მეზღაპრის გზა - ჩუმი სიკეთეებისა და სევდის ამბავი ამ მცირე წერილს პრაქტიკული, ტექნიკური ხასიათის რჩევით დავიწყებ, რომელიც, წესით, სასარგებლო უნდა იყოს მკითხველისთვის და უკვე შემდეგ თავად წიგნის ავტორზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას.
რჩევა კი ასეთია: თუ გსურთ ამ წიგნზე სწორი და სრული შთაბეჭდილება შეგექმნათ, მისი მხატვრული მნიშვნელობა და არსი სწორად გაიგოთ და, ამავე დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად კითხვის პროცესით მაქსიმალურად ისიამოვნოთ, მაშინ წიგნში თავმოყრილი ამბების წაკითხვა უმჯობესი (თუ არა – აუცილებელი) იმ თანმიმდევრობით იქნება, როგორც ის თავად ავტორმა ჩაიფიქრა, რადგან ამ წიგნში შემთხვევითი არც არაფერია. ეს წიგნი არ არის მოთხრობების კრებული, ეს ერთი მთლიანი ტექსტია.
რაც შეეხება თავად ავტორს: მე ახლა მეგობარზე ვწერ, თან სულ ახლახან გარდაცვლილზე, მაგრამ არცერთი ეს მოცემულობა ოდნავადაც არ მიბიძგებს სენტიმენტალური სუბიექტურობისა და გაზვიადებისკენ.
ეს წიგნი – წაკითხვის შემდეგ, ვიცი, დამეთანხმებით – მეტსაც იმსახურებს, ვიდრე ეს მოკლე შესავალია.
გამომცემლობის შემოთავზებასაც ზუსტად იმიტომ დავთანხმდი, რომ წინასწარ ვიცოდი: არაფრის გამოგონება და გადამეტება არ დამჭირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაალ სამადაშვილი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას პოლიტიკურ, სოციალურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე, მის პროზაში მსგავსი მოტივები ნაკლებად იგრძნობა, რადგან ზაალ სამადაშვილის ლიტერატურა ამბების შეთხზვისა და მათი მოყოლის ხელოვნებაა.
ეს ამბები ყოველთვის კონკრეტულ დროსა და სივრცეში ვითარდება და ამ მხრივ ის რეალისტია, მაგრამ – და ეს ყველაზე მეტად განასხვავებს ზაალ სამადაშვილს სხვა მწერლებისგან – ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მიმდინარე ამბების მოქმედი პირები ყოველთვის გამორჩევიან ზღაპრული ჯადოქრების მსგავი ჩუმი სიკეთითა და სევდით.
სწორედ ამის გამო ახერხებენ ისინი ყოველდღიურობის ქაოსში თითქმის შეუმჩნეველი მცირე სასწაულების მოხდენასა და გაუჩინარებას.
თავადაც ასეთი მწერალი იყო – ჩუმი, სიკეთითა და სევდით სავსე, მცირე, პროზაული ფორმის ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სასწაულების ავტორი. ერთ დღეს კი სწორედ ზღაპრული ჯადოქარივით გაუჩინარდა და დაგვიტოვა ეს წიგნი.
დავით ქართველიშვილი