები შეიძინა და ანტიკვარს რამდენიმე სიტყვით გაესაუბრა კიდეც. მისი თქმით, კარტაფილუსი ერთი გამომხმარი, ცხოვრებისგან დაღლილი კაცი გახლდათ, გაწყალებული თვალებით, ჭაღარა წვერითა და სახის უჩვეულოდ მორღვეული ნაკვთებით. საუბრისას რამდენიმე ენაზე მეტყველებდა, თუმცა, არასწორად: ფრანგული ენიდან ჯერ ელვის უსწრაფესად გადავიდა ინგლისურზე, შემდეგ კი ერთმანეთში არეულ სალონიკური ესპანურისა (იგულისხმება სეფარდული დიალექტი, ანუ ენა ესპანეთში მცხოვრები ებრაელებისა, რომლებიც ესპანეთიდან განდევნის შემდეგ ძირითადად საბერძნეთში დასახლდნენ.) და მაკაოს პორტუგალიურის უცნაურ ნაზავზე (ჩინეთში პორტუგალიის კოლონიის ენა). ოქტომბერში კი პრინცესამ ხომალდ „ზევსის“ ერთ-ერთი მგზავრისაგან შეიტყო, რომ კარტაფილუსს სმირნაში დაბრუნება განეზრახა, მაგრამ გზად გემზე გარდაცვლილიყო და კუნძულ იოსზე დაეკრძალათ. შენაძენს რაც შეეხება, „ილიადის“ ახალმა მფლობელმა ბოლო ტომში ინგლისურად დაწერილი, თუმცა, ლათინიზმებით უხვად გაჯერებული ხელნაწერი აღმოაჩინა, რომლის სიტყვასიტყვით თარგმანსაც აქ შემოგთავაზებთ.