ამბები - დაკარგული ამბავი გამთენიისას, დილაბნელზე გაუღვიძებია დედას. ხურჯინი უკვე ჩაბარგებული ჰქონია, თითო ჭრელ ტოპრაკში ხუთ-ხუთი ცალი, სულ ათი ქილა. თვითონ რომ მიდიოდა მაწვნის გასაყიდად, მეტს აწყობდა, შვილისთვის კი, წვრილკისერა, კაფანდარა ბიჭისთვის ეს ათიც ებევრებოდა. დედის დასამშვიდებლად ბიჭს ქოხშივე გადაუკიდებია ხურჯინი და გაუვლ-გამოუვლია, აქაოდა, სულ არ მემძიმება ტვირთიო. პურის ნატეხისთვის თაგვის სამყოფი ყველი მიუტანებია, საკერებლებდადებულ ხალათზე მამის ნაქონი ჯუბა მოუცვამს და დადგომია გზას.
ქრისტეშობისთვე მდგარა, ის დრო, ზამთარი რომ ძალას იკრებს, გორაკებს თოვლით რომ ათეთრებს და მათ შორის გაკლაკნილ ბილიკებს თხელი ყინულით სარკავს. ფეხი რომ არ ასრიალებოდა, წინწახრილს უვლია. ქალამნებიც გამოსდგომია, არც ისე ძველებს და ძირებზე ხაოებშემორჩენილებს არ გასჭირვებიათ მიწის მოყინულ ზედაპირზე მოჭიდება. სვენებ-სვენებით, საათნახევარი-ორი საათი მოუნდომებია ქალაქამდე ჩაღწევას. სოლოლაკს რომ მიდგომია ზედა მხრიდან, დაღლილი, მაგრამ კაი გახურებული ყოფილა.
ჩაჰყოლია ქვაფენილიან ქუჩას და იმ ადგილას გაჩერებულა, იქ გადმოუღია ხურჯინი მხრიდან, სადაც დედას მიუსწავლებია – ერთი მაღალი, მდიდრული სახლის წინ. მზე რომ კარგად ამოიწვერებოდა, ამ სახლის მეორე სართულის განაპირა ფანჯრიდან ქალბატონს უნდა გადმოეხედა და თავისთან მიეხმო. ორი ქილა უნდა აეტანა მასთან, ორი შაური გამოერთმია და მხოლოდ ამის მერე გაეგრძელებინა გზა, სხვა ქუჩები მოევლო დარჩენილი რვა ქილის გასაყიდად.
დიდხანს დასჭირვებია ლოდინი. ჯერ წვერგაბარჯღულ მეეზოვეს ჩამოუვლია, გრძელტარიანი ცოცხი უფხაკუნებია ღამით დაფიფქულ ქვაფენილზე. ბრაზიანი მზერა შეუვლია ბიჭისთვის და რაღაც ჩაუბურდღუნებია უცხო ენაზე. მერე წოწოლა ქუდიანი, ნაკლებად პირქუში კაცი გამოჩენილა, რომელსაც გრძელი ჯოხის ბოლოზე მიმაგრებული რკინის ფიალით ერთი მეორის მიყოლებით ჩაუბნელებია მოყვითალო შუქით განათებული ფარნები. რამდენიმე პატარა, მოცახცახე ალის გაქრობით, თითქოს უფრო აციებულა ქუჩაში, ყოველ შემთხვევაში, ბიჭს ასე მოსჩვენებია...
ღრუბლებს მიღმა მყოფი მზე რომ მოღონიერებულა და ერთიანად გადანაცრისფრებულ ცას თანდათან რომ შეჰპარვია ნათელი, ბიჭს თვალმოუცილებლად დაუწყია ცქერა მდიდრული სახლის ფანჯრებისკენ – ან ახლა გადაიწევა ფარდა, ან – ახლა და დამიძახებს ვინმეო...
ერთ ადგილას დიდხანს დგომით გაბეზრებულისთვის სიცივესაც დაურევია ხელი. კანკალს აუტანია, ვეღარც მიტყუპებული ხელის მტევნების სახესთან მიტანას და სულის შებერვას უშველია და ვეღარც ასკინკილას, ხან მარჯვენა და ხან მარცხენა ფეხზე. წამოუვლია ხელი თავისი ავლა-დიდებისთვის და დაშვებულა ქვევით. აუჩქარებია და აუჩქარებია ნაბიჯი, ფეხის ასრიალებას ვინღა დაეძებდა, ოღონდაც გამთბარიყო, თუმცა ხურჯინი მაინც მაგრად ჰქონია ჩაბღუჯული, მხრიდან რომ არ დასცურებოდა ლამის სირბილით მიმავალს.
ბეჭებიდან წამოსულა სითბო და ცოცვა-ცოცვით ფეხის თითებამდე ჩაუღწევია. მოყოჩაღებულა, გაუხედ-გამოუხედავს. კანტიკუნტი გამვლელისთვისაც მოუკრავს თვალი და ერთი-ორი ეტლისთვისაც. საქმეს შესდგომია – მხრებში გამართულა და დაუწყია ძახილი, მაწონი, აბა, კარგი მაწონიო... რამდენჯერმე დაუძახია და ყოველ ჯერზე წინანდელზე უფრო ხმამაღლა. არავის შეუჩერებია, არავის უკითხავს – რას აფასებო... გული არ გაუტეხია, კვლავ ქვევით, იმ ადგილისკენ აუღია გეზი, სადაც სახელოსნოები და დუქნები, ხალხმრავლობა ეგულებოდა.
ვრცელი მოედანი გადაუჭრია, გვერდი ჩაუვლია მის შუაგულში აღმართული დიდი ქარვასლისთვის, ისევ თავდაღმართს დასდგომია და ბევრი უვლია თუ ცოტა, მისულა იქ, სადაც ყველა და ყველაფერი ახმაურებული დახვედრია. ზევით, უკაცრიელ ქუჩებში თუ მკაფიოდ ისმოდა მისი ხმა, აქ ის გრდემლზე დაცემული უროების ჯახანში, ხარაზებისა და თერძების, მეთუნეებისა და დაბაღების გადაძახილ-გადმოძახილში, ცხენების ფრუტუნსა და კამეჩების ზმუილში ჩაკარგულა...
დაბნეულა. იმის ფიქრში, რა ვქნა, რა მოვიმოქმედოო, ერთხანს გაშეშებულივით მდგარა. არც გაემტყუნებოდა, ცხრა წლის ბალღი პირველად იყო ქალაქში მარტო, თანაც დიდური დავალებით.
რომ გადაუწყვეტია, სათითაოდ ჩამოვუვლი ხელოსნებსო და ერთ-ერთი მათგანის, ტყავის ფეშტამალაკრული კაცისკენ დაძრულა, ვიღაცას შეუჩერებია უკნიდან. მიტრიალებულა და შუბლზე კარტუზჩამოფხატული, წვრილთვალება, ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ბიჭი შერჩენია ხელთ.
რას ჰყიდიო, უკითხავს მას და პასუხი რომ მოუსმენია, უთქვამს, მე დაგიცლი ხელსო. გახარებია, როგორ გამიმართლა, რა კეთილ ადამიანს გადავეყარეო და ხურჯინის ჩამოღება დაუპირებია ქილების ამოსალაგებლად. აქ არა, დახლი მიდგას აი, იქითო, აფუსფუსებული რიგის ბოლოსკენ გაუშვერია ხელი წვრილთვალებას, იქ გავსწორდეთო. მცირე მანძილის გავლაზე უარს როგორ ეტყოდა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნევია და ადევნებია უკან გზააბნეული ლეკვივით.
სულ ლამაზი, სულ პრიალა, სულ ერთიმეორეზე უკეთესი ნივთებითა და ნაკეთობებით ყოფილა რიგის ორივე მხარე დახუნძლული. მზერა კი გაქცევია რამდენჯერმე ვერცხლით მოსევადებული და ფერადი ქვებით ტარებმოოჭვილი ხმლებისა და ხანჯლებისაკენ, მაგრამ იმის შიშით, წინ მიმავალს არ ჩამოვრჩეო, ოდნავადაც არ შეუნელებია ნაბიჯი თვალის უკეთ შესავლებად... უცნაურად გამოწყობილ კაცებსაც მიუქცევიათ მისი ყურადღება – ვის წვეტებაპრეხილი წუღები სცმია, ვის ჭრელი, დაბამბული ქულაჯა, ზოგს ქუდის მაგივრად ნაჭერი ჰქონია შემოგრაგნილი თავზე, ზოგი