ქალი, რომელსაც ფინია ჰყავს -
I
სანაპიროზე თურმე ვიღაც ახალი მოაგარაკე ჩამოვიდა. თქვეს, ქალია და პატარა ფინია ჰყავსო. გუროვი აგერ ორი კვირაა იალტაში იმყოფება, თვალი შეაჩვია ყველას და ამიტომაც ჩამოსულების ნახვა ახალისებდა. ვერნეს პავილიონიდან თვალი მოჰკრა სანაპიროზე მიმავალ ქალს. საშუალო ტანის იყო, ქერა და ბერეტი ეხურა. უკან თეთრი ფინია მისდევდა.
მერე ქალაქის ბაღსა და სკვერშიც შეხვდა რამდენჯერმე. ისევ პატარა ფინია მისდევდა, ბერეტი ეხურა და მარტო იყო. მისი ვინაობა არავინ იცოდა. ამიტომ შეარქვეს, ქალი, რომელსაც ფინია ჰყავს.
„თუ უქმროდაა და არც ნაცნობები ჰყავს, მართლა კი გაეცნობოდა კაცი“, - იფიქრა გუნებაში.
გუროვს მეორე კურსზე შერთეს ქალი, ახლა უკვე თორმეტი წლის გოგონა და ორი გიმნაზიელი ბიჭი ჰყავდა, თუმცა ორმოცისაც არ იქნებოდა. მისი ცოლი ზორბა, დარბაისელი, გრუზაწარბება ქალი იყო, გარეგნულად ქმარზე ბევრად ხნიერი. თავი მოაზროვნე არსებად მიაჩნდა, ქმრის თვალში კი ერთი ჭკუამოკლე, უშნო ვინმე იყო, ეშინოდა მისი და შინ ყოფნაც მოსძულებოდა.
ცოლს უკვე კარგა ხანია ღალატობდა. ქალებსაც ამიტომ მუდამ აგდებით იხსენიებდა და დაბალ რასად ნათლავდა, თუკი სადმე ჩამოვარდებოდა მათზე საუბარი. მისი აზრით, საკმაოდ მწარე გამოცდილება აძლევდა ამის ნებას. თუმცა ამ დაბალი რასის გარეშე ერთი დღეც ვერ გაეძლო. მამაკაცებთან საუბარი არ ეხალისებოდა, მათ წრეში მუდამ სწყინდებოდა და თავი განზე ეჭირა. ქალებში კი სალაპარაკო არასოდეს ელეოდა, იცოდა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო, თავს ლაღად გრძნობდა და არც დუმილი უმძიმდა მათთან. ქალებსაც მუდამ მოსწონდათ მისი გარეგნობა, ის იდუმალი ძალა, რასაც მასში გრძნობდნენ და გუროვიც ალბათ ამიტომ ილტვოდა მათკენ.
დიდმა და მართლაც მწარე გამოცდილებამ რა ხანია დაარწმუნა, რომ ყოველი ახალი დაახლოება, რაც ესოდენ ახალისებს ცხოვრებას, ესოდენ იოლად და საამურად გეჩვენება, წესიერ ადამიანს, მეტადრე ბუნებით ზანტსა და მერყევ მოსკოველს, უთუოდ ფრიად დახლართულ და ბოლოს სამძიმო გამოცანად ექცევა. მაგრამ ყოველი ლამაზი ქალის გაცნობაზე ეს გამოცდილება სადღაც უკვალოდ ქრებოდა, კვლავ სწყუროდა სიცოცხლე და კვლავ ყოველივე იოლად ესახებოდა.
ერთ საღამოს გუროვი ბაღში სადილობდა; ბერეტიანი ქალი ნელა შემოვიდა და გვერდით მაგიდას მიუჯდა. გარეგნობა, მიმოხრა თუ ჩაცმულობა იმას მოწმობდა, რომ კარგი ოჯახიდან იყო, გათხოვილი, იალტაში პირველად ჩამოსული, თანაც მარტო და უკვე მოსწყენოდა. ის ჭორები, რაც აქ ჩამოსულთა მსუბუქ ყოფაქცევაზე დადიოდა, გუროვს არ სწამდა. იცოდა, ეს ყოველივე იმ ხალხის შეთითხნილი იყო, ვინც სიამოვნებით შესცოდავდა, ღმერთს რომ ამის შნო მიეცა, მაგრამ ქალის დანახვაზე გაახსენდა ყველა ეს ჭორი მთებში სეირნობასა და ქალის გულის იოლად მონადირების თაობაზე, გაახსენდა და უცებ მოუნდა ამ უცნობ ქალთან წუთიერი დაახლოება, მერე რა, რომ არც სახელი იცოდა მისი და არც გვარი.
გუროვმა ფინია მიიტყუა და მერე თითი დაუქნია. ფინიამ შეუღრინა, გუროვმა ხელახლა დაუქნია თითი.
ქალმა შეხედა და მაშინვე დახარა თავი.
- არ იკბინება, - უთხრა და წამოწითლდა.
- შეიძლება ძვალი მივცე?
ქალმა თავი დაუქნია.
- იალტაში დიდი ხანია ჩამობრძანდით? - ჰკითხა გუროვმა.
- უკვე მეხუთე დღეა.
- მე კი აგერ მეორე კვირაა აქ ვარ.
მცირე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
- დრო მალე გადის, ოღონდაც მოწყენილობაა! - ჩაილაპარაკა ქალმა, თუმცა არ შეუხედავს.
- ასე ამბობენ ხოლმე! თორემ ცხოვრობს კაცი ბელევოში ან ჟიზდროში და მოწყენას არ გრძნობს. აქ კი ჩამოვა და „ვაი, რა მოწყენილობაა!“, გაიძახის. გეგონება, გრენადიდან ბრძანდებოდეს ჩამოსული.
ქალს გაეცინა. მერე ისევ უბრად განაგრძეს ჭამა. ნასადილევს კი ერთად წამოვიდნენ ლაპარაკითა და სიცილით თავისუფალი და კმაყოფილი ადამიანების კვალობაზე, რომელთათვის სულერთია, სად წავლენ და რაზე ისაუბრებენ. თქვეს, თუ რა უცნაურადაა ზღვა განათებული, რომელსაც საოცრად ნაზი ლილისფერი დაეკრა და მთვარის შუქი ოქროს ზოლივით გასდევდა. ისიც თქვეს, რომ დღეს ცხელა და ჰაერიც ჩაიხუთა. გუროვმა უამბო, რომ მოსკოველია, განათლებით ფილოლოგი, მაგრამ ბანკში მუშაობს. ერთ დროს ოპერაში აპირებდა ემღერა, მერე კი თავი დაანება. მოსკოვში ორი სახლი აქვს... ქალისგან შეიტყო, რომ პეტერბურგში იყო გაზრდილი, გათხოვდა ს.-ში და ორი წელია უკვე იქ ცხოვრობს. იალტაში კიდევ ერთი თვე დარჩება. შეიძლება ქმარმაც ჩამოაკითხოს, მასაც თურმე დასვენება უნდა. მაგრამ სად მუშაობს მისი ქმარი, საგუბერნიო სამმართველოში თუ საერო გამგეობაში, ეს კი ვეღარ აუხსნა და თვითონაც გაეცინა ამაზე. სახელად თურმე ანა სერგეევნა ჰქვია.
ნომერში დიდხანს ფიქრობდა ამ ქალზე, რომელსაც ალბათ ისევ შეხვდება ხვალ. თუმცა ალბათ კი არა, უთუოდ. ისიც გაიხსენა, რომ თითქოს ეუცხოება ლაპარაკი