კაცობრიობის სულიერი მოძღვარი
ჩვენი ასტომეულის მკითხველები, უთუოდ, ცნობისწადილით ელოდნენ, ვისი სახელი ჩაიწერებოდა ქართველთაგან მსოფლიო რეზონანსის მქონე ბიოგრაფიათა ნუსხაში. - ვაჟაფშაველასი! და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ზაფხულს ვაჟას დაბადებიდან 150 წელი სრულდება, არც მხოლოდ იმიტომ, რომ იუნესკოს გადაწყვეტილებით, ამ თარიღის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში ხაზს გაუსვამს ვაჟას შემოქმედებითი მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. უფრო იმიტომ, რომ ჩვენ გვადევს ვალი იმ დიდი წინაპრისა, რომელმაც ერთი საუკუნით გაუსწრო თავის დროს და გენიალური მხატვრული ფორმით გამოთქვა ის, რაც კაცობრიობის ბრძენ მასწავლებელთაგან მხოლოდ რამდენიმემ იწინასწარმეტყველა: ბუნება ოდესმე სამაგიეროს გადაუხდის თავის ყოვლისშემძლეობით გაამპარტავნებულ ადამიანს და მარტოდმარტოს დატოვებს ცხოვრების დამშრალი მდინარის უსიცოცხლო, უხმო და უჩრდილო ნაპირზე...
ვაჟამ იქადაგა, რომ ბუნება - ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი - ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორიც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს, მის უხილავ სულიერებას არ ირწმენს და მის ტკივილს არ გაიზიარებს.
ბუნების პირისპირ მედიდურად მდგარ ადამიანს ვაჟამ მუხლი მოადრეკინა ამ მარადიული სასწაულის წინაშე და პირიქით, ცხოვრებისაგან თუ ხელისუფალთაგან დაჯაბნილსა და დაჩოქილ თვისტომს ხელი შეაშველა, ფეხზე წამოაყენა, ღირსების გრძნობა და მომავლის რწმენა შთაუნერგა.
ვაჟა თვითონ იყო ბუნების ღვიძლი შვილი, მის კალთაში გაზრდილი და დედის რძესთან ერთად თავისუფლების გემოს ნაზიარები...
ისე მგონია, ყოველი წიგნი ვაჟაფშაველაზე (ცხადია, თუკი ღირსეულად ასახავს მისი ცხოვრების ხილულ ქარგას და შემოქმედების უკიდეგანო სივრცეს) გვეხმარება ვაჟას სიბრძნესა და ტკივილს ჩავწვდეთ, მერე კი, ამ თანალმობით თუნდაც ოდნავ იერცვლილნი, წარვდგეთ მისი წმინდა ლანდის წინაშე.
ისიც ხომ უნდა ითქვას, რომ ვაჟა ოდენ ქართველთა მოძღვარი როდი იყო: ჩვენს გულს სიამაყით ავსებს ვაჟას გენიითა და განჭვრეტით აღფრთოვანებულ, მის უცხოელ თაყვანისმცემელთა გამოძახილი. მმაგრამ თუ ეს თაყვანისცემა საყოველთაო არ არის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სიპატარავეს ნუ დავაბრალებთ და ჩვენს თავსაც მოვკითხოთ: ჩვენი უნიათობისა თუ სიზანტის ბრალი ხომ არ არის, რომ ამ საამაყო სახელის დამკვიდრებას კაცობრიობის სულიერ საგანძურში ერთი საუკუნე მოვანდომეთ?!
ერთერთი იმ მცირერიცხოვან (!) წიგნთაგან, რომელშიც სათუთად, ნაბიჯნაბიჯ თვალმიდევნებულია ვაჟას ცხოვრების გზა და პოეტური წიაღი, ახლა თქვენს ხელთაა. ნიშანდობლივია, რომ ეს წიგნი ფშავში დაიწერა, რადგან ვაჟას თვისტომისა და მისი საკრალური სამყაროს ერთგული „დასტურის“ - გიგი ხორნაულის კალამს ეკუთვნის.
ავტორმა მთხრობელის იშვიათი გუმანით მოგვატარა „ვაჟას ბილიკები“ და კავკასიონის გადმოსახედიდან დაგვანახა, რომ „რაზიკაანთ დევი“ არც მარტო ფშავს ეკუთვნის და არც მარტო საქართველოს!
აქვე დავსძენ - რაც უფრო მეტ ენაზე ითარგმნება ეს და ამგვარი წიგნები და, რაც მთავარია, თავად ვაჟას ნაწარმოებები, მით უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება გრძნობა, რომ კაცობრიობის სულიერ მოძღვართაგან ერთი, კავკასიონის შორეული კალთებიდან (ოდესღაც პრომეთე რომ იყო მიჯაჭვული) მოევლინა მსოფლიოს.
ზაზა აბზიანიძე