1 ყველაფერს აქვს ბზარი, სწორედ
აქედან აღწევს შიგნით სინათლე
ჯერ არ გათენებულიყო, აღმოსავლეთის ცაზე ღრუბლების შორეული მხარე ვერცხლისფრად ელვარებდა ჯერ კიდევ ჰორიზონტს მიღმა დამალული მზის მოზღვავებული ენერგიით, რომელიც ეს-ესაა გადმოლახავდა ჰორიზონტს და ლავასავით გადმოენთხეოდა ქალაქს.
ფანჯარაში დროში გაყინული პეიზაჟი მოჩანდა. ილო გაშეშებული მზერით გასცქეროდა ამ ნაცნობ სურათს, თითქოს მასში რაიმე სიახლის პოვნა უნდოდა. პირში გამჯდარი სიმწარე და საფეთქლებში მოწოლილი ყრუ ფეთქვა ახსენებდა, რომ ალკოჰოლს მისი დღეები ერთფეროვან, ნელ დინებად ექცია. უკვე თვეზე მეტია, ამ კედლებს არ გასცილებია. სახლში თითქოს ყველაფრისგან დაცული იყო: ქუჩისგან, მეგობრებისგან და იმ უცნაური შიშისგან, რომელიც გარეთ გასვლისთანავე ყელში მარწუხივით უჭერდა. ყველაზე მეტად მაინც გათენება უმძიმდა. დღის შუქთან ერთად ტელეფონიც აწკრიალდებოდა და მეგობრები ისევ დაიწყებდნენ მის დაბრუნებას იმ სამყაროში, სადაც ყოფნა აღარ შეეძლო.
განთიადისას ფანჯრიდან დანახულმა ხედმა მონეს რომელიღაც ტილო გაახსენა, ცის უსასრულო სივრცე და ხეების ჩამომდნარი კენწეროები, რომლებიც თითქოს ჰაერში გამოკიდულანო. ამ მოგონებამ გონებაში რაღაც უხილავ სიმს გაჰკრა ხელი. იგრძნო, როგორ გაკრთა მასში სინათლის ნაპერწკალი, თითქოს წლების განმავლობაში მიძინებულმა ფიქრებმა ერთბაშად გამოიღვიძეს. ეს უეცარი გაელვება მცხუნვარე ტალღასავით მოედო სხეულის თითოეულ უჯრედს და იგრძნო, როგორ გაათბო ერთიანად. იატაკიდან თავი წამოწია და ფანჯრის უძრავი სურათიც თითქოს გამოცოცხლდა. იდაყვს დაეყრდნო, საფერფლისკენ გადაიხარა და ნამწვები გაქექა, თუმცა თამბაქოშერჩენილის ნასახიც ვერ იპოვა. თვალი ბოთლებს მოავლო, მაგრამ შუშის მწვანე ჭურჭელში მხოლოდ სინათლე ირეკლებოდა, ყველა ცარიელი იყო.
ისევ ზურგზე მიესვენა და სიძველისგან დამუქებულ ჭერს მიაშტერდა. ჭაღის ნათურების სიმხურვალის ანაბეჭდები შავ ლაქებად აზნექილიყო გაჭიმულ ბიაზზე. გახუნებული შპალერი ალაგ-ალაგ დასცილებოდა კედლებს, ერთგან მის საბოლოო ჩამოშლას მხოლოდ ხის ძველი კარადა აკავებდა. ერთ დროს ფერადი და ცოცხალი პრინტი ახლა ერთიან, მოყვითალო-მონაცრისფრო მასად ქცეულიყო. კედლებზე მკრთალი, მართკუთხა ნაკვალევი დარჩენილიყო იმ სურათებისგან, რომლებიც ოდესღაც ამ ოთახს ამშვენებდა. ამ სიცარიელეში, იატაკზე ლუდისა და არყის ცარიელი ბოთლები ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ქვებივით ეყარა.
ფანჯარაში გაყინული პეიზაჟი ნელ-ნელა შეიცვალა. ვერცხლისფერი ჰორიზონტი ჯერ გაწითლდა, მერე კი მზე საბოლოოდ ამოიწვერა და ოთახში მკვეთრი სინათლე შემოიტანა. ილო გაუნძრევლად იწვა და უსმენდა, როგორ იღვიძებდა ქალაქი. ქუჩის გადაღმა, პროსპექტზე მძიმე ავტობუსი ხუნდების ჭრიალით გაჩერდა. შორეული ტრანსპორტის ყრუ გუგუნი თანდათან მატულობდა. ზედა სართულზე მეზობლის ბავშვმა აჩქარებული ნაბიჯებით გაირბინა, ეზოში ვიღაცამ მანქანა დაქოქა... დრო იწელებოდა. როცა კედელზე ჩამოსრიალებულმა მზის შუქმა იატაკამდე ჩამოაღწია და ილოს თვალებში შეანათა, ის უკმაყოფილოდ გადატრიალდა და წამოდგომა სცადა. ძალების მოკრებას დიდი დრო მოანდომა. ბოლოს, როცა შიმშილის გრძნობა გაუსაძლისი გახდა, საკუთარი ძვლების გროვას როგორც იქნა თავი მოუყარა და იატაკიდან ნელი, მძიმე მოძრაობით წამოიზლაზნა. ბოლომდე წელში მაინც ვერ გაიმართა და ასე, ოდნავ მოხრილი, სამზარეულოსკენ გალასლასდა. ცალი ხელით კარადას დაეყრდნო, მეორეთი მაცივრის კარი გამოაღო. კარგა ხანს უყურა შიგნით გამეფებულ სიცარიელეს და მიხვდა, რომ უკეთეს შემთხვევაში, ისევ ნისიად მოუწევდა რამის ჭამა.
ილომ პერანგი და შორტები ჩაიცვა, ფეხები კარებთან მიყრილ ჩუსტებში გაუყარა და ხის კარის სახელურს ხელი ჩაავლო. ლითონი ცივი იყო და ხელისგულზე ნესტის სისველე დატოვა. გარეთ გაღწევის სურვილსა და იმ გაუგებარ პანიკას შორის, რომელიც სულს უხუთავდა, ახლა მხოლოდ ეს ერთი მოძრაობაღა აშორებდა.
კარი მძიმედ, გამაღიზიანებელი ჭრიალით გაიღო. სადარბაზოში ჩვეული, მტვრიანი სინათლე იღვრებოდა, რომელშიც პატარა ნაწილაკები ზარმაცად ცეკვავდნენ. ილომ ფეხი კიბის ძველ, გაცვეთილ საფეხურს დააბიჯა. სხეულში უსიამოვნო სიცივემ დაუარა. გონებაში ისევ ამოუტივტივდა ის შემთხვევა, რომელმაც საკუთარ ბინაში გამოკეტა.
ადრეც მოსჩვენებია თავისი ასლი, მაგრამ ყოველთვის "მოსაწევს" ან დაღლილობას აბრალებდა და ჰალუცინაციად ნათლავდა. თუმცა ის, რაც რამდენიმე კვირის წინ, ზუსტად ამ კიბეებზე შეემთხვა, სრულიად სხვაგვარი იყო.
სადარბაზოდან გასვლისას კარი გამოაღო და უცებ ზურგზე გამჭოლი, ყინულივით ცივი მზერა იგრძნო, თითქოს კეფაზე ვიღაცამ ყინულის ნატეხი დაადოო. მკვეთრად შემოტრიალდა და გაშეშდა. იქ, ნახევრად სიბნელეში, ისევ ის მამაკაცი იდგა. იგივე აღნაგობა, იგივე სახის ნაკვთები... ოღონდ ეს აღარ იყო ბუნდოვანი ლანდი. ის იმდენად ცოცხალი და ხელშესახები ჩანდა, რომ ილოს სუნთქვა შეეკრა.
უცნობი უსიტყვოდ იდგა და საჩვენებელი თითით ერთ-ერთ საფეხურზე მიანიშნებდა. ილო შიშისგან გაიყინა, ის კი მოჩვენებასავით გაქრა.
ილო ბინაში შებრუნდა და მას შემდეგ მხოლოდ აუცილებლობისას გამოდიოდა და ისიც ცოტა ხნით. ტვინს ორი ეჭვი უღრღნიდა: ან საბოლოოდ გაგიჟდა, ან ვიღაცას მისი გაგიჟება უნდოდა.
ახლაც, სადარბაზოს