წინათქმა ჩემი მოგონებების ამ ნაწილში მოყოლილი მაქვს უმთავრესად ის ამბები, რისი მომსწრეც ვიყავი, რაც პირადად ვნახე და მოვისმინე 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 8 იანვრის ჩათვლით. ზოგან საჭიროდ ჩავთვალე ჩემი პირადი გამოცდილების დამოწმება შემდგომ მიგნებული ფაქტებით. აქ მოყვანილი ცნობები ზღვაში წვეთია იმ ინფორმაციებთან შედარებით, რომლებსაც პუტჩის დაწყების დღიდან რამდენიმე წელი ვაგროვებდი. არ ვიცი, დამრჩა თუ არა დრო, ეს უზარმაზარი მასალა მოვაწესრიგო და ნაწილი მაინც გამოვცე. კასეტები, რომლებზეც იმ დაძაბულ დღეებში ოცამდე ინტერვიუ მაინც ჩავიწერე, ამერიკაში დაბრუნებისთანავე „ამერიკის ხმის“ ქართული განყოფილების უფროსს, ბატონ ბრამ ჰირშს (ბრამ ჰირსჰ) გადავეცი. ზოგიერთი მათგანი ჩემი არქივისთვისაც გადმოვიწერე და ვაპირებდი ნელ-ნელა დანარჩენებიც გადმომეტანა. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ ბატონ ჰირშს აგრესიული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მან ცოტა ხანში სამსახური დატოვა. რა ბედი ეწია ჩემს ჩანაწერებს, არ ვიცი. ვშიშობ, სამუდამოდ დაიკარგა.
მოგონებების ბოლოში მოთავსებული ინტერვიუები გაზეთ „ლაშარის გორში“ დაიბეჭდა 1996-97 წლებში. ჩემი კასეტები კი, რაც კი შემომრჩა, საქართველოს ეროვნულ არქივს გადავეცი.
დოდონა კიზირია
ბლუმინგტონი-თბილისი
2018 წელი