* * * მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოლილ ფიქრებში ჩამეძინება.
* * *
ერთხელ გვიან დავბრუნდი შინ. ჩავწექი ჩემს საწოლში. ვერ იქნა და ვერ დავიძინე. იმდენად ძლიერი იყო სურვილი დაძინებისა, როცა ჩავთვლიმე, რა ხერხს არ მივმართე, რა ღონე არ ვიხმარე, ათჯერ დავითვალე ათასამდე. თვალიც დავხუჭე, ვითომ მძინავს-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებდი – საკუთარ თავს?
შემეშინდა, ვაითუ აღარასოდეს დამეძინოს-მეთქი.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ძილზე ხელი ჩავიქნიე და თავი მივეც ოცნებას. მაგრამ ოცნებაც არანაკლებ ჯიუტი აღმოჩნდა – არ იქნა და არ მეოცნებებოდა.
მაშინ კი სასოწარკვეთაში ჩავვარდი, მან ხელგაშლილად მიმიღო. ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილა და მე, ღამის სიჩუმეში მოწყენილს, კვლავ არ მეოცნებებოდა და კვლავ არ მეძინებოდა.
უცებ ქუჩიდან გვიანი მგზავრის ნაბიჯის ხმა მომესმა ფილაქანზე, ჩაიარა ჩემი ფანჯრის წინ და სადღაც შორს მიილია.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ გონებაში გრძელდებოდა ნაბიჯების ხმის რიტმი: მინდოდა დიდხანს მსმენოდა ეს ხმა, რათა სიჩუმიდან სულ უმნიშვნელო ხმაური გამომეტანა და როგორმე ამეწყო ჩემი ოცნება.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ შორიდან მატარებლის გაბმული კივილი გაისმა. წარმოვიდგინე მატარებელი, წარმოვიდგინე მისი ანთებული ფანჯრები ღამეში და თუნდაც ერთი მგზავრი, მდგარი ფანჯარასთან.
აქ კი ნელ-ნელა ამოძრავდა ჩემი ფანტაზია, ნელ-ნელა დაიძრა იგი. ახმაურდა და აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი უცებ წარმოდგენების უზარმაზარი ტალღის წინაშე.
„უამრავი ადამიანია ქვეყნად!“ – წამოვიძახე გულში, თითქოს რაღაც ახალი აღმოვაჩინე – „რას აკეთებენ ახლა ისინი? ვინ იცის, რამდენს არ ეძინება ჩემსავით ახლა.“
შემდეგ უფრო მხიარული აზრი მომივიდა: „რამდენი ამ წუთას იცინის, კვდება სიცილით...“ და მეც ხმამაღლა გავიცინე.
მაგრამ მე ისევ ბავშვი არ ვიყავი, რომ ჩემი წარმოდგენები მხოლოდ სიხარულის ხმებზე ამეწყო: „უამრავი ადამიანია ქვეყნად და ვინ იცის, რამდენს ჭმუნვა და დარდი შეჰპარვია ახლა გულში.“ წამით შევჩერდი მათთან თანაგრძნობით თავდახრილი და შემდეგ კვლავ მივუშვი ჩემი ფერადი ეტლი: „უამრავი ადამიანია ქვეყნად.“ და მე ამ ქროლაში უხვად ვფლანგავდი ჩემს ვარაუდებს: „ერთი იცინის, მეორე ტირის, მესამე მეოთხეს ესაუბრება, მეხუთე დგას, მეექვსე წევს, მეშვიდე ნახევრად წამოწოლილია, მერვე თავის ბაღში ყვავილებს რწყავს, მეცხრე ვარსკვლავებს ითვლის...“
მიმაქროლებდა იმ ღამით ჩემი წარმოდგენების ეტლი და თვალწინ ახალი და ახალი სურათები ჩნდებოდა.
„სადღაც ახლა საღამოა. მზე ჩადის ნელა. ვიღაცა გასცქერს, თუ როგორ აქსოვს ჩამავალი მზე ცისკიდურს სევდასა და სიხარულს. სადღაც კი ამოდის იგივე მზე და ახალი იმედი ანთებს აღმოსავლეთს...“
სულ ამიფორიაქდა გონება. ჩემს არსებაში რაღაც ძლიერმა განცდამ ჩაიბუდა, ჩემ წინაშე ამოძრავდა უცნაური და თვალუწვდენელი სურათი ცხოვრებისა, სადაც ადამიანებს უყვართ და სძულთ ერთმანეთი, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს – მაღალ მთებში, თვალუწვდენელ ველებზე, მდინარის მყუდროდ ჩაბურულ ნაპირებთან, უზარმაზარ მბორგავ ქალაქებში.
და ეს ხომ მხოლოდ ერთი წამია – ასეთი მდიდარი, ასეთი უსასრულო! ეს ერთი წამია, შეზავებული და შეფერილი ცრემლითა და ალერსით. დარდითა და სიხარულით. ვნებებითა და გულგრილობით, შეხვედრებითა და განშორებებით. ერთი წამია!
დავიღალე თუ მივნებდი ჩემი წარმოდგენების ხილვას, თვალი დავხუჭე. დავხუჭე თვალი, რათა კიდევ უფრო თვალნათლივ დამენახა ყოველივე, რაც იყო ირგვლივ, მინდოდა მკლავები შემომეხვია, მინდოდა რამე ამეღო იმ სივრცეებიდან და ხელს ვიშვერდი წინ თოთო ბავშვივით.
...და როგორც მოვიდა, ისევე უცებ გაქრა ყველაფერი, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, გამომეტანა რამე იმ წარმოდგენებიდან, რომ როცა თვალი გავახილე, დავინახე უცნაური სამყარო, როგორც საჩუქარი ჩემი იმღამინდელი ოცნებისა, ყველაფერი იყო ამ პატარა სამყაროში: იყო მთები, ველებიც იყო, მდინარეებიც, ცაც იყო და მიწაც, მზეც და მთვარეც, ვარსკვლავებიც.
იყო ვანო და ნიკოც იყო.
* * *
მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი მოკვდა, აღარავინ მიყვება უჩვეულო ამბებს. ამიტომ ძილის წინ ოცნებებითა და წარმოდგენებით ვირთობ თავს. დრო მოვა და დღისაგან გამოყოლილ ფიქრებში ჩამეძინება, ჯერჯერობით კი ყოველღამე უცნაური სამყარო მიდგას თვალწინ, სადაც ვანო და ნიკო ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს, სადაც ტირიან და იცინიან ისინი.