ავტორის წინასიტყვაობა
ეს წიგნი დაიწერა 1830 წლის ზამთარში, პარიზიდან სამასი მილის მანძილზე, ამიტომ მასში გადაკვრითაც კი არაფერია ნათქვამი 1839 წლის ამბებზე.
ამაზე მრავალი წლით უფრო ადრე, როდესაც ჩვენმა ჯარებმა მთელი ევროპა მარშით განვლეს, შემთხვევის წყალობით ერთი კანონიკის (კანონიკი - კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, ეპარქიასთან არსებული სასულიერო საბჭოს წევრი.) სახლში დავბინავდი. ეს იყო პადუაში, იტალიის მშვენიერ ქალაქში. რადგანაც იქ ყოფნა გამიგრძელდა, მე და კანონიკი დავმეგობრდით.
როდესაც 1830 წლის დასასრულს ისევ პადუაში მოვხვდი, მე კვლავ კეთილი კანონიკის სახლს მივაშურე. ვიცოდი, რომ მოხუცი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ერთხელ კიდევ მინდოდა, მენახა ის სასტუმრო დარბაზი, სადაც გამეტარებინა მრავალი სასიამოვნო საღამო, შემდეგ ხშირად დიდი სინანულით რომ მომიგონებია. იქ ახლა ცხოვრობდნენ განსვენებულის ძმისწული და მისი ცოლი, რომელთაც ძველი მეგობარივით მიმიღეს. მოვიდა აგრეთვე რამდენიმე სტუმარი და გვიანობამდე ვისაუბრეთ. კანონიკის ძმისწულმა პედროტის ყავახანიდან საუცხოო Zambaione (Zambaione (იტალ.) - გოგლიმოგლი.) მოატანინა, მაგრამ ჩვენი მათთან დიდხანს დარჩენის მიზეზი უმთავრესად იყო ჰერცოგ სანსევერინას მეუღლის ისტორია: რომელიღაც მათგანმა გაკვრით ახსენა იგი და კანონიკის ძმისწულმაც, ჩემთვის რომ ესიამოვნებინა, ეს თავგადასავალი მთლიანად გვიამბო.
- იმ ქვეყანაში, სადაც მე ახლა მივემგზავრები, - ვუთხარი ჩემს მეგობრებს, - ვეღარ ვიპოვი სხვა ამისთანა საზოგადოებას და საღამოს დაუსრულებელი საათები რომ შევიმსუბუქო, წიგნს დავწერ თქვენი საყვარელი ჰერცოგ სანსევერინას მეუღლის ცხოვრების შესახებ.
- რაკი ასეა, - თქვა კანონიკის ძმისწულმა, - მე მოგართმევთ ბიძაჩემის ჩანაწერებს, სადაც იმ თავში, პარმის აღწერას რომ შეიცავს, იგი ლაპარაკობს მისი სამეფო კარის იმდროინდელ ზოგიერთ ინტრიგაზე, როცა ჰერცოგის მეუღლე იქ ყველაზე გავლენიანი პიროვნება ყოფილა. მაგრამ გაფრთხილებთ! ამ ისტორიაში ბევრი არაფერია მაღალზნეობრივი და ახლა, როდესაც თქვენ, ფრანგებს, ასე მოგაქვთ თავი სახარებისეული უბიწოებით, ეს წიგნი ნამდვილი მკვლელის სახელს მოგიპოვებთ.
მე ამ ნაწარმოებს შეუცვლელად ვაქვეყნებ, ისე, როგორც 1830 წელს დაიწერა, თუმცა ამას შეუძლია ორგვარი უხერხულობა წარმოქმნას.
პირველი მკითხველს ეხება: მოქმედმა პირებმა, როგორც იტალიელებმა, შესაძლებელია, ნაკლებად დააინტერესონ იგი, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი ძალზე განსხვავდებიან ფრანგებისგან; იტალიელები გულახდილები და კეთილნი არიან და არაფერი აშინებთ, - ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ; პატივმოყვარეობას მხოლოდ ხანდახან იჩენენ და მაშინ იგი იქცევა გატაცებად, რომელსაც Puntiglio-ს (Puntiglio (იტალ.) - გულაზიზობა; კეთილსინდისიერება.) უწოდებენ. დასასრულ, სიღარიბის გამო ისინი ადამიანს აბუჩად არ იგდებენ.
მეორე უხერხულობა ავტორს შეეხება: ვაღიარებ - სითამამე მეყო, რომ ყოველი მოქმედი პირისთვის შემენარჩუნებინა მისი ხასიათის სიმძაფრე, მაგრამ, სამაგიეროდ, და ამას გაბედულად ვაცხადებ, ბევრ მათ საქციელს მაღალი ზნეობის თვალსაზრისით ვკიცხავ. რად უნდა დამეჯილდოებინა ისინი ფრანგთა ხასიათის უმაღლესი სათნოებითა და მშვენიერებით? ფრანგებს ხომ ყველაზე ძლიერად ფული უყვართ და არასოდეს სცოდავენ სიყვარულისა თუ სიძულვილის კარნახით? ამ რომანში გამოსახული იტალიელები მათგან ძლიერ განსხვავდებიან. თუმცა, ჩემი ფიქრით, საკმარისია, კაცმა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ორასი მილით გადაინაცვლოს, რომ მის წინ ყველაფერი იცვლება: პეიზაჟიც და რომანიც. კანონიკის თავაზიან რძალს კარგად სცნობია და ძალიან ჰყვარებია ჰერცოგ სანსევერინას მეუღლე და მთხოვს, არაფერი შევცვალო მის თავგადასავალში, თუმცა საძრახისი ბევრი რამ არის.
1839 წლის 23 იანვარი