წინათქმა
პირველად ეს წიგნი 1968 წელს გამოჩნდა, როცა სამყარო ჯერ კიდევ ასე ახალგაზრდა იყო, „ბიტლზი“ - თითქოს უკვე დაბერებული... ექვსი წელი დიდების მწვერვალზე, ექვსი წელი ახალი…ამბების ყველა გამოშვებაში, ექვსი წელი მათი სახელები ყველას პირზე ეკერა. ეს ყველაფერი თითქოს იმდენ ხანს გრძელდებოდა, რაღაც წინათგრძნობისმაგვარიც კი გაჩნდა - ბოლოს და ბოლოს, ჯაჭვი უნდა გაწყდესო - და ორი წლის მერე ჯგუფმა მართლაც შეწყვიტა არსებობა. მათი მხრივ, ამ ნაბიჯის საბაბი თუ მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო: მოყირჭებული მსოფლიო ბიტლომანია, ახალ-ახალი გატაცებები, ნერვების დამწყვეტი შიდა უთანხმოებები, დაძაბულობა ურთიერთობებში და სურვილი - ამიერიდან ყველას საკუთარი გზით ევლო და თვითგამოხატვის სხვაგვარი საშუალებებიც გამოეძებნა. აი ასე, ბატონებო, არც მეტი, არც ნაკლები. მშვიდობით, „ბიტლზ“!
მას მერე ათწლეულები გავიდა, მაგრამ ისინი დღესაც ჩვენთან არიან და ჩვენში დარჩეს, არც არსად წასულან. თითქოს ახალსაც არაფერს ქმნიდნენ, მაგრამ არც ყავლი გასდიოდათ. ახლაც დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მოჰკრავთ ყურს მათ მელოდიებს: რადიოდან, გამოღებული ფანჯრიდან, ქუჩაში, ტელეეკრანზე... აბა, წიგნების დახლებს მოავლეთ თვალი, აუდიოკასეტებითა და ფირფიტებით მოვაჭრე მაღაზიებშიც შეიხედეთ - „ბიტლზის“ ნებისმიერ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უამრავი სტატია იბეჭდება, ფირფიტა გამოდის და ჩანაწერები კეთდება.
ინგლისიდან თურქეთამდე, ნიუ-იორკიდან ტოკიომდე, უამრავი პატარ-პატარა მაღაზიაა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ „ბიტლზის“ ჩანაწერებითა და მათზე დაწერილი წიგნებით ვაჭრობენ. ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ტარდება აუქციონები, სადაც „ბიტლზის“ კუთვნილი ნივთები იყიდება წარმოუდგენელ ფასად: ფურცელზე ვიღაცისთვის ნაჩქარევად გაკრული ხელმოწერა - ათასი დოლარი; ადრე გამოუქვეყნებელი, სამოყვარულო კამერით გადაღებული ფოტოსურათი - ეგეც ათასი დოლარი; ხოლო ძველ მაგნიტოფონზე შემთხვევით შემორჩენილი ფირის ნაგლეჯი, რომელზედაც მათი იმ დროის ჩანაწერია, როცა ჯერ „ბიტლზის“ ხსენებაც არ იყო, 1994 წელს ასი ათას დოლარად გაიყიდა; 1995-ში ერთ-ერთი სიმღერის ხელნაწერი - ორასი ათას დოლარად! თუკი გავითვალისწინებთ, რომ მათ ნაქონ ნივთებზე მუდმივად იზრდება ფასი, ასეთი „კაპიტალდაბანდება“ არც მთლად უაზრო საქმედ მოჩანს.
მაგალითად, 1995-ში მაიკლ ჯეკსონმა „ბიტლზის“ 250 სიმღერის საავტორო უფლებები კორპორაცია Sony-ს მიჰყიდა 95 მილიონ დოლარად, ანუ - ორჯერ მეტი აიღო, ვიდრე მათში გაიმეტა სულ რაღაც ათიოდე წლით ადრე. პოლ მაკკარტნის კი დღესაც ფულის გადახდა უწევს იმ სიმღერების ჩასაწერად, რომლებიც ერთ დროს თავადვე შეთხზა!
იგივე ხდება სულ სხვა სფეროებშიც: 1995 წელს ინგლისის ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დამცველმა ფონდმა 50 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა სრულიად შეუხედავ და ყოველგვარ ისტორიულ რეალიებს მოკლებულ სახლში (N20, ფორტლინ-როუდი, ლივერპული). საქმე ისაა, რომ სწორედ ამ სახლში გაატარა პოლ მაკკარტნიმ თავისი ცხოვრების პირველი ცხრა წელი...
თუნდაც ბრიტანეთის მუზეუმში მიბრძანდით და თავადაც დარწმუნდებით - „ბიტლზი“ ახლა ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის სრულფასოვანი ნაწილი გამხდარა. გნებავთ, ხელნაწერების განყოფილებას ეწვიეთ: იქ შუშის თალფაქების ქვეშ შექსპირის, დიკენსის, უორდსუორთის, კიტსისა და მრავალ სხვათა ხელნაწერებია გამოფენილი, მათ გვერდით კი ამ ოთხეულის გაკრული ხელით ნაწერი სიმღერების ტექსტების ცალკე სტენდი დგას, რომელთანაც მუდამ ხალხი ირევა. ეს ექსპონატები ვიღაც კეთილ კაცს სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია მუზეუმის საკუთრებაში (კარგი, კარგი, გამოგიტყდებით - ეს კაცი მე ვიყავი... და რა მერე?)
თაყვანისცემის ასეთი გამოხატულების მიზეზი, რაც თუნდაც 1968 წელს ჯერ კიდევ წარმოუდგენელი და საქილიკოც კი იქნებოდა ადამიანების უმრავლესობისთვის, სრულიად მარტივია - მათი მუსიკა. საყოველთაო სიყვარული მათ ლამის ხმის ამოღებისთანავე დაიმსახურეს, სულ ცოტა ხანში კი ამ სიმღერებს მილიარდობით მსმენელი ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით მიჩნეულია, რომ „ბიტლზმა“ ჯამში ლამის ორასი ისეთი სიმღერა დაამღერა, რომლებსაც კაცობრიობა ვერასოდეს დაივიწყებს.
ამ წიგნის დაწერის მიზეზიც უმარტივესია: „ბიტლზის“ თაყვანისმცემელთა უმრავლესობა მათი სიმღერების მხოლოდ ოფიციალურ კრებულებს იცნობს, ისევე როგორც კინო-ფოტო მასალებს, რომელთაც მხოლოდ ოთხეულის ნებართვით აქვეყნებდა მათივე კომპანია Apple Corps. ასე გრძელდებოდა ათწლეულები, არადა, ჯგუფის ყოფილი ადმინისტრატორი, ნილ ასპინალი, შემდგომში სწორედ „ეპლის“ თავკაცი, 1970 წლიდან ელოლიავებოდა საკუთარ პროექტს - გამოეშვა „ბიტლზის ანთოლოგია“. უამრავი დრო და ძალისხმევა დასჭირდა შესაბამისი მასალის მოგროვებას, ოთხეულის თითოეული წევრისგან ნებართვის აღებასა თუ გარკვეულ წვრილმანებზე შეთანხმებას. საქმე ისაა, რომ პოლიც, რინგოც, ჯორჯიცა და ჯონიც (მისი სიკვდილის მერე კი იოკო), სულაც ვეღარ დაიტრაბახებდნენ ერთმანეთთან გულთბილი ურთიერთობით - ყოველ შემთხვევაში, როცა საქმე მათ უფლებებსა და ფინანსებს შეეხებოდა. რა ხანია, ყოველი მათგანი უკვე საკუთარ გზას მისდევდა, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა, ზოგჯერ კი სულაც მხოლოდ საკუთარ სურვილებს თუ უწევდა ანგარიშს...
1996 წელს ეს „ანთოლოგია“ გამოიცა