I
სოფელი უკლეევო ხევში იყო, ამიტომაც შარაგზიდან და რკინიგზის სადგურიდან მარტო სამრეკლო და საჩითავი ფაბრიკების მილები ჩანდა. გამვლელნი როცა კითხულობდნენ, რა სოფელიაო, ეუბნებოდნენ:
- ეგ ის არის, სადაც დიაკვანმა ქელეხში მთელი ერთი ქილა ხიზილალა შეჭამაო. ერთხელ მეფაბრიკე კოსტიუკოვს ჭირის სუფრა ჰქონოდა; მავან ბებერ დიაკვანს საუზმეულში დიდმარცვლოვანი ხიზილალა დაენახა და დაქიმითებულს დაეწყო ჭამა; ზოგს თუ მუჯლუგუნი წაეკრა, სხვას სახელო დაეწია, მაგრამ დიაკვანი სიამოვნებისგან თითქოს გახევებულიყო: თურმე არცრასა გრძნობდა, იდგა და იღმურძლებოდა. სანამ ოთხგირვანქიანი ქილა სულ არ ამოეჭამა, თავი არ გაენებებინა. და უკვე ბევრი წყალი იყო მას აქეთ ჩავლილი, ის დიაკვანი ცოცხლებში აღარ ერია, ხიზილალის ამბავი კი სუყველას ახსოვდა, ან ცხოვრება იყო აქ ასე უბადრუკი, ანდა ხალხს არ ჰქონდა მეტის შემჩნევის თავი და აკი ვერც ვერაფერი შეემჩნია ათი წლის წინათ მომხდარი ამ უმნიშვნელო შემთხვევის გარდა, ოღონდ ის კია, რომ სოფელ უკლეევოზედ სხვას არას ჰყვებოდნენ.
უკლეევო ციების ბუდე იყო, აქ ზაფხულობითაც ლაფი იდგა, მეტადრე იმ ღობეების ძირებში, ზედ უხვჩრდილიან ბებერ ტირიფებს რომ დაეხარათ ტოტები. მთელ სოფელში მუდამ სუნი ტრიალებდა ათასგვარი რამ წარმოების ნარჩენისა და ძმრისმჟავასი, რომელსაც ჩითის გამოყვანისას იყენებდნენ, ფაბრიკები-სამი საჩითავი და ერთი სადაბაღო-თვითონ სოფელში კი არა, სოფელგარეთ, მოშორებით იყო. დიდი არც ერთს არ ეთქმოდა, და სუყველაში ერთად ოთხასამდე მუშა თუ მოსაქმეობდა, მეტი არა. სადაბაღოს გამოისობით მდინარეში წყალი ყარდა, მორეული უწმინდურება წამლავდა ბალახს, აქაური გლეხკაცობის პირუტყვს სულ ერთიანად ჯილეხი სჭირდა, და დაბახანის დაკეტვა აკი ნაბძანები იყო, უკვე დაკეტილადაც ითვლებოდა, მაგრამ უბნის ბოქაულის და სამაზრო ექიმის ნებართვით ჩუმად მუშაობდა, რისთვისაც დაბახანის მფლობელი ყოველთვეობით თუმან-თუმანს აძლევდა ბოქაულსაც და ექიმსაც, მთელ სოფელში ორად ორი რიგიანი სახლი იდგა, ორივ ქვისა რკინით გადახურული; ერთში თემის გამგებლობა იყო, მეორეში, ორსართულიანში, ზედ ეკლესიის პირდაპირ, ციბუკინი ცხოვრობდა, გრიგოლ პეტროვი, ეპიფანელი მეშჩანი.
გრიგოლს საბაყლო ჰქონდა, ოღონდ ოდენ სხვათა თვალის ასახვევად, სინამდვილეში, არაყით, ხვასტაგით, ტყავეულით, ხორბლით, ღორებით ვაჭრობდა და არც კიდევ სხვას რამეს იწუნებდა სავაჭროდ, რასაც დაიხელთებდა. როცა, მაგალითად, საზღვარგარეთ ქალის ქუდებისთვის ჭრელად ნაკერ თავსაკრავზედ მოთხოვნილება გაჩნდა, თითო წყვილ თავსაკრავში ექვს შაურს იგებდა. ტყეს გასაჩეხად ყიდულობდა, მევახშეობდა, საერთოდ მოხერხებული ბერიკაცი იყო.
შვილი გრიგოლს ორი ჰყავდა. უფროსი, ონისიმე, პოლიციაში მსახურობდა, სამძებრო განყოფილებაში, და შინ ძვირად მოდიოდა. უმცროსი, სტეფანე, ვაჭრობას მიჰყვა და მამას ეხმარეობდა, თუმცა იმისგან დიდი დახმარების იმედი არა ჰქონდათ, რადგან ჯანსუსტი და ყრუჩუნა იყო; იმისი ცოლი აქსინია, ლამაზი, წერწეტა ქალი, ბედნიერ დღეს მზის ქუდითა და ქოლგით რომ იცოდა სიარული, დილაბინდზედ დგებოდა, გვიან წვებოდა და მთელი დღე მუხლი არ ჩახრიდა, კალთებაკეცილი დააჩხრიალებდა კლიტეებს, ხან ბეღელში იყო ხან მარანში, ხან დუქანში, და ბერი ციბუკინი მხიარულად გასცქეროდა ხოლმე რძალს, თვალები უბრწყინდებოდა და თან გულში ნანობდა, რომ აქსინია უფროსი ბიჭის კი არა, უმცროსის ცოლი იყო, ყრუჩუნასი, რომელსაც ქალის სილამაზისა ალბათ ბევრი არა გაეგებოდა რა.
ბერიკაცი ყოველთვის ოჯახური ცხოვრების ტრფიალი იყო და ქვეყნად ყოვლის უფრო თავისი ოჯახი უყვარდა, მეტადრე უფროსი ბიჭი-მაძებარი და რძალი. აქსინიამ, ყრუჩუნას ცოლი გახდა თუ არა, მაშინვე უჩვეულო ფხა გამოიჩინა და უკვე იცოდა, ვისთვის ნისიად უნდა გაეტანებინა, ვისთვის არა, კლიტეები თან დაჰქონდა, ქმარსაც არ ანდობდა, საანგარიშოს აჩხაკუნებდა, ცხენებს კბილებში უყურებდა, როგორაც გლეხკაცმა იცის, და სულ კისკისებდა ანდა ცაცხანებდა; და რა საქმეშიც, რა ლაპარაკშიც არ უნდა შესწრებოდა, იმის შემყურე ბერიკაც გული უჩუყდებოდა და ბუტბუტებდა:
-აი შენ კი გენაცვალე, ჩემო რძალო! მართლა სოფლის თვალო...
გრიგოლ ციბუკინი ქვრივი იყო, მაგრამ შვილის ქორწილის წლისთავზედ ვეღარ მოითმინა და თვითონაც მოიყვანა ცოლი... ქალიშვილი ქალი უპოვეს უკლეევოდან ოცდაათ ვერსზედ, ბარბარე ერქვა, კარგი ოჯახიშვილი იყო, უკვე ხნიანი ოღონდ ლამაზი, მოხდენილი. როგორც კი ბარბარე ზედა სართულის ერთ პატარა ოთახში დაბინავდა, მთელ სახლს შუქი მოეფინა, თითქოს ფანჯრებს ერთიანად ახალი მინები ჩაუსვესო. აინთო ბაზმები, მაგიდებს უმტვერო თოვლივით ქათქათა სუფრები დაფარდა, ფანჯრებზედ და ბაღჩაში წითელკოკრიანი ყვავილები გაჩნდა, სადილად რომ სხდებოდნენ, უკვე ერთი ჯამიდან კი აღარ შეექცეოდნენ, სუყველას თავთავისი თეფში ედგა. ბარბარე დიდ-პატარას სათნოდ, ალერსიანად უღიმოდა, და გარშემო თითქოს ყველაფერი იღიმებოდა. ეზოში, რაც ადრე არც როდის მომხდარა, გლახაკთ, უცხო მგზავრთ, ღვთის მსახურ დედაკაცთ იწყეს სიარული; ფანჯრებიდან საწყალობლად, ღიღინის ხმაზედ ავიშვიშდნენ და ავაგლახდნენ უკლეევოელი დიაცნი, იქავ დილით დილამდე