შესავალი 2019 წელს რომანისთვის „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ ბუკერის პრემია მოვიგე და ერთ ღამეში გავხდი წარმატებული - ხელოვნებაში ორმოცწლიანი მუშაობის შემდეგ. კარიერაში მიღწევები და აღიარებები მქონდა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ ვყოფილვარ. რომანი გახდა #1 ბესტსელერი, რომელიც მრავალ ენაზე იყიდებოდა. სწორედ ისეთი ყურადღება დაიმსახურა, როგორიც დიდხანს მინდოდა ჩემი შემოქმედებისთვის. უამრავ ინტერვიუში ვსაუბრობდი გზაზე, რომელმაც ამდენი ხნის შემდეგ ამ წერტილამდე მიმიყვანა. ვამბობდი, თავი შეუჩერებელი მგონია-მეთქი, რადგან გავიაზრე, რომ სულ ასეთი ვიყავი, მას შემდეგ, რაც თვრამეტი წლისამ მშობლების სახლი დავტოვე, რათა სამყაროში ჩემი გზა გამეკვლია.
აღვნიშნავდი, რომ ჩემი შემოქმედების წყარო უნდა გვეძებნა ჩემს ადრეულ წლებში, კულტურულ გარემოსა და იმ გავლენებში, რომლებმაც ჩემი ცხოვრება გამოძერწა. შემოქმედებით ადამიანებს ხშირად ჰყავთ კერპები - მწერლები, ხელოვანები, შემოქმედებითი ადამიანები, რომლებიც მათი შთაგონების წყაროდ იქცევიან. მაგრამ სხვა რა ელემენტები აშენებს ჩვენი შემოქმედებითობის საძირკველს და განსაზღვრავს ჩვენი კარიერის გეზს? ამ წიგნით სწორედ ამ შეკითხვას ვუპასუხებ. ჩაგახედებთ ჩემს მემკვიდრეობასა და ბავშვობაში, ჩემი ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებში, ჩემი შემოქმედებითობის საწყისებსა და ბუნებაში, ჩემი პიროვნული განვითარების სტრატეგიებსა და აქტივიზმში.
ვინც ჩემს ნაწერებს აღმასვლის პერიოდში გაეცნო, ამ წიგნით გავუმხელ, როგორ შევძელი, არ გავჩერებულიყავი და მუდმივად გავზრდილიყავი. ვინც დიდი ხანია იბრძვის, ვინც ჩემს ამბებში თავისას ამოიცნობს, იმედი მაქვს, მათთვის ეს წიგნი შთამაგონებელი აღმოჩნდება მიზნების მიღწევის გზაზე.
და აი, ისიც - მანიფესტი: რომ არასდროს დავნებდეთ: ჩემი ცხოვრების მემუარები და გადააზრება.