ნაწილი პირველი -
თავხედი ახალგაზრდა 1874 - 1908
საეჭვო წარმომავლობა
ბევრი მიიჩნევს, რომ არისტოკრატულმა წარმომავლობამ ჩერჩილის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. ვერ დავეთანხმები. ისეთი მრავალმხრივი, იდიოსინკრაზული და ამოუცნობი პიროვნება, როგორიც ჩერჩილი იყო, წარმოშობის წვრილმანებით ვერ შემოიფარგლებოდა. მიზნისადმი ერთგულებას და საკუთარი გამორჩეულობის რწმენას გაცილებით მაღლა აყენებდა, ვიდრე რომელიმე კლასის ან კლანისადმი კუთვნილებას. არც მამულები გააჩნდა, თუ არ ჩავთვლით დასავლეთ კენტში, ჩარტველის შემოგარენში 300 აკრის სადავო საკუთრებას - სახლს ლონდონიდან ოცდაოთხი მილის დაშორებით, რომელიც 1922 წელს მეგობრების ფინანსური დახმარებით შეიძინა.
ჩერჩილების წინაპარი, მალბოროს პირველი ჰერცოგი, ჯონ ჩერჩილი თავზე ხელაღებული მოჩხუბარი და კარგი მეომარი ყოფილა. მეთვრამეტე საუკუნის პირველ ათწლეულში არაერთხელ ისახელა თავი ფრანგებთან ბრძოლებში და სხვა ჯილდოებთან ერთად მშვენიერი სახლიც ხვდა წილად. სახლი, იმდროინდელი საზომებითაც, საკმაოდ მდიდრულად გამოიყურებოდა და ერთერთი ბრძოლის მოსაგონრად ბლენჰეიმის სასახლე დაერქვა.
1882 წელს გლედსტონმა, რომელიც საერთოდ ჰერცოგებისადმი პატივისცემით გამოირჩეოდა, განაცხადა, მალბოროს ჰერცოგებისთვის მორალი და პრინციპები უცხოაო. მეორე, მესამე და მეოთხე ჰერცოგებს ჩერჩილების გვარი არაფრით უსახელებიათ, მეხუთე ნიჭიერი მებაღე იყო, მაგრამ როცა მალბოროს მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე გაანიავა, იძულებული გახდა, მიეტოვებინა მამული, სადაც ბოტანიკოსის ხელობას ეუფლებოდა. მეექვსეც ასეთივე ახირებული და მფლანგველი ყოფილა. მეშვიდე ჰერცოგი, ლორდ რენდოლფის მამა და უინსტონ ჩერჩილის ბაბუა, ასე თუ ისე დარბაისელი კაცი, ათი წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი, დერბისა და დიზრაელის დროს საბჭოს პრეზიდენტი და დიზრაელის მეორე მმართველობის ბოლო ოთხ წელს ირლანდიაში მეფისნაცვალი გახლდათ.
მეშვიდე ჰერცოგის, როგორც მამის, ცხოვრება ერთდროულად დრამატულიც იყო და არეულიც. მისმა ერთმა შთამომავალმა ჩერჩილების გვარს ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ გაუთქვა სახელი, რაც 1722 წელს პირველი ჰერცოგის გარდაცვალების დღიდან აღარ მომხდარა. ლორდ რენდოლფის უფროსი ძმა კი, თანამედროვე გამოჩენილი ისტორიკოსის თქმით, „ერთერთი ყველაზე სამარცხვინო რეპუტაციის კაცი, ვისაც ოდესმე ბრიტანეთის პერის წოდება დაუმცირებია“, არცთუ ისე ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე - ითონიდან გარიცხეს, ორჯერ სექსუალურ სკანდალში გაეხვა, ჩხუბი აუტეხა უელსის პრინცს და გაყიდა მალბოროს ნახატების კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერთადერთი, რაც სასარგებლო გააკეთა, ბლენჰეიმის სასახლეში ელექტრობა და მარტივი ცენტრალური გათბობა გაიყვანა, ისიც მდიდარი ამერიკელი ცოლის სახსრებით. სხვათა შორის, მანვე ჩაუყარა საფუძველი ოკეანისგაღმელ ქალებზე დაქორწინების ტრადიციას ჩერჩილების ოჯახში.
უინსტონ ჩერჩილი 1874 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. უინსტონი იანვარში უნდა გაჩენილიყო, ჩარლზ სთრითზე, პატარა, თუმცა ფეშენებელურ სახლში. ეს სახლი მამამისმა იქირავა, მაგრამ ვინაიდან საცხოვრებლად ჯერ მოუწესრიგებელი იყო, გადაწყვიტეს, შემოდგომა ბლენჰეიმში გაეტარებინათ. მაგრამ ლედი რენდოლფმა ნაადრევად იმშობიარა და უინსტონი, სრულიად გაუთვალისწინებლად, ბლენჰეიმის სასახლეში დაიბადა. როგორც შემდეგ ლორდმა რენდოლფმა სიდედრს მისწერა, პონის ეტლით უსწორმასწორო გზაზე მგზავრობისას ლედი რენდოლფს ტკივილები დასწყებია. ვერც ლონდონიდან მეანმა და ვერც ოქსფორდიდან დახმარებამ დროულად ვერ ჩამოუსწრო. თუმცა, ამ ყველაფერს დედაშვილის ჯანმრთელობაზე სრულებით არ უმოქმედია. ვუდსტოკელი სოფლის ექიმის ანაბარა დარჩენილმა ლედი რენდოლფმა გამთენიისას საღსალამათი ბავშვი გააჩინა.
საერთოდ, რაც უინსტონ ჩერჩილის ამქვეყნად მოვლინებასთან იყო დაკავშირებული, ყველაფერი სწრაფად ხდებოდა. ლორდი რენდოლფი მის ჯენი ჯერომს პირველად 1873 წლის 12 აგვისტოს, კოუსში, გემზე გამართულ წვეულებაზე შეხვდა და სამი დღის შემდეგ ცოლობა სთხოვა.
1874 წლის აპრილამდე, როცა ისინი დაქორწინდნენ, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჯენის მამა, ლეონარდ ჯერომი, ნიუიორკელი ფინანსური მეკობრე, კმაყოფილი იყო იმ ფაქტით, რომ მისი ქალიშვილი ინგლისელი ჰერცოგის ვაჟს (თუნდაც პირდაპირი მემკვიდრე არ ყოფილიყო) მიჰყვებოდა ცოლად. მეშვიდე ჰერცოგი კი თავდაპირველად სულაც არ მოიხიბლა გრძნობას აყოლილი ვაჟის არჩევანით. განსაკუთრებით არ მოსწონდა მისტერ ჯერომი, მისი თქმით, მდაბიო და უკვე ორჯერ გაკოტრებული კაცი, რომელიც ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენჯერ გაკოტრდებოდა. მოგვიანებით ჰერცოგი იძულებული გახდა, შეჰგუებოდა შვილის მტკიცე გადაწყვეტილებას. ფინანსური მხარის მოგვარებას მეტი დრო დასჭირდა. ვინაიდან ინგლისში მხოლოდ 1882 წელს მიიღეს დაქორწინებული ბრიტანელი ქალების საკუთრების კანონი, ჰერცოგი მოითხოვდა, რომ ოჯახის კაპიტალის კონტროლის ექსკლუზიური უფლება მის ვაჟს ჰქონოდა. ახალი იდეების მიმდევარ მისტერ ჯერომს კი სურდა, ფულადი ანგარიში ქალიშვილის სახელზე გაეხსნა. დავა 1874 წლის აპრილამდე გაგრძელდა და, როგორც იქნა, საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ჯერომმა მომავალ ოჯახს 50,000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით დღევანდელი 2.5 მილიონი) უანდერძა. წლიური შემოსავალი - 2,000 გირვანქა ცოლქმარზე თანაბრად განაწილდა და ჰერცოგის ანდერძით წლიური 1,100 გირვანქა დაემატა - უეჭველი იყო, ამ წყვილის ხარჯი შემოსავალს ყოველთვის გადააჭარბებდა და ვალებს ვერასოდეს დააღწევდნენ თავს.
ქორწილი 1874 წლის 15 აპრილს გაიმართა, არა ვუდსტოკში ან ლონდონის რომელიმე შესაფერის ეკლესიაში, ან მეხუთე ავენიუზე,