შესავალი სიცოცხლის ბოლო წლებში მამა მეხსიერების პრობლემებს განიცდიდა. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, როგორი რთული იყო ეს ჩვენთვისაც, მისი შვილებისთვის. ყველაზე ძნელი საყურებელი მაინც ის აღმოჩნდა, როგორ ეცლებოდა ხელიდან მრავალი წლის წინ მკაცრ ჩვევად ქცეული წერის უნარი და მის ადგილს იკავებდა იმედგაცრუება. "მეხსიერება ჩემი შთაგონების წყარო და მთავარი იარაღია. არაფერი არ არსებობს მის გარეშე", – დიდი მწერლისთვის ჩვეული მანერითა და სიცხადით გვითხრა ერთ დღეს.
ნაწარმოები "შევხვდებით აგვისტოში" ნაყოფია იმ უკანასკნელი ძალისხმევისა, რომლითაც, ყველა სირთულის მიუხედავად, შემოქმედებითი უნარის შენარჩუნებას ცდილობდა მწერალი. ამ პროცესში ხელოვანის პერფექციონიზმს აჩრდილად დაჰყვებოდა მისი გონებრივი უნარების მილევა. ჩვენზე უკეთ ამ შუქჩრდილებს ჩვენი მეგობრის, კრისტობალ პერას შენიშვნებში იხილავთ, გამოცემას თან რომ ახლავს. ჩვენ, მის შვილებს, თავის დროზე ნაწარმოების შესახებ მხოლოდ გაბოსეული განაჩენი გვქონდა მოსმენილი: "არაფრად არ ვარგა ეს წიგნი. უნდა განადგურდეს".
წიგნი არ გაგვინადგურებია, მაგრამ გვერდზე გადავდეთ იმის იმედით, რომ მის ბედს მომავალი გადაწყვეტდა. მამის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ თავიდან წავიკითხეთ და სასიამოვნოდ გაოცებულნი დავრჩით ტექსტის ლიტერატურული ღირებულებით. შესაძლოა, გაბოს სხვა დიდი რომანებივით სრულყოფილი არაა და ზოგჯერ პატარ-პატარა უზუსტობებსაც ვაწყდებით, მაგრამ მასში კარგად ჩანს მწერალი. მკითხველი აუცილებლად დააფასებს გაბოსთვის ჩვეულ თხზულებას, მისი ენისთვის დამახასიათებელ პოეტურობას; თხრობის უნარს, რომელიც პირველივე ფრაზიდან გატყვევებს. მასში კიდევ ერთხელ ვხვდებით მწერალს, რომელსაც მშვენივრად ესმის ადამიანის; ფაქიზად ეპყრობა პერსონაჟებს და ყოველთვის მათ გვერდითაა, განსაკუთრებით სასიყვარულო ქარტეხილებში. სიყვარულია, ალბათ, მისი შემოქმედების მთავარი თემა.
ავადმყოფობამ გაბოს საშუალება არ მისცა, წიგნისთვის საბოლოო სახე მიეცა. სამწუხაროდ, ვერც ის უჩვენა, რომ მართალია დაუსრულებელი, მაგრამ საოცრად ფასეული ნაწარმოები შექმნა. ასეთი დასკვნის გამოტანის უფლებას გვაძლევს წლების შემდეგ თავიდან აღმოჩენილი მისი შემოქმედების ბოლო ნიმუში. მართალია, მამის ნებას ვუღალატეთ, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მკითხველთა ინტერესებიდან გამომდინარეობდა. თუ ისინი წიგნს სათანადოდ შეაფასებენ, შესაძლოა, გაბომ შეგვინდოს მის შვილებს. გვჯერა, რომ ასეც იქნება.
როდრიგო გარსია ბარჩა
გონსალო გარსია ბარჩა