რასაც ვწერ - ლაპარაკები
მივდიოდით და მივლაპარაკობდით...
მე ვყვებოდი, როგორ ვმუშაობდი ღამღამობით ნავთლუღის რკინიგზის სადგურში მტვირთავად, როგორ ვეზიდებოდი ვაგონებიდან საბარგო მანქანებამდე ფქვილით, ცემენტით, გაჯით სავსე ტომრებს და გამთენიისას წელის მოწყვეტის საფასურს, ცოტაოდენ ფულს რომ მოვიგდებდი ხელში, სადამდე მივუყვებოდი იმ გზას, რომელზეც ახლა მივაბიჯებდით...
როცა მოსალოდნელზე ნაკლებ თანხას მომცემდნენ ან იმდენს, რამდენსაც შეპირებულები იყვნენ, მაკარონის საამქროსკენ გავრბოდი, უფრო სწორად, სწრაფად მივლასლასებდი. ერთი კვარტალი უნდა გამევლო საამქროს ჭიშკრამდე რომ მიმეღწია. სისხამი დილის მიუხედავად, იქ უკვე იდგა ხოლმე ხალხი. ორმოცდაათამდე თუ ვიყავით, ჩემსავით ღამენატეხი კაცები და ქალები, თითქმის ყველას გვიმართლებდა, ყველას გვხვდებოდა მდარე ხარისხის ფქვილისგან დამზადებული რუხი ფერის მოკლე მილაკები. ხუთ კილოზე მეტს არ იძლეოდნენ, ეს რაოდენობა კი ჩვენს სამსულიან ოჯახს ერთი კვირა ყოფნიდა მთავარ კერძად და ღვეზელების გამოსაცხობადაც, სადაც მარილწყალში დამბალი მაკარონი ყველის მაგივრობას სწევდა...
იშვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა ხოლმე ისე, რომ ვაგონის პატრონი ჩვენი, მტვირთავების მუშაობით კმაყოფილი, შეპირებულზე მეტ გროშებს ჩაგვითვლიდა ხელში და მაშინ კი, ხორცკომბინატისკენ ვიღებდი გეზს. იქ რიგში ჩადგომა, მუჯლუგუნებით გზის გაკაფვა და ჭიშკრის გისოსებს შორის ხელების გაყოფა ყურადღების მისაქცევად და ფულის მისაწოდებლად, არ მჭირდებოდა. ძველ ნაცნობს უნდა მივდგომოდი, საყარაულო ბუდრუგანაში რომ მორიგეობდა ღამეგამოშვებით და მისგან უნდა მეყიდა ის, რაც ლამის დელიკატესად მიაჩნდათ დამშეულ ქალაქში – ძეხვი. როგორც თვითონ ამბობდა, კომბინატის დარაჯობაში ფულის ნაცვლად ხორცპროდუქტებით – ძეხვებითა და სოსისებით უხდიდნენ და თუ ჰყიდდა, თავისას ჰყიდდა დროდადრო. სულ არ მაინტერესებდა, საკუთარს მითმობდა თუ სხვისას, რადგან ამოვიჩრიდი თუ არა იღლიაში არაბუნებრივად წითელ სერვილადს, უმალ ის სურნელი შემიღიტინებდა ცხვირში, რომელსაც მისი თხელი ნაჭრები აუშვებდნენ თუჯის დიდ, ძირგამურულ ტაფაზე აშიშხინებისას...
საკვების გარდა, სათბობზეც უნდა გამეწვდინა გასამრჯელო. ყველაზე შორს მის მოსაპოვებლად მიწევდა წასვლა, გრძელ მზიან ამინდშიც პირქუშ, ჩამოფხავებულ კორპუსებს შორის მოქცეულ პროსპექტის ბოლოს. ორ ბოძზე მიმაგრებულ კიდეებჩაჟანგებულ ფირნიშზე "ავეჯის ქარხანა" ეწერა, მაგრამ მის მიღმა მდგარ საავიაციო ანგარის მსგავს შენობაში მუშაობა კარგა ხნის შეწყვეტილი იყო – არც ხელოსნების გადაძახილ-გადმოძახილს გაიგონებდით და არც ელექტროხერხის ზუზუნს. იქაურობა შემორჩენილი მასალის – გრძელი გაურანდავი ფიცრებისა და დაწნეხილი ნახერხისგან დამზადებული გლუვზედაპირიანი დაფების საწყობად იყო ქცეული. ქალაქელები შეშას, რა თქმა უნდა, ჩემნაირი ხელმოკლეები აქ შოულობდნენ. ვყიდულობდი იმდენს, რამდენის წაღებასაც შევძლებდი. თადარიგიანად წამოღებული თოკით ვკრავდი ფიცრებს და დაფებს, რომლებსაც ჯერ ერთმანეთზე ვაწყობდი და როცა ზურგი დამეღლებოდა მძიმე ტომრებზე მეტად გასაძლები მოუხერხებელი ტვირთის ზიდვით, გავერანებულ ასფალტზე ხელით მივახოხიალებდი თოკის გრძელი ბოლოთი. შინ მიტანილს წვრილად დავჩეხავდი და თუნუქის ღუმელს ისე ავაგუზგუზებდი, მისი ნაჩვრეტებიდან, სითბოსთან ერთად, შუქიც ეფინებოდა ხოლმე გამოციებულ და ჩაბნელებულ ოთახს...
ჩემი თანამშრომელიც თავისას ჰყვებოდა...
ხევსურეთში ასვლას იხსენებდა მეგობართან, ყოფილ თანაკურსელთან, თითქმის დაცლილ, შვიდკომლიან სოფელში რომ მასწავლებლობდა. სამი საბარგო მანქანის ძარაზე უჯაყჯაყია სანამ ადგილამდე ჩააღწევდა. პირველს, ჟინვალამდე მიმავალს, ცარიელი ბიდონები მიჰქონდა თურმე, მეორეს, ბარისახოში ჩამყვანს – თუნუქის ჟანგმოკიდებული ფირფიტები. მესამეს, დათვისჯვრის უღელტეხილის გადამლახავს – თოფრაკებში ჩაჭუჭკნული ნახმარი ტანსაცმელი. მასპინძელი სიხარულით ცას სწევია მეგობრის მოულოდნელი სტუმრობით. მთელი დღის ნაჯანჯღარები მოუსვენებია, ხავიწითა და ჟიპიტაურით გამასპინძლებია, სიპებით ნაშენი კოშკები დაუთვალიერებინებია, გულიც უჯერებიათ სტუდენტური წლების გახსენებით. ორი დღის მერე ეპირებოდა თურმე წამოსვლას და ვერ მოხერხებულა, მანქანა აღარ გამოჩენილა. ერთი ღამეც გაუთევია და დილას დაუჩემებია, ფეხით წავალო. მეგობარს ორი კარგა მაგრად გატიკნილი ზურგჩანთა გამოუტანია სახლს მიდგმული ფარდულიდან და შეუთავაზებია, ამსიმძიმე ბარგს მარტო ვერ ათრევ, მეც გამოგყვებიო. ერთი ზურგჩანთა კარტოფილით აუვსია, მეორეში – ქილა ერბო, ერთი თავი ყველი და დამარილებული ხორცი ჩაულაგებია. ძღვენსა და გაცილებაზე ჯერ ცივ და მერე ხვეწნით ნათქვამ უარს შედეგი არ გამოუღია. უღელტეხილზე თანხლებას არ დასჯერებია მასპინძელი, ბარისახომდეც ჩაუცილებია და იქ, მცხეთისკენ ამგზავრებული ნაცნობი მძღოლის ადამისჟამინდელ "ვილისში" ჩაუსვამს სტუმარი...
მეუღლეს ლამის ორი თვე უმყოფინებია ოჯახისთვის ხევსურეთიდან ჩამოტანილი ხორაგი...
* * *
შვიდასი მილიონი კუპონი გვქონდა და ქაღალდის საყიდლად მივდიოდით. გაზეთისთვის გვინდოდა, რედაქტორის დავალებას ვასრულებდით, ფულიც მისი გამოტანებული გახლდათ. საწყობში დოლარები უნდა გადაგვეხადა, ამისათვის კუპონების გადაცვლა იყო საჭირო. შვიდასი მილიონი კუპონით ხუთასი დოლარის ყიდვა შეგვეძლო. სწორედ ამდენს ითხოვდნენ ტონა-ნახევარ ქაღალდში. საწყობი სადღაც შორს, "ზეემკას" სასაფლაოსთან იყო. ფულის გადასაცვლელად ისნის ბაზრობის ქვედა შესასვლელთან მივედით, ადრიანად, ლამის გამთენიისას. კუპონი დღეში რამდენჯერმე, თანაც საგრძნობლად უფასურდებოდა და გვინდოდა დოლარის იმ კურსისთვის მიგვესწრო, რაც წინა საღამოს იყო.