ელენე თარხნიშვილთან ყოფილა აკაკი სტუმრად. მილანოს კონსერვატორიადამთავრებულ თარხნიშვილის ქალბატონს მშვენიერი ხმით, გამორჩეული ოსტატობით შეუსრულებია „მხოლოდ შენ ერთს“, უმღერია საოცრად, მომხიბლავად, განუმეორებელი ტემბრის ხმით უთქვამს სიმღერა იმ ერთზე, ერთადერთზე, სამშობლოც რომ ეგონათ, სატრფოც, აქ, საწუთროში, და, იქ საიქიოშიც რომ ერთგულებდნენ, უფრო სწორად, აქაურ-იქაური ყოფიერება მისთვის რომ მიეძღვნათ.
უმღერია გამორჩეულად.
აკაკის ადრე „ტრავიატაში“ ჰყავდა ელენე ნანახი, მაშინაც მოიხიბლა, ახლაც... მაშინ საგანგებოდ ჩავიდა თბილისში მის მოსასმენად, ჩავიდა, მოისმინა, განცვიფრდა, ტყუილად არ აქებდნენ თურმეო _ დარწმუნდა. იყო ასეთი, სხვის ნათქვამს იშვიათად ენდობოდა, გაგონილ ქებას ნაკლებ ან სულაც არ ირწმუნებდა, არც ძაგებას სხვათა შორის, ერთ-ორ კაცს კი თვალდახუჭულ-ყურდახშობილი ენდობოდა, უმეტესს არა, ბუნებრივიცაა, თვითონ სხვაგვარად, განსხვავებულად ფიქრობდა, სჯიდა, ამიტომაც იყო უნდო, ეჭვით მზირალი.
„ტრავიატაში“ ელენე თარხნიშვილი მოეწონა, „მხოლოდ შენ ერთს“ ხომ დიდებულად იმღერა და იმღერა, ამანაც აღაფრთოვანა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თარხნიშვილის ქალს განუმეორებელი ხმა რომ ჰქონდა, გამორჩეული, მისეული, ქართული, ქართველი ქალის შესადარ-შესაფერი. სიმღერა მოეწონა, ტექსტმა გააღიზიანა, უფრო აღაშფოთა, ეს რა ლექსიაო, _ დაუფარავად, მიუკიბმოუკიბავად მიახალა მომღერალს.
უკეთესი თქვენ დაგვიწერეთ _ შეჰბედა ელენეს დედამ.
ცოტა ჩაწყნარდა, ჩაშოშმინდა, გაღიზიანება გაუკრთა, გასაკილად შემართული დამშვიდდა. კარგიო _ დაყაბულდა.
დაწერა, მეორე დღესვე მიუტანა მომღერალს. შეთხზა, მისი აზრით, სასიმღერო ლექსი, სამღერლად რომ გამოადგებოდა არა მარტო ელენე თარხნიშვილს, სხვებსაც, ყველა რომ იმღერებდა, იღიღინებდა, „მხოლოდ შენ ერთს“ დაჩრდილავდა, დაავიწყებდა ხალხს.
ყოველივე აკაკის თხუთმეტტომეულის მესამე ტომშია მითითებული: დიდებულ მგოსანს „მხოლოდ შენ ერთს“ ტექსტი არ მოეწონა, არც ადრე მოწონდა, უფრო სწორად, სადაც კი მასზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, გაკილვას არ ახანებდა, ღიზიანდებოდა კიდეც _ ამას რა ამღერებთო.
თავისი შეთხზული გაზეთ „თემში“ გამოაქვეყნა, სადაც ლექსის დაწერის საბაბზეც იყო ნათქვამი: „მხოლოდ შენს ერთს“ არ ვარგა, სჯობს ეს იმღეროთო _ ურჩევდა. ლექსსაც „სიმღერა“ დაარქვა, ელენე თარხნიშვილს მიუძღვნა და ამითაც არაორაზროვნად გაამხილა გულისნადები. გაამხილა, მაგრამ არც მაშინ, არც შემდეგ არავის უმღერია, არავის აუჟღერებია ეს პოეტური თხზულება სასიმღეროდ, არავის მოწონებია ისე, რომ სიმღერად ექცია, ერთი სიტყვით, არავის დაუნახავს მასში სიმღერისათვის საჭირო და აუცილებელი მუხტი. „მხოლოდ შენს ერთს“ კი შეიქმნა თუ არა, სიმღერად იქცა, აკაკის „სიმღერის“ დაწერამდეც მღეროდნენ, მერეც, ახლაც სიამოვნებით ასრულებენ.
„სიმღერა“ არავის უმღერია, არც სურვილი გასჩენია, არც პოეტის სურვილს დამორჩილებია ვინმე, აქაოდა, დიდ მგოსანს ასე სურდა და ვცადოთ, რა გამოვაო, არა! აკაკიმ თქვა, დაწერა, დაწერეს, ნათქვამი ნათქვამად, დაწერილი დაწერილად დარჩა. არ უმღერია... აი, პირველი-ორი სტროფი ამ ლექსისა:
„ნეტავი მას,
ვინც შენ ტკბილ ხმას
ერთხელ კიდევ გაიგონებს!
გულის ვნებას
და გონებას
ათაყვანებს,
დაუმონებს!
მაგ სიტყვაში, გამოთქმაში
მომხიბლავი ისმის ძალა,
სასურველი, საწყურველი,
უკვდავების ვით ფიალა.“
ასეთი განწყობილება გრძელდება ბოლომდე. ვერ იტყვი, ამ ტექსტის სიმღერად ამღერება შეუძლებელი იყოს, ურიგოც არ გამოვიდეს იქნებ, მაგრამ საეჭვოა აჯობოს „მხოლოდ შენ ერთს“, მისდაგვარი გახდეს, მისებურად მოხიბლოს და აღანთოს მსმენელი. „მხოლოდ შენ ერთს“ რამდენიმე ფრაზა, მოხდენილად, ზეაღმტაცი ინტონაციით ნათქვამი წინადადებებია. „სიმღერა“ კი ლექსია დასრულებული, სრულყოფილი.
იმას მღეროდნენ, ამის სიმღერად ქცევა, აკაკის სურვილის მიუხედავად, არავის უფიქრია. რატომ ხდება ასე?! რად უგულებელყვეს ხელაღებით ეს პოეტური თხზულება?! თუ სასიმღეროდ საუკეთესო ტექსტი არ იყო, ან კიდევ „მხოლოდ შენ ერთს“ ვერ აჯობებდა, ეცადათ, ემღერათ და ამით ხომ აკაკის გაამტყუნებდნენ: კი ბატონო, შეთხზე სანაცვლო ლექსი, „სიმღერა“ დაარქვი, თარხნიშვილს მიუძღვენი, მაგრამ სიმღერად არ გამოდგა, შენგან დაწუნებული ვერ დაჩრდილა შენგანვე შექმნილ-მოწონებულმაო. მაინც რა ანდამატი ჰქონდა და აქვს „მხოლოდ შენს ერთს“ ისეთი, ასე რომ ამღერდა, სულაც სიმღერად იქცა, ლექსად არ გამოდგა, ლექსად ჩაფიქრებული სიმღერად დაიბადა და მღეროდნენ, მღერიან, ადრეც, ახლაც.
შალვა დადიანმა მოგონებებში გულწრფელად გაამჟღავნა: ჩემი „მხოლოდ შენ ერთს“ აკაკის აღიზიანებდა, მართალია, პირში არასდროს მოუხალებია საყვედური, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, არ მოწონს, გკილავს, ტექსტი კი არა, სამი სიტყვის უხეირო დაკავშირებაა და მეტი არაფერიო. ამის გამო სამაგიერო ლექსიც კი დაწერა, რომელიც სიმღერად არავის უქცევია. იქნება ახლა მაინც გაითვალისწინონ პოეტის სურვილი და აამღერონო.
არც შალვა დადიანის ეს სიტყვები აღუქვამს ვინმეს თხოვნად, არც იმ დროს, არც მერე, უფრო მეტიც, ეს ამბავი ლიტერატურის ისტორიკოსებს თუ ახსოვთ მხოლოდ, აკაკის „სიმღერა“ მისსავე შედევრებში ჩაიკარგა, „მხოლოდ შენ ერთს“ კი სიმღერა-შედევრად გადაიქცა. არადა, სულაც შემთხვევით, სახელდახელოდ შეთხზული ლექსია. ისევ შალვა დადიანის მოგონებები გავიხსენოთ: ალექსი მესხიშვილმა ნინო ჩხეიძის საბენეფისოდ კარეევის პიესის „роковой шаг“-ის დადგმა გადაწყვიტა და ტექსტის თარგმნა მე მომანდო. ვთარგმნე, მაგრამ როგორ?! „роковой шаг“ უბედურ ნაბიჯად გადმოვაქართულე. პიესაში იყო ერთი ლექსი „одно стобой“, რომელიც ტექსტისათვის აუცილებელი იყო და მისი განწყობილების მიხედვით დავწერე „მხოლოდ შენ ერთს“.
სათაური ვერ თარგმნა, ლექსს როგორღა თარგმნიდა, მაგრამ სათქმელი გაიგო, განწყობილება დაიჭირა, დედააზრს ჩაწვდა და აქედან მომდინარე შეთხზა საკუთარი, მას მისადაგებული, მაგრამ თავისი. რომ ეთარგმნა, იქნებ სულაც უხერხემლო ტექსტი შეგვრჩენოდა ხელთ. არ თარგმნა (უფრო სწორად, ვერ თარგმნა) და საკუთარით გავიდა ფონს. გავიდა და მშვენიერი სიმღერა გამოუვიდა.
1914 წელია, გაგანია ომი. ქუთაისში ნაკლებად აღწევს ბრძოლების ექო, ომის ციებ-ცხელება, ხალხი რესტორანში ქეიფობს, ღრეობს. შალვა დადიანიც იქაა, ერთ-ერთ სუფრაზე თანამეინახეებთან ლაღობს, ხამუშ-ხამუშ პოლიტიკაზეც ჩამოაგდებენ სიტყვას, იტყვიან, განსჯიან, სამომავლო პერიპეტიებს განსაზღვრავენ, იმაზე ფიქრით შეპყრობილნი, თუ ვის მხარეს გადაიხრება სასწორი, ვინ გაიმარჯვებს პირველ მსოფლიო ომში, ვინ ვის დაამარცხებს, ვინ ვის აჯობებს და ა.შ. შალვა დადიანიც იქაა, რესტორანში, სხვებიც, სუფრებს ათასნაირი ჯურის, პროფესიის, განწყობილების ხალხი შემოსხდომია. ქეიფობენ... მუსიკა უკრავს, ესენი სვამენ და ამით კლავენ დროს, თუ ეკვლევინებიან თვითონაც. ვიღაცამ რუსეთის ჰიმნი შეუკვეთა მომღერლებს და მათაც გამორჩეულად დააგუგუნეს „боже царя храньи“, ეს თქვეს და ატყდა ის გენერალი, ანტანტის ყველა სახელმწიფოს ჰიმნის შესრულება მოითხოვა, შეასრულეს, იმღერეს ინგლისის, საფრანგეთის ჰიმნები. იმღერეს და რომ ჰგონიათ ამოისუნთქეს, გამოჩნდა ქართველი, ქართული განწყობილებით სულგაჟღენთილი და, აბა, საქართველოს ჰიმნიო _ შეუძახა შემსრულებლებს, შეუძახა და გაისუსა დარბაზი, ჩაწყნარდა, იმის მომლოდინე, რა მოხდებოდა, ზოგს ჟრუანტელმა დაუარა და სისხლი აუჩქროლდა, ზოგი შურით აღივსო, აქაოდა, ჩვენი ჰიმნიც ხომ იგივეა, რაც რუსეთისა, განა ჩვენ რუსეთში არ შევდივართ, ეს რაებს როშავს, ძლივს ამოვისუნთქეთ, ძლიერ სახელმწიფოს შევეფარეთ და ვიღაც ოხერია, საკუთარი ჰიმნი მოუნდა, საქართველოს ჰიმნი სად აქვს, განა შეიძლება ჩვენი ჰიმნი იგივე არ იყოს _ ასეც ფიქრობდნენ, ისეც, უფრო მეტად ქართულად მოფიქრალი მოძალებოდა იმ შეკრებილთ. მომღერლებიც ასეთი აღმოჩნდნენ, წუთით შეყოვნდნენ, ჩაისუნთქეს, შეისვენეს, დირიჟორმა კვერთხი შემართა და „მხოლოდ შენ ერთს“ დაიწყეს, დაიწყეს და დააგუგუნეს სიმღერა იმ ერთადერთზე, ვისთვისაც სიცოცხლეც არ ენანებოდათ.
დარბაზი გაისუსა, უფრო გაიტრუნა, მღერიან „მხოლოდ შენ ერთს“, შალვა დადიანი მეგობრებთან მიჯდომია სუფრას, მის ტექსტზე მსახიობ სარჯველაძის შექმნილ სიმღერას ასრულებს ორკესტრი, ერთ-ერთი ავტორი იქაა, სუფრასთან, მეგობრებთან ქეიფობს, მისი ლექსი საქართველოს ჰიმნად გაისმის.
არავინ იცის, შალვა დადიანის რომაა ეს სიტყვები, ვერც თვითონ ამხელს, ზის, უხარია, სიხარულს ვერ უმჟღავნებს სხვას, საკუთარ განცდაში, ფიქრებში ჩაყურსულს ამ დროს არც აკაკი ახსოვს, არც მისი ქირდვა, ზის და უხარია, მისი ლექსი საქართველოს ჰიმნად ჟღერდება.
ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი შემთხვევა (თუ ერთადერთი არა) რუსეთის ბატონობის ჟამს ქართული ჰიმნი რომ შესრულდა და ასეთად შალვა დადიანის „მხოლოდ შენ ერთს“ დააგუგუნეს.