წინათქმა
ოთხი თუ ხუთი წლის წინ ჩემი უახლოესი თანამშრომლების თხოვნით დავთანხმდი, ავტობიოგრაფია დამეწერა. დავიწყე კიდეც, მაგრამ პირველი გვერდიც კი არ მქონდა დასრულებული, როცა ბომბეიში ამბოხებამ იფეთქა და წერა შევწყვიტე. ამას მოჰყვა მოვლენათა რიგი, რაც იერავდაში ჩემი დაპატიმრებით დასრულდა. ვექილმა ჯერამდასმა, ჩემმა ერთერთმა თანასაკნელმა, მთხოვა, ყველაფერი განზე გადამედო და ავტობიოგრაფიის წერა დამემთავრებინა. მაგრამ მე უკვე დასახული მქონდა სამოქმედო პროგრამა და მის შესრულებამდე არაფერზე ფიქრი არ შემეძლო.
იერავდაში პატიმრობის სრული ვადა რომ მომეხადა და ციხიდან ერთი წლით ადრე არ გამოვსულიყავი, უეჭველად მოვასწრებდი იმ საქმის დასრულებასაც და ავტობიოგრაფიის დაწერასაც. ახლა სვამი ანანდმა გამიმეორა იგივე და რაკი სამხრეთ აფრიკის სატიაგრაჰას შესახებ წიგნი უკვე დამთავრებული მქონდა, მომხიბლა ჟურნალ „ნავაჯივანისთვის“ ავტობიოგრაფიის დაწერის პერსპექტივამ. სვამის უნდოდა, ავტობიოგრაფია ცალკე წიგნად გამომეცა, მაგრამ თავისუფალი დრო არ მქონდა. კვირაში თითო თავზე მეტის დაწერა არ შემეძლო. „ნავაჯივანისთვის“ მაინც უნდა დამეწერა რამე და რატომ არ შეიძლებოდა, ეს ჩემი ავტობიოგრაფია ყოფილიყო?! სვამი დამეთანხმა და მეც ბეჯითად შევუდექი საქმეს.
ერთმა ჩემმა ღვთისმოსავმა მეგობარმა ჩემი „დუმილის დღეს“ თავისი ეჭვი გამიზიარა: „ასეთი ავანტიურისკენ რამ გიბიძგათ? - მკითხა მან, - ავტობიოგრაფიის წერა დასავლური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. აღმოსავლეთში ამის გამკეთებელი არავინ მეგულება დასავლური გავლენით ნაკარნახევი თითოოროლა შემთხვევის გარდა. მერედა, რაზე უნდა წეროთ?
დავუშვათ, ხვალ უარის თქმა მოგიხდათ იმ პრინციპებზე, რომელთაც დღეს ქადაგებთ, ან მომავალში შეგეცვალათ გეგმები, მაშინ ხომ არ მოხდება ისე, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს თქვენი ავტორიტეტული სიტყვით ხელმძღვანელობენ, მოტყუებულნი აღმოჩნდებიან? იქნებ ჯობდეს, საერთოდ არ დაწეროთ არაფერი ავტობიოგრაფიის მსგავსი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც?!“
მისმა ამ მოსაზრებამ დამაფიქრა. მაგრამ მე ნამდვილი ავტობიოგრაფიის დაწერას არც ვაპირებ. უბრალოდ მინდა, გიამბოთ იმ გზაზე, რომელიც ჭეშმარიტების ძიებისას გავიარე. ხოლო, ვინაიდან ჩემი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტების ძიება, ჩემი მონათხრობიც ბუნებრივად ავტობიოგრაფიის სახეს მიიღებს და მეც არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუ წიგნის ყოველი გვერდი მხოლოდ ჭეშმარიტების ძიების შესახებ საუბარს დაეთმობა. მე მჯერა, ან ყოველ შემთხვევაში მინდა დავიჯერო, რომ ჩემი ძიების თანმიმდევრული აღწერა უსარგებლო არ იქნება მკითხველისთვის. პოლიტიკურ სარბიელზე ჩემი ცდების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მსოფლიოს „ცივილიზებულ“ ნაწილშიც. ჩემთვის ამას დიდი ღირებულება არ გააჩნია; ხოლო ამ ცდების შედეგად მოხვეჭილი წოდება „მაჰათმა“ (დიადი სული) კიდევ უფრო ნაკლებად ღირებული მგონია. ამ წოდებას ხშირად მოუყენებია ჩემთვის დიდი ტკივილი, სიამე კი - არასოდეს.
მაგრამ იმ ძიებაზე სულიერ სფეროში, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი და რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის ძალას მაძლევდა, ნამდვილად მსურს, რომ გიამბოთ.
თუკი ჩემი ძიება ჭეშმარიტად სულიერი ხასიათისაა, მაშინ თავის საქებიც არაფერია და ჩემი თხრობა კიდევ უფრო თავმდაბალს გამხდის. რაც უფრო მეტად ვაკვირდები განვლილ ცხოვრებას, მით უფრო ცხადად ვაცნობიერებ საკუთარ შეზღუდულობას.
ის, რის მიღწევასაც ვესწრაფვი, რისთვისაც ვიღწვი და დავშვერი ამ ოცდაათი წლის მანძილზე, საკუთარი თავის შეცნობის, უფლის პირისპირ ხილვის, მოქშალის მიღების სურვილია. მთელი სიცოცხლე, საქმე თუ სულთქმა ამ მიზნისკენ სწრაფვას მივუძღვენი. ყველაფერი, რასაც ვამბობ, ვწერ თუ ვაკეთებ, ყველა წამოწყება პოლიტიკურ სარბიელზე, ამავე მიზანს ემსახურება. მაგრამ, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ, რაც ერთს ხელეწიფება, თანაბრად ხელეწიფება ყველას, ამ ჩემს ძიებას ფარულად კი არ ვახორციელებ, არამედ - ყველას დასანახავად; და, არა მგონია, ამან რაიმე სახით დააკნინოს ჩემი ექსპერიმენტების სულიერი ღირებულება. არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ შენთვის და შენი შემოქმედისთვისაა ცნობილი და რისი გამხელაც არ შეიძლება. ძიებანი, რომელთა შესახებაც მინდა გიამბოთ, სხვა სახისაა. ისინი სულიერი, უფრო სწორად, ზნეობრივი ხასიათისაა, ვინაიდან სწორედ ზნეობრიობაა რელიგიის არსი.
ჩემს თავგადასავალში რელიგიის მხოლოდ იმ საკითხებს შევეხები, რომლებიც ერთნაირად არის გასაგები ბავშვისთვისაც და მოხუცისთვისაც. და თუ თხრობა აუღელვებლად და მორჩილად შევძელი, მაშინ ბევრი სხვა ჭეშმარიტებისთვის დამაშვრალიც აღმოაჩენს მასში საგზალს რთულ გზაზე თან წასაღებად. ოღონდ არ იფიქროთ, თითქოს ჩემს ძიებას სრულყოფილების რაიმე ხარისხს მივაწერდე. იმაზე მეტს ვერაფერს დავიჩემებ, რასაც რიგითი მეცნიერი, რომელიც, მიუხედვად იმისა, რომ ცდებს უაღრესი კეთილსინდისიერებით, გააზრებულად და ზედმიწევნითი სიზუსტით აყენებს, არასოდეს ამტკიცებს, რომ მისი დასკვნები ამომწურავია.
მე ღრმა თვითდაკვირვების გზა გამოვიარე; დაუსრულებლად ვიკვლევდი და ვაანალიზებდი ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. და მაინც შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩემი დასკვნები საბოლოო ან შეუმცდარია. თუმცა არის ერთი რამ, რაც შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო: