მომღერალი ჩრდილი, კედრის კაკლები და სიზმართმჭერი თუ სწორად მახსოვს, ჰერტა მიულერი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში ამბობს, რომ კითხვაზე, თუ რატომ წერს სულ მეფეზე, პასუხობს – იმიტომ, რომ ის ბავშვობიდანვე მის გონებაში იყო ჩაბუდებული და სანამ მასზე არ დაწერდა, სხვა არაფერზე შეეძლო წერა. მხოლოდ ამის წაკითხვის შემდეგ დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ჩემს ნაწერებში თითქმის ყველგან ვსაუბრობ მამაზე, რადგან ჩემს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს მასზე მეტად არაფერი აწუხებს და ვერც შეაწუხებს, სანამ მისი თემა არ მოკვდება ჩემში.
ყველაზე ბრიყვული კითხვა, რომელიც შეიძლება ბავშვს დაუსვან, ჩემთვის ასე ჟღერს: "დედა უფრო გიყვარს, თუ მამა?" და ამიტომაც ძალიან, ძალიან პატარა ასაკში მას არ ვპასუხობდი. ამასთანავე, ენის წვერზე სულ მითრთოდა სიტყვა "მამა", მაგრამ დედის განაწყენებას ვერიდებოდი. მიზეზი მარტივი იყო: დედა სულ გვერდით მყავდა, მზრდიდა, მასწავლიდა, მიკრძალავდა, რეჟიმის დაცვასა და ლოცვების მოსმენას მაიძულებდა... მამას კი იშვიათად ვხედავდი, თანაც მისი სახლში მოსვლა "ქინდერ-სიურპრიზთან" ან სხვა რაიმე სასუსნავთან ასოცირდებოდა.
თუმცა ეს მხოლოდ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირა კი ყურთასმენის წამღები როკის საათები იყო. მამა თავის უზარმაზარ დინამიკებს რთავდა და "ბაბინებზე" ჩაწერილ კონცერტებს უმაღლეს ხმაზე აღრიალებდა. ვერ ვიტყვი, რომ სამი-ოთხი წლის ბავშვს მათი მოსმენა მაღიზიანებდა. ინტერესით ვუცქერდი, როგორ ებრძოდა ალბომის გარეკანზე ინგვი მალმსტენი(ვირტუოზი შვედი გიტარისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი.) გიტარით სამთავიან გველეშაპს და ის ჩემთვის ისეთივე ზღაპრის გმირი იყო, როგორიც ცხრათავიან დევთან მებრძოლი ხუთკუნჭულა, ოღონდ – უფრო დახვეწილი და თანამედროვე.
"დიფ ფარფლი", "პინკ ფლოიდი", "ლედ ზეპელინი" და სხვა ძმანი მათნი ჩემი ადრეული ბავშვობის განუყოფელი ნაწილები იყვნენ. ერთი შეხედვით შემეძლო პლაკატებზე მათი ცნობა და კითხვაზე: "რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?" დაბეჯითებით ვპასუხობდი: "პომაკარტი ბიძიას ცოლი!"
ამასთანავე, რაღაცნაირ მოკრძალებასაც ვგრძნობდი მათ წინაშე, როცა ვხედავდი, როგორი მოწიწებით რთავდა მამაჩემი თავის ფირფიტებს (რომლებსაც სხვას არავის აკარებდა), როგორ წამოწვებოდა და ტრანსში გადასული, თვალებდახუჭული, დაძაბული სახით უსმენდა Kashmir-ს ან BabyI’m gonna leave you-ს. ამ დროს არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა მისთვის სიტყვის თქმა, ან სხვა ფორმით ხელის შეშლა, რაც კარგად ვიცოდი და ამიტომ ამ ყველაფერს ვუცქერდი, როგორც რაღაც საკრალურს, რომლის უპატივცემულობაც დიდი ცოდვა თუ დანაშაული იყო.
ზუსტად იგივე დამოკიდებულება ჰქონდა დედას ხატების მიმართ. მიმიყვანდა კედელთან, რომელზეც ისინი ჰქონდა გაკრული, მაჩვენებდა ღვთისმშობლის გამოსახულებას, მიკითხავდა საღმრთო ისტორიას და ოხრავდა, ადამს და ევას რომ არ შეეცოდათ, რა ბედნიერად ვიცხოვრებდით ადამიანები სამოთხეშიო. მერე საკუთარი წარმოსახვით სამოთხისა და ჯოჯოხეთის აღწერას მოჰყვებოდა, მე კი ვიჯექი დარცხვენილი და შეშინებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორეში მოხვედრა მელოდა. იმიტომ რომ არც საათობით ლოცვების მოსმენა შემეძლო და არც ისეთი დამჯერი ვიყავი, როგორიც ჩემი დეიდაშვილი, რომლის კარგი საქციელიც ყოველთვის მაგალითად მოჰყავდათ ჩემთვის.
და-ძმა არ მყავდა, რომ მათზე ზრუნვით პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაენერგა ვინმეს ან პირიქით – მათგან მესწავლა რამე. თუმცა ხშირად ვნატრობდი დედმამიშვილს, განსაკუთრებით – უფროს ძმას, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ჩემნაირ ქაჯს კომპანიონად ბიჭი უფრო შეეფერებოდა. ისე მსურდა, უფროსი ძმა მყოლოდა, რომ რამდენჯერმე მესიზმრა კიდეც. მისი სახე არც ერთხელ არ დამმახსოვრებია, მაგრამ მახსოვს, რომ სიზმარში საოცარ სურნელს – ფიჭვის სურნელს ვგრძნობდი. ძალიან მიყვარდა ეს სიზმარი და ხშირად ვიხსენებდი, რეალობაში კი მარტო ვრჩებოდი, წარმოსახვით ღმერთსა და როკ-მუსიკას შორის გაორებული. ზოგჯერ მეგონა, რომ ხატები იყო დედაჩემი, ფირფიტები – მამაჩემი, მე კი – ამ ორ განსხვავებულ კუნძულს შორის გაჩხერილი გაურკვევლობა, რომელსაც ორივესთვის უნდა მეცა პატივი.
წლების შემდეგ, ე.წ. გარდატეხის ასაკში, უკვე შეგნებულად ვისწავლე მძიმე მუსიკის სიყვარული და მამაჩემის სიძულვილი, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთის სინონიმები გახდა. მანამდე კი მამაჩემი ჩემთვის სირცხვილი და შიშია.
ვსწავლობ, როგორ მოვისმინო და დავინახო მხოლოდ ის, რაც საჭიროა, როგორ წამოვიდე სკოლიდან კლასელებთან ერთად შემოვლითი გზით და როგორ მოვახერხო ყველა საშუალებით, რომ სახლამდე მისული მთვრალ მამას არ გადავეყარო. ვსწავლობ, როგორ გავიპარო "საჭირო ოთახის" მომიზეზებით კლასიდან მანამდე, სანამ მასწავლებელი ჩემს სახელსა და გვარს ამოიკითხავს და შემეკითხება სად მუშაობენ მშობლები. კლასის კარიდან შორს ვდგები, რომ არ გავიგონო დამცინავი წამოძახილი: "დედა – დიასახლისი, მამა – ლოთი". და თუმცა ალბათ არც ერთხელ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ჯიუტად მჯერა, რომ მასწავლებელს სწორედ ასეთი ფორმით შევყავარ სიაში. დერეფანში გავდივარ და თავს ვუმეორებ, რომ სკოლის გამოცდათაგან ყველაზე რთულია ესაა და ისე უნდა ჩავაბარო, დამცირებული ვერავინ მნახოს. ისედაც ძალიან