თავი პირველი
სინდერის კოჭში გაყრილი ჭანჭიკი დაჟანგულიყო, მის თავზე დატანებული ღარები კი თითქმის წაშლილიყო. გოგონა დიდხანს ეცადა სახრახნისით მის გადატრიალებას, რის გამოც ახლა აუტანლად სტკიოდა კოჭი. როცა ჭანჭიკი გულისგამყინავი ჭრიალით იმ დონემდე მოუშვა, რომ უკვე ხელის პროთეზის ფოლადის თითებით შეძლო მისი გამოღება, თმის ღერივით წვრილი რკინა სულ მთლად დაბლაგვებული და გადასწორებული აღმოჩნდა.
სინდერმა სახრახნისი მაგიდაზე დააგდო, ტერფს ჩაეჭიდა და ფოსოდან ამოაძრო. უეცარმა ნაპერწკალმა თითისწვერები დაუწვა, გოგონამ ტერფს ხელი უშვა, რომელიც ერთმანეთში გადახლართულ წითელ-ყვითელ მავთულებზე ჩამოეკონწიალა.
შვებით ამოიგმინა და საზურგეს მიეყრდნო. მავთულ-სადენების ბოლოებიდან სხეულში მაამებელი გრძნობა ჩაეღვარა: როგორც იქნა, გათავისუფლდა. მეტისმეტად მცირე ზომის ტერფმა, ამ ბოლო ოთხი წელიწადის განმავლობაში, სიცოცხლე გაუმწარა და სინდერმა დაიფიცა, ამ ჯართს არავითარ შემთხვევაში აღარ გავიკეთებო. დიდი იმედი ჰქონდა, რომ აიკო მალე დაბრუნდებოდა და ახალ კიდურსაც მოუტანდა.
სინდერი ერთადერთი მექანიკოსი გახლდათ, ახალი პეკინის ყოველკვირეული ბაზრობის სტუმრებს სრულ სერვისს რომ სთავაზობდა. მის ჯიხურს აბრა არ ეკეთა და სინდერის საქმიანობაზე მხოლოდ ანდროიდის სათადარიგო ნაწილებით დახუნძლული თაროები მიუთითებდა, კედელს ჭერამდე რომ ფარავდა. ჯიხური მეორეული მონიტორებისა და აბრეშუმის მაღაზიებს შორის იყო ჩაჭედილი და ორივე მეზობელი გამუდმებით უჩიოდა ლითონისა და მანქანის ზეთის მძაფრ სუნს, თუმცა მას, როგორც წესი, მოედნის მოპირდაპირე მხარეს მოთავსებული საცხობიდან გამომავალი თაფლიანი ფუნთუშების სურნელი ფარავდა. სინდერმა მშვენივრად იცოდა, რომ სინამდვილეში ყველას სუნი კი არა, მისი სიახლოვე აწუხებდა.
სინდერსა და სხვადასხვა მიმართულებით მოშრიალე ბრაუზერებს შორის დახლი იყო აღმართული, რომელზეც დალაქავებული შალითა იყო გადაფარებული. მოედანი მყიდველებით, წვრილი მოვაჭრეებით, ბავშვების ჟივილ-ხივილით იყო სავსე. აქა-იქ გაისმოდა გამყიდველ რობოტებთან მოკამათე მამაკაცების შეძახილები; ადამიანები კომპიუტერებს ევაჭრებოდნენ; ავტომატები ზუზუნით ახდენდნენ გამვლელთა საიდენტიფიკაციო ნომრების სკანირებას; ბანკომატები მონოტონური ხმით იუწყებოდნენ ამა თუ იმ თანხის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვას. ყოველი შენობის კედლებს ქსელური მონიტორები ფარავდა, რომლებიც სივრცეს რეკლამების, ახალი ამბებისა და ჭორების უწყვეტი გუგუნით ავსებდა.
სინდერს სხეულში ხმაურის ჩამხშობი ინტერფეისი ეყენა, მაგრამ დღეს იქაურობა ერთმა მელოდიამ გააყრუა, რომელიც გოგონას კიბერშესაძლებლობებმაც კი ვერაფრით ჩაახშო. სწორედ მისი ჯიხურის წინ ბავშვების გუნდი ჩამომდგარიყო და ერთხმად მღეროდა: „ფერფლი და მტვერი! ყველანი ვეცემით!“ რის შემდეგაც ყველა ბავშვი ისტერიული სიცილით ეცემოდა ქვაფენილზე.
სინდერს გაეღიმა, არა ამ საბავშვო სიმღერის გამო, - ეს წინა ათწლეულში პოპულარული მოჩვენებათა სიმღერა გახლდათ, რომელშიც ჟამიანობისა და სიკვდილის შესახებ იყო მოთხრობილი. სიმღერა სინდერს ამაზრზენად მიაჩნდა. მაგრამ ძალზე ახალისებდა გამვლელების გამომეტყველება, როცა ისინი ძირს გართხმულ ბავშვებს აშტერდებოდნენ. მოძრაობა შეფერხდა; მათთვის გვერდის ავლა რომ უწევდათ, მყიდველები უკმაყოფილოდ ბუზღუნებდნენ, სინდერი კი მზად იყო, ეს ბავშვები სათითაოდ ჩაეკრა გულში.
- სანტო! სანტო!
სინდერს ერთბაშად წაუხდა გუნება, როცა ხალხში ჩენგ საჩა დალანდა, - ეს მცხობელი გახლდათ, ფქვილში ამოსვრილი წინსაფრით აქეთ რომ მოიკვლევდა გზას.
- სანტო, ახლავე აქ მოდი! რამდენჯერ გითხარი, მის ჯიხურს გაეცალე, სხვაგან ითამაშე-მეთქი!..
საჩა უეცრად სინდერის მზერას შეეფეთა და ტუჩზე იკბინა, მერე ბიჭს მკლავში ხელი ჩაავლო და საცხობისკენ წაათრია. ბიჭი წუწუნით ითრევდა ფეხს, მაგრამ საჩამ მკაცრად გაუმეორა, საცხობს არ მოშორდეო. სინდერმა ამრეზით გააყოლა მცხობელს თვალი. დანარჩენი ბავშვებიც ხალხში მიმოიფანტნენ, მათი წკრიალა სიცილიც საერთო ხმაურს შეერია.
- ისე იქცევიან, გეგონება, ელექტროსადენები გადამდები ინფექცია ყოფილიყოს, - ჩაილაპარაკა ცარიელ ჯიხურში მჯდომმა სინდერმა.
გოგონა ხერხემლის ჭრიალით გასწორდა წელში და ჭუჭყიანი თითები თმაზე გადაისვა, უკან გადაიწია და ცხენის კუდად გაინასკვა. მერე მაზუთში ამოსვრილ სამუშაო ხელთათმანებს დასწვდა და ხელებზე ჩამოიცვა. მარჯვენა ხელი მაშინვე გაუოფლიანდა, თუმცა, ხელთათმანებით მაინც უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან ის მარცხენა ფოლადის ხელის ლითონის ფირფიტებს უფარავდა. მარჯვენა ხელის მტევანი აამოძრავა: სახრახნისით მუშაობისას ცერის რბილი ნაწილი დაუბუჟდა. თვალი ისევ მოედნისკენ გააპარა. ბრბოში უამრავი თეთრი ჯმუხი ანდროიდი მიმოდიოდა, მაგრამ აიკო მათ შორის არ ჩანდა.
სინდერმა ამოიოხრა და სამუშაო მაგიდის ქვეშ მდგარი ხელსაწყოების ყუთისაკენ დაიხარა. სხვადასხვა ზომის სახრახნისებისა და ქანჩის გასაღებების გროვა გაქექა და, როგორც იქნა, ფსკერიდან სადენების გასახსნელი ამოაძვრინა, რომლითაც სათითაოდ გამოიძრო მავთულები, მის ტერფს კოჭთან რომ აკავშირებდა. ყოველმა მავთულმა თითო ნაპერწკალი გამოისროლა. ხელთათმანში მათ პწკენას ვერ გრძნობდა, მაგრამ მისი თვალის ბადურაზე არსებული დისპლეი ყოველ ჯერზე წითელი მოციმციმე წარწერით გულმოდგინედ ატყობინებდა, კიდურთან კავშირი შესუსტდაო.