* * * შერვუდ ანდერსონი (1876-1941) ისეთივე პატარა, პროვინციულ ქალაქში დაიბადა, როგორიც უაინსბურგია, ადგილი, სადაც მწერლის საეტაპო ნაწარმოების, „უაინსბურგი, ოჰაიო“ (1919), მოქმედება ვითარდება. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა აღიარება ავტორს და იგი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცია. მოთხრობათა ციკლი XX საუკუნის დასაწყისის ამერიკული პროვინციის ცხოვრებას აღწერს. პერსონაჟთა ხასიათის უჩვეულო შტრიხები და თავგადასავლები ავტორის ცხოვრებისეული გამოცდილების გამოძახილია და ადამიანის ბუნების ანდერსონისეულ ხედვას გადმოგვცემს. შერვუდ ანდერსონის სამწერლო სტილმა უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკული ლიტერატურის განვითარებასა და ისეთ ოსტატთა შემოქმედებაზე, როგორიცაა ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი.
„უაინსბურგი, ოჰაიო“, ერთი შეხედვით, ლაკონიურ პორტრეტ-ჩანახატთა კრებულია: ექიმი, მასწავლებელი, მღვდელი, ტელეგრაფისტი, ფერმერი და სხვა საინტერესო ტიპაჟები პატარა ქალაქიდან, რომლის მცხოვრებთა რაოდენობაც 1800 ადამიანს არ აღემატება. დაკვირვებული მკითხველი კი შეამჩნევს, რომ ეს ნაწარმოები ყოველდღიური ცხოვრების ტრაგიკომიკური ეპოპეაა, სადაც ყოფიერების პროზაული თუ ამაღლებული მხარე, შეფარული სილამაზე თუ სიმახინჯე, სიცილი თუ ცრემლი განუყოფელია, პატარა ქალაქის უმნიშვნელო წვრილმანებით დატვირთული ცხოვრება კი სიმბოლოებით, ღრმა ქვეტექსტითა და ეპიფანიური აღმოჩენებითაა სავსე. კრებულის მთავარი მხატვრული ხერხი გროტესკულობაა, რასაც ავტორი წიგნის დასაწყისშივე უსვამს ხაზს. ანდერსონის გროტესკული ფიგურები გარემოს ზემოქმედებისაგან ადამიანის შინაგანი სამყაროს დაუცველობის გამოხატულებასაც წარმოადგენენ და ამავდროულად, ფარული სილამაზითა და თვითმყოფადობით გამოირჩევიან. ისინი ვერ ერგებიან სოციალურ ნორმებს, საზოგადოებისგან გაუცხოება ხშირად ამუნჯებთ, საკუთარი თავის გამოხატვის უნარს ართმევთ და ამის გამო კარიკატურულ პერსონაჟებად იქცევიან გარშემომყოფთა თვალში.
პერსონაჟთა და მათ ამბავთა ერთადერთ გამაერთიანებელ ფიგურად ავტორი ჯორჯ უილარდს, ყმაწვილ რეპორტიორს წარმოგვიდგენს, რომელსაც უაინსბურგის ყველა მცხოვრები გაანდობს ხოლმე თავის საბედისწერო საიდუმლოს. ჯორჯ უილარდის ზრდისა და ჩამოყალიბების მაგისტრალური ხაზი კრებულს „აღზრდის რომანის“ ნიშნებსაც სძენს. ანდერსონისეული თხრობის პრინციპი, მონტაჟის ტექნიკა, პროზაული კონტრაპუნქტი, რომელიც ერთდროულად ამერიკის ეპიკურ და ინდივიდუალურ სურათებს ქმნის, ფოლკნერის და სტაინბეკის ნოველათა წინამორბედია. ამასთან, ანდერსონი დახვეწილი ესთეტიკური მახასიათებლებისა და ნატურალისტური თემატიკის სინთეზს გვთავაზობს, ხოლო ყოფითის, წამიერისა და კონკრეტულის სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთვის ხარჯზე ახლებურად გარდაქმნის ამერიკული პროზის ენას.
ელისო ფანცხავა