ერთადერთი სიტყვაც იკმარებდა
1920 წლის 10 აპრილს, შაბათს, ვირჯინია ვულფი დღიურში, რომელიც მოგვიანებით „მწერლის დღიურის“ სახელით გამოქვეყნდა, წერს: „თუ გამიმართლებს, მომავალ კვირას ვაპირებ „ჯეიკობის ოთახის“ წერის დაწყებას“.
ვირჯინია ვულფს „უმართლებს“, თავის მესამე რომანზე იწყებს მუშაობს და 1922 წელს „ჯეიკობის ოთახი“ გამოიცემა. ვირჯინია ღელავს, არ იცის, როგორ მიიღებენ მკითხველები ჯეიკობის ამბავს - შიშობს, რომ რომანს არა ერთიან, მწყობრ ნაწარმოებად, არამედ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნაწილებისგან შემდგარ რაფსოდიად მიიჩნევენ.
დღიურში საგანგებოდ აღნიშნავს პირველ გამოხმაურებებს:
„კვირას ლ.-მ „ჯეიკობის ოთახი“ წაიკითხა. ფიქრობს, რომ ჩემი საუკეთესო წიგნია. მისი პირველი სიტყვები იყო, რომ რომანი შესანიშნავადაა დაწერილი. ამაზე ვიკამათეთ. ამბობს, გენიალურიაო. იგი ფიქრობს, რომ არცერთ სხვა რომანს არა ჰგავს. ამბობს, ადამიანები მოჩვენებები არიანო. ამბობს, რომ ეს ძალიან უცნაურია: რომ მე არანაირი ცხოვრებისეული ფილოსოფია არ მაქვსდა ჩემი პერსონაჟებიმარიონეტებს ჰგვანან, რომელთაც ბედისწერა დაატარებთ აქეთ-იქით“.
მერე კი რეცენზიებზე იწყებს ფიქრს. ცდილობს, ივარაუდოს, რომელ ჟურნალში რას დაწერენ მისი ახალი რომანის შესახებ. ერთ-ერთ ლიტერატურულ გამოცემაზე წერს, მხოლოდ იქ გამოქვეყნებული რეცენზია მაღელვებს, არა იმიტომ, რომ ყველაზე ინტელექტუალური იქნება, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს და საჯარო გამასხარავებას ვერ გავუძლებო.
მიუხედავად იმისა, რომ „ჯეიკობის ოთახი“ ისეთი წარმატებული არ ყოფილა, როგორიც, მაგალითად, ვულფის შემდეგი რომანი, „მისის დოლოვეი“, რომელიც ერთ თვეში გაიყიდა იმდენი, რამდენიც „ჯეიკობის ოთახი“ მთელი წლის განმავლობაშიიყიდებოდა, ამ რომანმა მაინც იპოვა თავისი მკითხველი. მე მგონია, რომ განსაკუთრებული ტიპის მკითხველი, რომელიც ვერც რომანის ფრაგმენტულობამ, ვერც პერსონაჟების გაცნობის სირთულემ და ვერც ტრადიციული ნარატიული სტრუქტურის რღვევამ ვერ შეაშინა.
„ჯეიკობის ოთახი“ ერთდროულად არის და თან არ არის ჯეიკობ ფლანდერსის შესახებ. ჯერ პატარა ბიჭი, რომელიც სანაპიროზე თამაშობს, მოგვიანებით ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც კემბრიჯში მიემგზავრება, ბოლოს, ზრდასრული კაცი, რომელიც მოგზაურობისას ეძებს საკუთარ თავს - ყველა ამ სახეს, თითოეულ ამ ეპიზოდს პროტაგონისტის ცხოვრებიდან, თითქოს ყოველთვის აკლია რაღაც - ყველაზე მთავარი, მაგრამ ამოუხსნელი და დაფარული.
ვულფი ჯეიკობს თვალს არასოდეს უსწორებს - იგი თითქმის ყოველთვის სხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან უყურებს მას, სხვა პერსონაჟის სიტყვებით ახასიათებს, სხვისი შთაბეჭდილებების აღწერით ცდილობს მასთან მიახლოებას. ჯეიკობი კი, როგორც მკითხველისთვის, ასევე მათთვის, ვინც გარს ახვევია - ბოლომდე მიუწვდომელი რჩება. ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალები, რომლებსაც იგი უყვართ - ყველანი ფიქრობენ და ლაპარაკობენ ჯეიკობზე, მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, მაგრამ იგი მათთვის უცხო და შორეული რჩება.
ჯეიკობ ფლანდერსის გაცნობის შეუძლებლობა, მისი მოუხელთებლობა გვარწმუნებს, რომ „აზრი არა აქვს ადამიანის შეფასებას, მინიშნებებს უნდა მიჰყვე“, რადგან „არავინ აღიქვამს სხვას ისეთად, როგორიც არის. [...] ერთიანობაში ხედავენ ყველაფერს... ათას რამეს ხედავენ... თავის თავს ხედავენ...“ „სხვა“ ადამიანს კი ვერავინ ხედავს.
დროდადრო მთხრობელი ცდილობს, სხვების, დამკვირვებლების პერსპექტივას დააღწიოს თავი და ობიექტურადშეაფასოსჯეიკობი. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას თავადვე აცნობიერებს ამ გადაწყვეტილების, შესაბამისად, ზოგადად, ადამიანების მიუკერძოებლად, ზუსტად დახასიათების აბსურდულობას და ჯეიკობის აღწერას ასე აბოლოებს:
„ყველა ფუჭ გარჯას შორის მისი თვისებების ამგვარი ჩამოთვლა იყო ამაოზე ამაო. ერთადერთი სიტყვაც კი იკმარებდა, მაგრამ ვინ იპოვიდა ამ სიტყვას?“
იქნებ სხვებიც, ყველა, ვინც ჯეიკობის არყოფნას გრძნობს საკუთარ ცხოვრებაში, ყველა, ვინც მასზე ლაპარაკს ცდილობს, ამ ერთადერთ სიტყვას ეძებს მთელი რომანის განმავლობაში? შესაძლოა, „ჯეიკობის ოთახი“ სწორედ ასეთ „ერთადერთ სიტყვებზეა“, სიტყვებზე, რომლებიც არასოდეს ვიცით და რომელთა მიუწვდომლობის შესანიღბად ვლაპარაკობთ ერთმანეთზე დაუსრულებლად.
თაკო წულაია