იტვირთება...

ვით უდაბნოში გზადაბნეულებს

ელგუჯა თავბერიძე

5,609 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ქართულ ბიოგრაფიულ რომანისტიკაში შემოიჭრა ახალი თემატიკა – მთავარი გმირი პროფესიით ექიმია, ის სამსონ თოფურიაა, რომელსაც მხოლოდ უნდა გაეელვა ელგუჯა თავბერიძის ბიოგრაფიულ რომანში აკაკი წერეთელზე. და კიდევ უფრო მეტი ადგილიც დაეთმობოდა, ავტორს რომ არ ეგრძნო, ეს პერსონაჟი ცალკე მოითხოვს მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნს, თორემ შესაფერისად რომ წარმოჩნდეს „აკაკის ლანდში“, კომპოზიციას ამორფულს გახდის, შეკვეცილად წარმოდგენა კი მის სახეს ძალიან გააფერმკრთალებს და დააზიანებსო. ამიტომაც შეელეოდა იმ თხრობისას. სამაგიეროდ, მის სახებას მოაქცევდა ახალი კომპოზიციური ქარგის შუაგულში და ასე შეიქმნებოდა მეტად კოლორიტული და მონუმენტური ხასიათი კაცისა, ვინც არამარტო საავადმყოფოს შეუქმნიდა ქუთაისელებსა და დასავლეთ საქართველოს, არამედ ამ დაწესებულებას გადააქცევდა კულტურულ და საგანმანათლებლო კერად, რასაც იმთავითვე შეამჩნევდნენ და დაუფასებდნენ. თვითონ სამკურნალოს კი გამართავდა იმ ევროპული რადიუსით, რაც ასე ეოცნებებოდათ ცისფერყანწელებს პოეზიაში. აკაკი წერეთელს სამსონის ტანჯვა-წვალება ამ უჩვეულო კერის, ხორციელი და სულიერი ოაზისის შესაქმნელად, ბიბლიური იობის ტანჯვასაც კი მოაგონებდა, ხოლო მის გარჯას ზეციური დავალების აღსასრულებლად მოსე წინასწარმეტყველის თავგანწირვად გაიაზრებდა ახალ დროში; და ნიშანდობლივია, რომ ამ ალუზიით გაჯერებული მისი სტრიქონი: ვით უდაბნოში გზადაბნეულებსო, – გამოადგებოდა ელგუჯა თავბერიძეს რომანის სახელწოდებად, სათაური, რომელიც ძალიან ბევრს ავალდებულებდა ავტორს – სავსებით სარწმუნო გაეხადა მკითხველისათვის ასეთი დითირამბის საფუძვლიანობა. და კიდეც შეაღწევდა სამსონ თოფურიას სულის სიღრმეში – ჩვეული ფსიქოლოგიური დაკვირვების უნარით და მიმოფანტულ დეტალთა მარჯვედ დაკავშირება-აგებულების ხელოვნებით. და შთამბეჭდავად შემოუგარსავდა მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებას – საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც, რაკიღა სამსონ თოფურიას სამკურნალო საერთაშორისო მოვლენა გახლდათ თავისი შინაგანი მასშტაბითაც და ისტორიული მნიშვნელობითაც – იობის სულიერ გზაგამოვლილი... საერთოდ კი რაოდენ საჭირო ყოფილა ჩვენი ბიოგრაფიული რომანისტიკის თემატური გამრავალფეროვნება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სამსონ თოფურია განსხვავებული ტიპის მოღვაწე იყოო, _ წერენ თანამედროვენი. საქვეყნო დარდით გულშეღონებული ადამიანები არ აკლდა იმ დროებას, მაგრამ ეს მაინც განმარტოებით იდგა. უმრავლესნი, ერთ ყალიბზე ჩამოსხმულებივით, ერთი ფერისა და ჯურისანი გამხდარიყვნენ, სამსონი არ ჰგავდა იმათ და ისინი _ სამსონს. სამოციანი წლების მერე გაჩნდა ახალი თაობა, რომელიც ტეტიათა მოტრფიალის სახელით მოინათლა, _ გვეუბნება ნიკო ხიზანიშვილი. იმათ მდაბიო ხალხი და მათი კეთილდღეობა მიაჩნდათ ამქვეყნიური არსებობის მიზნად. მიაჩნდათ, მაგრამ, რასაც ისინი ბაგით წარმოთქვამდნენ, დაწერით აგებინებდნენ ქვეყანას, სამსონ თოფურია იმავეს საქმით აკეთებდა. „თესვად თესლისა კეთილისად“ მოვლენილი ყველა ღონეს ხმარობდა, უმწეოთა შემწედ, უპოვართა პატრონად რომ ქცეულიყო. მის დროში და მერეც იყვნენ იდეალისტები. სამსონი მათგანაც განსხვავდებოდა, თუმცა მეოცნებეც იყო, მაგრამ ენერგიით, შრომისმოყვარეობით, ხასიათის სიმტკიცით, საზოგადო საქმისადმი მედგარი ლტოლვილებით უფრო ევროპელს მოგვაგონებდა, ვიდრე დროთა ვითარებისაგან დაძაბუნებულ ქართველსო, _ ხაზგასმით აღნიშნავენ მისი მცნობნი და შემცნობნი. სამსონ თოფურიას ირგვლივმყოფთა ერთი ნაწილი „ცხოვრების ჭუჭყმა შემწიკვლა“, მეორეებმა საზოგადო საქმე არჩიეს, თუმცა, მასთან ერთად, საკუთარიც არ დაუვიწყებიათ. „მაინც დიდად მაცდური ყოფილა პირადი კეთილდღეობა და განსხვავებული ზნე და ბუნება ყოფილა საჭირო, რომ მოღვაწე არ მიიზიდოს ამ უცნაურმა ანდამატმა!“ _ ამასაც ნიკო ხიზანიშვილი წერს და ორივე ჯგუფისაგან გამოარჩევს სამსონ თოფურიას. მაინც რით გახლდათ ეს კაცი განსხვავებული? უინიციატივო ადამიანები, საკუთარი ლელო რომ ვერ გაეტანათ ბოლომდე, სამსონის წადილს, თუნდაც ნაოცნებარს, ეჭვის თვალით შესცქეროდნენ. ამ კაცისათვის ოცნებაც და მისი აღსრულების შეძლებაც დაენათლა გამჩენს _ იტყოდა და რამდენიმე თვესა ან წელიწადში საქმედ აქცევდა. უინიციატივონი დასცინოდნენ, მეზღაპრეს ეძახდნენ, ეს _ ზღაპრის სინამდვილედ ქცევის სურვილჩასახლებული აკეთებდა საქვეყნო საქმეს. ილია წინამძღვრიშვილს თუ მივამგვანებთო, _ წერენ. მართლაც მას თუ მიედრება შეუძლებლის აღსრულებით, ინიციატივის დიდი ნიჭითა და უნარით. მთელი ქალაქი ცდილობს საავადმყოფოს დაფუძნებას, ცდილობს, მაგრამ ვერ მოუხერხებია, როგორ შეიძლება, ერთმა კინკილა კაცმა გააკეთოს ის, რასაც მთელი ქალაქი ვერ ახერხებს?! _ ქირქილებდნენ. სამსონს სამკურნალო ერთი ავადმყოფის მოსასვენებელი ადგილი ხომ არ ჰგონია, საწოლებია საჭირო, ხელსაწყოები... ვთქვათ, ეს მოვაგვარეთ, ექიმები საიდანღა მოჰყავს მუცლით მეზღაპრეს, ვერ ხედავს, გულითადი მეგობრებიც განუდგნენ, მიხვდნენ, ზღაპარს რომ ჰყვებოდა და უტიეს, _ ულვაშებში იცინოდნენ ზოგიერთები. სამსონს არც იმათი ქირქილი, არც ამათი სიცილი აფრთხობდა. იცოდა, რაც გადაეწყვიტა... არ ვიქნებით მართალი, რომ ვთქვათ, თანამედროვეებმა ვერ შეიცვნეს, ყველანი განზე გაუდგნენო. გულშემატკივარი გაჩნდა, უფრო სწორად, სამსონმა გააჩინა, იმდენი უჩიჩინა, დაარწმუნა, დააჯერა, დაიყოლია... სწორედ გულშემატკივართა თანადგომითა და საკუთარი უნარის წყალობით დააფუძნა ქუთაისში ისეთი საავადმყოფო, პეტერბურგსა და მოსკოვსაც რომ დაამშვენებდა. სამსონმა შეურყია გაბატონებული შეხედულება ადამიანებს, გააგებინა, ვინ შერაცხულიყო ექიმად, ვინ კიდევ _ მკითხავ-მჩხიბავად. მანვე მოახერხა მაღალი დონის ექიმების თავმოყრა ქუთაისში. გავითვალისწინოთ, პირველი პლეადის დასტაქართაგან არცერთი არ ყოფილა ქართველი. რუსი ჩინოვნიკები კიდევ როგორ უყურებდნენ ჩვენს ქვეყანას, დიდი განმარტება არ სჭირდება. სამსონმა თავის მედპერსონალს ეს რწმენაც შეურყია, ქართველთა სიყვარული ჩაუსახლა გულში, მათ სამკურნალოდ განაწყო. სამსონ თოფურია არ ყოფილა მარტო ექიმი, არც ოდენ საავადმყოფოს დამფუძნებელი, იგი სულით და გულით ჩართულიყო საქვეყნო საზრუნავში, გახლდათ ქალაქის ხმოსანი, მონაწილეობდა ბანკის საქმეებში და ა.შ. ერთი სიტყვით, ინიციატივიანობასთან ერთად, 60-იანი წლების მოღვაწეთა დარი და მსგავსი, ერის უბედობით შეღონებული ტიპური მოღვაწე ბრძანდებოდა. ყველაზე მეტად მაინც გარდაცვალების მერე ვგრ- ძნობთ, ვინ დავკარგეთ, რა დაგვაკლდა. სამსონ თოფურიას გარდაცვალებას ისე აღწერენ, გეგონება, მიწაზე მოსიარულე ღმერთი დაკარგეს ქართველებმა. მოდი, ჩვენც გავადევნოთ თვალი თანამედროვეთაგანვე განსხვავებულ მოღვაწედ შერაცხულ სამსონ თოფურიას ცხოვრების გზას.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9390-1-3
სათაური:
ვით უდაბნოში გზადაბნეულებს
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
304
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
5609
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]