წინათქმა
გაბრიელ გარსია მარკესი მსოფლიოში ერთი ყველაზე გამორჩეულ მთხრობელთაგანია: ჟურნალისტი, ნოველისტი, რომანისტი, „მაგიური რეალიზმის“ დიდოსტატი, რომლის წიგნებიც საერთაშორისო ბესტსელერებად იქცა. 1982 წელს, მაშინ უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს, შვედეთის ნობელის ფონდმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭა და ამან ესპანურენოვანი სამყაროს საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია: იმავე დღეს, მექსიკის ხელისუფლებამ გაბრიელ მარკესი აცტეკური არწივის მედლით - უცხოელისათვის უმაღლესი ჯილდოთი გამოარჩია; კუბის ხელმძღვანელობამ ინტელექტუალური მიღწევებისათვის დაწესებული, ფელიქს ვარელას სახელობის მედალი უბოძა, ხოლო კოლუმბიის მთავრობამ, რომელიც სულ რაღაც ერთი წლით ადრე მის დაპატიმრებას აპირებდა, ახლა სახელოვან თანამემამულეს სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნება სთხოვა...
„არაკატაკელი ტელეგრაფისტის ვაჟს“ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მისდიოდა სატელეფონო მილოცვები - იქნებოდა ეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი თუ კუბის მმართველი ფიდელ კასტრო, თანამოკალმეებსა და ზოგადად, უამრავ ნაცნობმეგობარზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 1982 წლის 10 დეკემბერს, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე, საკუთარი ფესვებისა და ცრურწმენების ერთგული მარკესი ჩრდილო კოლუმბიელი გლეხების ტრადიციული თეთრი სამოსითა და თილისმად ქცეული ყვითელი ვარდით გამოცხადდა. იგი რიგით მეოთხე იყო სამხრეთ ამერიკელთაგან, ვისაც ლიტერატურის დარგში ერგო ეს საპატიო ჯილდო.
წიგნი ათწლეულების მიხედვით დავყავი შესაბამის თავებად და 2007 წლის მოვლენებით დავამთავრე - თითოეული მონაკვეთი ასახავს როგორც გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრებისა და შემოქმედების გამორჩეულ საფეხურებს, ისე ყველაფერ იმას, რაც მწერლის ირგვლივ ხდებოდა, ხოლო თითოეული თავის შემაჯამებელი ნაწილი ზოგადად მიმოიხილავს მსოფლიოში მიმდინარე უმთავრეს ამბებს და აქ განსაკუთრებული ყურადღება, რაღა თქმა უნდა, მაინც ლათინურ ამერიკასა და მის ხალხს ეთმობა - მასში დროის მოცემული მონაკვეთის სოციალურისტორიული კონტექსტია გამოკვეთილი და ამდენად, მკითხველი თავად დაინახავს სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო მოვლენების კვალს მარკესის მსოფლმხედველობაზე. ბოლო თავი კი მის ზოგიერთ მეგობარსა და მისივე რჩეული საკითხავის მიმოხილვას მივუძღვენი, რადგან თავად მარკესის ნაწერებმა უკვე მთელს მსოფლიოში მილიონობით მკითხველს მისცა შესაძლებობა, ჩვენი კონტინენტის ლიტერატურულ საზრისს ზიარებოდა...
გარსია მარკესმაც ისევე შექმნა და უკვდავყო მაკონდო - საკუთარი გამონაგონი სამყარო, როგორც მანამდე უილიამ ფოლკნერმა - იოკნაპათოფას ოლქი და მისი მაცხოვრებლები. მარტოობის ასი წელიც, მანამდე შექმნილი ნაწარმოებებიც მაკონდოს ბინადართა ცხოვრებაზე თუ ბუენდიას ოჯახის მთელი საგაც - კარიბის ზღვის კოლუმბიის სანაპიროს იმ პატარა ქალაქ არაკატაკას ანარეკლია, სადაც მარკესი დაიბადა; თუმცა მან საკუთარი ქვეყნისა თუ მთლიანად კონტინენტის ისტორიული ამბებიც ასევე მრავლად გამოიყენა - კონკისტადორთა დროიდან თუ კოლონიური ეპოქიდან მოყოლებული, ვიდრე დამოუკიდებლობისათვის ატეხილ ომებამდე. მაგრამ ამ წიგნის მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ თითქმის ყველაფერი, რაც კი გარსია მარკესს დაუწერია, მაინც უშუალოდაა გადახლართული მისსავე ცხოვრებასთან - სწორედ ბავშვობის მოგონებებმა დაბადა მისი შედევრი, მარტოობის ასი წელი. დედის მშობლებთან გაზრდილი მარკესი ბებიაბაბუისაგან ითვისებდა როგორც თხრობის ხელოვნებას, ასევე თითოეული სიტყვის ყადრსა და ფასს. პირველი წიგნიც ბაბუამ აჩუქა - ლექსიკონი. ამერიკელი უილიამ ფოლკნერისა და ჯონ სტაინბეკის მსგავსად, მარკესიც მუდამ მისთვის თვალის ახელიდანვე ნაცნობ მიწასა და ხალხზე წერდა.
როგორც მანამდე ბევრმა სხვამ, ლიტერატურული საქმიანობა მანაც გაზეთის რეპორტიორობით დაიწყო და დღესაც, უკვე მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, კვლავინდებურად აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა ჟურნალგაზეთში. მისი ლიტერატურული დებიუტი 1948 წელს შედგა, როცა საკუთარი მოთხრობები გამოაქვეყნა, თუმცა მისი პირველი მნიშვნელოვანი ქმნილება, ფოთლების ქარიშხალი (1952 წ.) მაინც დაუწუნეს: არგენტინულმა გამომცემლობა “ლოსადამ” მის გამოქვეყნებაზე უარი განუცხადა. არადა, კაცმა რომ თქვას, ამ ვრცელ მოთხრობაში უკვე მოჩანს ის მარცვალი, საიდანაც მარტოობის ასი წელი უნდა ამოზრდილიყო... ფოთლების ქარიშხალმა მარკესს, როგორც მწერალს, საკუთარი ხმა კი აპოვნინა, მაგრამ ცხოვრების სახსარი ვერ მოუპოვა. ახლა მას 1967 წლამდე უნდა ეცადა - იმ ერთ ღამემდე, როცა მარტოობის ასმა წელმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, რათა როგორც შემოქმედს, თავისი თავისთვის უფლება მიეცა, წერის გარდა სხვა აღარაფერი ეკეთებინა: ამავე წლის ოქტომბერში კი, პრესისა და თაყვანისმცემლებისაგან თავის დასაღწევად, მარკესი ოჯახიანად ბარსელონაში გადასახლდა.
1958 წელს მარკესმა ცოლად შეირთო მერსედეს რეკელ ბარხა პარდო - ქალი, რომელსაც პლინიო აპულეიომ ხუმრობაგაშვებით მისი “საღვთო ნიანგი” უწოდა. მათ გაცნობის დღიდანვე შეუყვარდათ ერთმანეთი და ეს გრძნობა ქორწინებამდეც რამდენიმე წელი გრძელდებოდა. წყვილი ხან ნიუიორკში ცხოვრობდა, ხან მეხიკოში, ხან ბარსელონაში, ხანაც - კარტახენასა და ბოგოტაშიც. მათ მსოფლიოს ირგვლივაც ერთად იმოგზაურეს, თუმცა მარკესის მეუღლე, ისევე როგორც მათი ორი ვაჟი - როდრიგო და გონზალო - მაინც ერთგვარად ჩრდილში დგომას ამჯობინებდნენ.
კოლეჯიდან გარიცხულმა გარსია მარკესმა განათლება უპირატესად ცხოვრების გზაზე შეძენილი