როცა გაღმა ასკილი ყვავის („როცა აყვავდა ნუშის“ მეორე სიცოცხლე)
რას ინატრებდა ლანა ღოღობერიძე და:
უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს უდიდეს განძს – მხიარული ტრაგიზმით დაღდასმულ ქართულ კულტურასო.
სად ინატრებდა და:
ავტობიოგრაფიული ყაიდის წიგნში „როცა აყვავდა ნუში“, პირდაპირ რომ გაიმეორებდა თავისი კინოფილმის სათაურს, შთაგონებულს მირზა გელოვანის სტრიქონებით:
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოსო...
მოუხდებოდა ეს სათაური იმ კინოსურათს, რომანტიკული სულითა და პოეზიით აღვსილს – მიუხედავად ტრაგიკული ფინალისა – და რეჟისორს დროდადრო ძალუმად უნდა მოჰგონებოდა ის კადრები:
შინაგანი სხივით განათებული გოგონა ნუშის ტოტით ხელში და ახალგაზრდების ცეკვა ზღვასთან და ზღვაში –
როგორც გაზაფხულისა და ბედნიერების სიმბოლო.
და ეს სათაური მოუხდებოდა ამ ავტობიოგრაფიულ წიგნსაც, რომელიც გააგრძელებდა ამავე სტილისტიკის თხზულებას: „ვისთვის გალობს შაშვი“ – როგორც დილოგიის მეორე ნიმუში, თუმცა გაგრძელება იქნებოდა ზოგადი სტრუქტურის თვალსაზრისით:
ერთიმეორეს რომ შეენაცვლებოდა ბელეტრისტული თხრობა და ლექსები, ორიგინალური თუ თარგმნილი, თხრობა კი მოგონებებით წამოშლილ სურათებსაც დაეყრდნობოდა, ესეისტურ განსჯასაც და მძაფრ პუბლიცისტურ ჩანართებსაც, ეს ყოველივე ახლაც მარჯვედ, ჰარმონიულად რომ შეერწყმოდა ერთმანეთს.
ოღონდ თხრობა კიდევ ახალ განზომილებაში გადავიდოდა, უფრო გაიხსნებოდა და გადმოიშლებოდა დილოგიის პირველ წიგნში მიკვლეული არხები თუ შრეები და „როცა აყვავდა ნუში“ ამიტომაც წარმოგვიდგება წინა წიგნის გაგრძელებადაც და დამოუკიდებელ თხზულებადაც.
სრულფასოვან დილოგიას რაც მოეთხოვება.
ჩვენს უდიდეს განძსო...
მხიარული ტრაგიზმით დაღდასმულ ქართულ კულტურასო...
ამ სიტყვათშეთანხმებას – მხიარული ტრაგიზმი – მოიშველიებდა მერაბ მამარდაშვილის მსჯელობიდან, ჩვენი კულტურის ერთ ნიშანდობლივ შტრიხს სწორედ ამ მეტაფორით რომ წარმოაჩენდა:
ერი, რომელიც ძლივას არსებობდა საუკუნეთა განმავლობაში, ტრაგიკული გახლდათ თავის კულტურიანად, მაგრამ ამავე დროს ამ ერში არსებობდა სიხარულის ტალანტიც, ანუ სიცოცხლის ტალანტი, კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი, სიხარულის ძახილი ჩქეფდა ჩვენს სისხლში და... ესეც ჩვენი გამოწვევა ბედისწერის მიმართო.
ფილოსოფოსი თავის მხრივ ილია ჭავჭავაძის იმ სტრიქონებს რომ გაიმეორებდა ვარიაციულად, „კაცია-ადამიანიდან“ რომ დაგვმახსოვრებია:
– კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე.
ლანა ღოღობერიძე ამ სიტყვათშეთანხმების წარმოშობას რომ დაუკვირდებოდა, ანუ:
როგორ დაემარცხებინა სიხარულისა და სიცოცხლის ტალანტს ჩვენი ისტორიის მუდმივად თანმდევი ტრაგიზმი, ივარაუდებდა:
კი არ დაემარცხებინა, არამედ შეეწოვა, გაეთავისებინა და ასე გაჩენილიყო ეს ამბივალენტური და მიმზიდველი ცნება, მხიარულ ტრაგიზმად ფორმულირებული.
„ქართლის ცხოვრების“ კითხვისას კი უნდა აღმოეჩინა, რომ ჩვენს წინაპრებს XII საუკუნეში უკვე სცოდნოდათ:
მხიარულება ქართველთა ეროვნული თვისებააო.
სხვაგვარად ან კი როგორ უნდა გაგებულიყო ჟამთააღმწერლის სიტყვები თამარ მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
– იცვალა ფერი ქართულმა მხიარულებამან.
და რაოდენ მეტყველად აღიქვამდა და მკითხველსაც უზიარებდა ამ შთაბეჭდილებას:
გლოვის ჟამს რომ ეცვალა ფერი ქართული მხიარულებისათვის.
არც იმას მიიჩნევდა შემთხვევითობად:
საქართველო მსოფლიოში ღვინის აკვნად რომ აღიარებულიყო. ღვინო კი უშუალოდ უკავშირდებოდა მხიარულებას – სუფრას, ქეიფს, სადღეგრძელოს.
და ფიქრი ძალდაუტანებლად მოიყოლებდა ძალზე მდიდარ ცნებას – ლაღს, ბევრად უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ მხიარულია, და გულისხმობდა ადამიანს, რომელიც გახსნილიყო სხვათა და საერთოდ სამყაროს მიმართ, და მომადლებოდა უნარი, მშვიდად და მტკიცედ შეჰგებებოდა განსაცდელს.
და სამყაროსადმი ეს დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას ჩვეული სიძლიერითა და ელეგანტურობით გამოეთქვა:
ცხოვრებამ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგეო.
და ლანა ღოღობერიძეს თვალწინ უნდა ამოსახოდა ვანის გათხრებისას ნაპოვნი, 2 800 წლის ქანდაკება, კაცს ყანწი რომ მოეყუდებინა და მთელი არსებით დასწაფებოდა ღვინოს.
და რატომაც არ უნდა გეფიქრა, რომ:
ვაჟა-ფშაველა სწორედ ამ კაცს გულისხმობდა, პირველ თამადად წოდებულს.
და წიგნში თავისთავად უნდა გაჩენილიყო იმედიანი სტრიქონები:
მხიარული ტრაგიზმით აღბეჭდილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა ჩვენი ნიშაც რომ გახლდათ და სავიზიტო ბარათიც დასავლურ ცივილიზაციაში. ჩვენ წინ გველოდა ეს საოცნებო ევროპა, სადაც გუშინ უკვე ასე მხიარულად და ლაღად შეგვებიჯებინა და სადაც საბოლოოდ უნდა დაგვემკვიდრებინა ადგილი სწორედ ამ სიცოცხლის ტალანტის ძალით!..
ეს შეხედულება, ეს განწყობილება, ეს სწრაფვა, ცხადია, ერთი თავის სათქმელი კი არ არის, არამედ „როცა აყვავდა ნუში“ ერთიანად აირეკლავს ამ განწყობილებას და წარმოდგება ერთ-ერთ სახიერ ნიმუშად მხიარული ტრაგიზმისა, თავისი ღრმააზროვანი განსჯითაც, თხრობის დახვეწილობითა და დინამიზმითაც და სტილის არტისტიზმითაც, მუსიკალური ფონიც რომ შემოსდევს, და ამ მუსიკალურ ფონს ქმნის არა მარტო უხვად ჩართული პოეტური სტრიქონები, არამედ ბელეტრისტული მონათხრობიც.
მუსიკალური ფონი შაშვის გალობით გაჟღენთილა?
ეს წიგნი ხომ მათთვისაა შექმნილი, ვისაც ერთხელ მაინც გაუგონია შაშვის გალობა.
ეს გალობა შესაძლოა ბუნებრივ გარემოში სმენოდეთ.
და შესაძლოა არანაკლებ ბუნებრივ გარემოში:
ლანა ღოღობერიძის დილოგიის პირველ წიგნში.
და