ლიტერატურული მანიფესტივით
თქვენ უნდა აღწეროთ ზღვებისა და ოკეანეების თვალჩაუწვდენელი სიღრმეები, მე ნაკადულს დავაკვირდები, რომლის ფსკერი ახლოსაა და კარგად მოჩანს ნაირგვარი, კრიალა კენჭები;
თქვენ საგა გიტაცებთ, ხანგრძლივი თხრობა თაობათა ცხოვრების შესახებ, მე ხანმოკლე ეპიზოდებით ვიფარგლები, ერთ-ერთი თაობის რომელიმე წარმომადგენლის ბიოგრაფიიდან;
თქვენ მასალა უნდა მოიძიოთ, შეისწავლოთ, გამოიკვლიოთ, რათა ვინმე ან რაიმე ამხილოთ, მე მოძიებულ მასალაში იმის აღმოჩენა უნდა შევძლო, რაც თანაგრძნობის, ნუგეშისცემის სურვილს აღმიძრავს;
თქვენ უნდა ბრძანოთ - გამომძიებელი ვარო, მე გეტყვით - შემწე გახლავართ-მეთქი;
თქვენ ვრცელი პანოები უნდა შეავსოთ შთამბეჭდავი ფიგურებითა და პეიზაჟით, მე პურის ნატეხის, წყლით სავსე ჭიქისა და დაკოჟრილი ხელების ხატვით დავკავდები;
თქვენ ანაპურნას და კანჩენჯანღას დაპყრობას განიზრახავთ, მე საბაზო ბანაკში დარჩენაზეც თანახმა ვარ, რადისტად, გაფაციცებული რომ უსმენს ახრიალებულ აპარატს, სიგნალი SOS რომ არ გამოეპაროს;
თქვენზე იტყვიან, პირუთვნელად და მკაცრად ასახავს რეალობასო, ჩემზე კი, მისი ტექსტები სენტიმენტალური და დაშაქრულიაო;
თქვან...
გამახსენდება, როგორ ამუნათებდნენ ერთ კარგ მწერალს წლების წინ, რა დროს მელიებზე და მწყერჩიტებზე წერაა "ატომის ეპოქაში"-ო და ჩემებურად გავაგრძელებ, მოვყვები ისე, როგორც ადრე ვყვებოდი პუდელის ლეკვზე, ფრენკ კაპრას ფილმის მისტიკურმა პერსონაჟმა რომ გადაარჩინა სიკვდილს, სოფლის სკოლის მასწავლებელ ქალზე, თავის საყვარელ საკითხავთა გმირების მსგავსად საგარეუბნო მატარებლით მგზავრობისას რომ გადაეყარა "ნანატრ პრინცს", ბიჭუნაზე,"იუვენტუსის" ათნომრიანი მაისურის საყიდლად შეკოწიწებული ფული უყოყმანოდ რომ გაიღო დედისათვის ცუდი შეტყობინების დასამალად, დიდწინაფრიან კარტუზზე, ჩამოფხატვისთანავე გავროშად რომ გაგრძნობინებს თავს და წიგნებზე, ძველებსა და ახლებზე, მკითხველთა დასაზაფრად რომ არ დაუწერიათ ავტორებს...