პროლოგი -
თავი I 1253 წელს ვენეციიდან კონსტანტინოპოლში გემით ორი ძმა გაემგზავრა. სავაჭროდ მიდიოდნენ და, ალბათ, გული არც იმას უგრძნობდათ, რომ ეს მოგზაურობა სახელსა და დიდებას მოუტანდა მათ, არც ის აზრი გაუვლიათ თავში, რომ ერთი მათგანის შვილი ევროპელთა გეოგრაფიულ ცოდნას ჯერ არნახული, არგაგონილი აღმოჩენებით გაამდიდრებდა; არც ის წარმოედგინათ, რომ ამ მოგზაურობას, მეტადრე კი ნორჩი მარკოს თავგადასავალს, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი წიგნი უკვდავყოფდა, ხოლო განგება სამივეს სამშობლოდან შორს, ძალიან შორს გადაისროდა.
ისინი ვაჭრები იყვნენ, - მაფეო პოლო და ნიკოლო პოლო, დალმაციელთა ძველი გვარის შთამომავლის, ვინმე მარკო პოლოს შვილები. ამ გვარის წარმომადგენელნი, წარმოშობით შიბენიკელები, XI საუკუნეში ვენეციაში ჩასახლებულან. ძმები, როგორც ჩანს, მდიდრები არ იყვნენ, რადგან სავაჭროდ თავად დადიოდნენ, თავადვე ყიდულობდნენ და ყიდდნენ, იმის ნაცვლად, რომ ლევანტის მრავალრიცხოვან ქალაქებში საკუთარი წარმომადგენლები და შუამავლები ჰყოლოდათ. როგორც ცნობილია, ლევანტში (ძველი ფინიკია - აწინდელი ისრაელის, ლიბანისა და სირიის ტერიტორიაზე) შემდგომში ვენეციური ფაქტორიები და კოლონიები აღმოცენდნენ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს, როცა ძმები კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, მათი უფროსი ძმა, მარკო იქ იმყოფებოდა, რადგან 1280 წელს შედგენილ ანდერძში იგი წერს, რომ გარკვეული დროით ის მართლაც იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში და წმინდა სევერის უბანში ცხოვრობდა.
ძმებმა ცოლები შინ დატოვეს, რადგან ზღვით თუ ხმელეთით მოგზაურობა იმ დროს უსაფრთხო არ იყო. ბიზანტიის იმპერიაში სახელმწიფო მოწყობას სრულყოფილებამდე ბევრი აკლდა, ამიტომაც მოგზაურობის ხანგრძლივობას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა.
განსაკუთრებით ნიკოლო წუხდა, ეძნელებოდა ცოლთან განშორება, რადგან ფეხმძიმე დატოვა და შიშობდა, ვაითუ, მშობიარობას ვერ მივუსწროო.
იმდროინდელ შეძლებულ ვენეციელ ქალბატონებს ჩვევად არ ჰქონდათ შინიდან დიდი ხნით გასვლა, ქუჩებში ანდა არხებით სეირნობა, ამიტომ ძმები ოჯახის წევრებს კარის ზღურბლთან გამოემშვიდობნენ. მათ სახლთან ზღვა ისე ახლოს იყო, რომ ზოგჯერ ტალღა პირდაპირ კიბეებსაც კი ფარავდა და საფეხურებზე მწვანე შლამსა და წყალმცენარეებს ტოვებდა.
აი, ბრძანება გაცემულია! გონდოლას უბიძგეს, იგი უმალ წყდება ნაპირს და სწრაფად მიცურავს ალაგ ვიწრო და ალაგ განიერი არხების ლაბირინთებში, მისრიალებს ხშირი ხიდების თაღქვეშ, ხან მზით ალაპლაპებულ ტალღებს აპობს, ხანაც აზიდული სასახლეებისაგან მოფენილ ჩრდილქვეშ მოექცევა. ამ სანაპიროებს ახლაც ბევრი ასეთი სასახლე შემორჩა, რადგან ვენეცია XIII საუკუნის იმ რომანტიკული დღეების შემდეგ ბევრად არ შეცვლილა. აი, ჩვენი გონდოლა, როგორც იქნა, უკვე შუაგულ ქალაქშია, რიალტოში, იქ, სადაც ხის ძველი ხიდია აღმართული და სადაც ყველა ვენეციელის პაემნის ადგილია.
ძმებმაც არ დაახანეს, გონდოლიდან გადმოვიდნენ ხალხს შეერივნენ, ნაცნობმეგობრები მოინახულეს, რადგან ამ ადგილას ყოველთვის ისეთი ხალხმრავლობა იყო, არ შეიძლებოდა, ახლობელი არ შეგხვედროდა. ყველას, ვისი ნახვაც უნდოდათ, ხელის ჩამორთმევით გამოემშვიდობნენ, კვლავ გონდოლაში ჩასხდნენ და გეზი აიღეს გრძელი სანაპიროსკენ, სადაც ნავსაყუდელში მათი გემი იდგა.
ძმების გალერა ვიწრო, წინ გაწეული კორპუსით გამოირჩეოდა. გათვლილი იყო სწრაფ სვლაზეც და, აუცილებლობის შემთხვევაში, საბრძოლო მოწყობილობის გამოყენებაზეც. ანძაზე ლათინური აფრა ჰქონდა მიმაგრებული, რომელსაც ზურგის ქარის ყოველ წამოქროლებაზე უმალ გაშლიდნენ ხოლმე.
ძმებს გალერა დატვირთული ჰქონდათ ხის მასალით, თუჯითა და რკინით, შალის ქსოვილებით, დამარილებული ხორცით - ყოველივე ამაზე საბერძნეთის დედაქალაქში დიდი მოთხოვნა იყო. ვენეციის კანონმდებლობით გემს ბადრაგი უნდა ხლებოდა. ზღვაში თევზზე მეტნი მეკობრეები იყვნენ, ამიტომ გალერაზე მათი გაუთავებელი თავდასხმების მოსაგერიებლად მეარბალეტენი და მეშურდულენი იმყოფებოდნენ, იდგა კატაპულტები და ბალისტები. სავაჭრო გალერების მიმოსვლა იმდენად საშიში გახდა, მტრის თავდასხმები ისე გახშირდა, რომ გემები ნავსადგურში უკვე კიჩოთი შედიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მართვა ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ დიდი საბორტო ნიჩბებით შეიძლებოდა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ შეიარაღებულ ეკიპაჟს შესძლებოდა კიჩოს გემბანზე მოიერიშე მტრის პირისპირ დგომა. ამგვარი მანევრით ადვილი იყო ნავსაყუდელიდან უკუსვლით სწრაფი გასვლა - ასეთი საჭიროება კი არაერთხელ წარმოქმნილა და ხშირად ყოფილა, საკუთარი გემისა და საქონლის დასაცავად ვაჭრებს იარაღი ხელში აუღიათ. წყალსა თუ ხმელეთზე ყველგან მძარცველები დათარეშობდნენ.
გემის ეკიპაჟს თავისუფალი ადამიანებისაგან არჩევდნენ. მათ შორის ბევრი სლავი იყო, დალმაციის სანაპიროდან, რის გამოც გრძელი სანაპირო ზოლი წმინდა მარკოზის ტაძართან სლავური სანაპიროს სახელწოდებით იყო ცნობილი (ეს სახელწოდება დღემდე შემორჩა). აყვანილი მეზღვაურები, უმთავრესად, თვრამეტ წელზე უმცროსები არ უნდა ყოფილიყვნენ. თითოეული მისთვის დაწესებულ იარაღს ატარებდა და ვენეციის კანონთა ერთგულების ფიცს დებდა. ეკიპაჟის შეგროვება მხოლოდ მაშინ იწყებოდა, როცა გემების ცურვის სეზონი გაიხსნებოდა - ანუ 1 მარტიდან 30 ნოემბრამდე. მეზღვაურებს სამი თვის ხელფასს ყოველთვის წინასწარ უხდიდნენ, მიუხედავად ამისა, ისეთი ქურდბაცაცები იყვნენ, რომ