მწვადამიანი
1.
– მოშორდით ქვაბს! – თქვა მამამ და ოთახიდან გავიდა.
მე ჩემს ძმას შევხედე.
დედამ გაზზე შემოდგმულ ქვაბში წყლის ტემპერატურა თითით შეამოწმა და მითხრა:
– ნუ ნერვიულობ, დე, ღორია!
ჭიშკართან რომ "ვილისი" გაჩერდა, მე და ჩემი ძმა ეზოში ომობანას ვთამაშობდით. მამამ საბარგული გახსნა, მანქანიდან ჭყვიტინი გაისმა. ჩვენ თამაში შევწყვიტეთ და ჭიშკრისკენ გავიქეცით.
ღორს ფეხები თოკით ჰქონდა შეკრული. არსად გამქცევი არ იყო, თითქოს ბედს უკვე შეეგუაო, მამას მხრებზე ჰყავდა მოგდებული და რეზინის ჩექმებით ტალახიან ეზოში მოაბიჯებდა.
– მძიმეა ეს შობელძაღლი! – თქვა და ფარდულისკენ გაემართა, რომელიც სახლის უკან, მოშორებით იდგა.
2.
შობის წინა დღეს ღორის დაკვლა ჩვენს სოფელში ტრადიცია იყო. ყველა ეზოდან ისმოდა ყელგამოჭრილი ღორის ჭყვიტინი. კაცები შეშას ჩეხდნენ, ქალები ცეცხლს ანთებდნენ და სპეციალური სანელებლებით შეკმაზული შიგნეულობა მინის ქილებში გადაჰქონდათ. მანამდე საგულდაგულოდ რეცხავდნენ და ასე ელოდა სოფელი ზამთრის დადგომას, ყველაზე მეტად ბავშვებს რომ გვიხაროდა.
რაღაც დროის შემდეგ თოვლის მოსვლა აღარ იწვევდა ჩემში იმხელა აღტაცებას, როგორც მანამდე. ყოველი მომდევნო ზამთარი თითქოს უშინაარსო და ერთგვაროვანი იყო.
და მე მივხვდი, რომ გავიზარდე.
– რა გატირებს? – მეკითხება დედა.
ცრემლებს ჯემპრის სახელოთი ვიწმენდ.
– შენ გეკითხები, მიპასუხე!
საუბარში მამა ერთვება.
– რა გატირებს, გოგო ხარ?
– გოგოა! – ამბობს ჩემი ძმა.
– არ ვარ გოგო! – ვამბობ მე.
– ბიჭები არ ტირიან, შვილო, სირცხვილია, დაგცინებენ! – ამბობს მამა, ცოტა ხნის წინ, ცალ ხელში სისხლიანი დანა რომ ეჭირა, მეორეში კი – ღორის თავი.
3.
როცა მამამ ღორი მოიყვანა, თავი ადგილზე ჰქონდა. იმ დღეს პირველად დავფიქრდი სიკვდილზე და აუტანელმა სევდამ შემიპყრო. მთელი დღე ფარდულში გავატარე. გვერდიდან ვერ მოვცილდი. განწირული ცხოველი თითქოს მოახლოებულ განსაცდელს გრძნობდა. უხასიათოდ იყო. არაფერზე რეაგირებდა. არც საჭმელზე, რომელსაც იმიტომ ვაჭმევდით, რომ მერე ჩვენ გვეჭამა. ქალაქიდან არც თუ ისე პატარა მანძილი გამოიარა იმისთვის, რომ დილით დაკლან და სუფრაზე ჩამოატარონ, შეკმაზული და კუბიკებად დაჭრილი.
მერე ნათესავები მოვლენ და შობას მოგვილოცავენ.
"გემრიელია", – იტყვის კმაყოფილი ბიძაჩემი, ღორის ნეკნებს კარიესიანი კბილებით გადაკვნეტს და დაღეჭილ ლუკმას ლიმონათს მიაყოლებს. ესეც საშობაო სუფრის ნაწილია, თვისებრივად განუყოფელი, რომელიც ბოლოს ღვინოში ჩაწოლით დასრულდება, შიგადაშიგ ბიძაჩემის შემაწუხებელი გულძმარვისა და სპეციფიკური სუნის თანხლებით.
– რას აკეთებ მანდ? – ფარდულში დედა შემოვიდა.
შეკითხვას უპასუხოდ ვტოვებ. განა იმიტომ რომ პასუხი არ მაქვს, უფრო ნდობის საკითხია, მაინც ვერ გაიგებს.
– წამოდი, მთელი დღეა არაფერი გიჭამია.
– არ მშია, – ვუთხარი მე.
– ხვალ სტუმრები მოვლენ, ბევრი საქმე მაქვს, მეტჯერ აღარ გამამეორებინო.
დედა ფარდულიდან გავიდა.
წარმოვიდგინე ყელგამოჭრილი ღორის ჭყვიტინი, რომელიც სისხლისგან იცლება. საღამოს კი თოვლი მოდის და ყველაფერს თეთრად ფარავს.
ფარდულიდან გამოსულმა, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ცას ავხედე.
ეზოში მამა შეშას ჩეხდა.
4.
ღამე ლოგინში მოუსვენრობა დამეწყო, ძილზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. თვალებსვხუჭავდი თუ არა, ადუღებული წყლით სავსე ქვაბს ვხედავდი, რომელშიც მამა იხარშებოდა.
მესიზმრება, მე და ჩემი ძმა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბთან ვდგავართ: ქვაბში დანაწევრებული კიდურები ყრია. ჩემმა ძმამ ახალი თამაში მოიგონა და წესებს მაცნობს.
– კითხვას გისვამ და ერთ მინიშნებას გაძლევ.
– დრო რამდენი მაქვს?
– ცოტა.
– მიდი, მკითხე.
– სწამთ და ღ-ზე იწყება.
– ღორი!
ჩემი ძმა იცინის.
5.
გამთენიისას, შეშინებულს მეღვიძება. ფეხისგულები ოფლიანი მაქვს, საბანს ვიხდი და ლოგინიდან ვდგები. დრო ჯერ კიდევ დამრჩა. ოთახში სიბნელეა. წონასწორობის დაცვა მიჭირს და საწოლის კუთხეს ხელით ვეყრდნობი. ჩემს ძმას ღრმად სძინავს, პირი აქვს ღია და უცნაურ ხმებს გამოსცემს, ყელგამოჭრილი ღორივით.
შარვალს ვიცვამ, განიერტოტებიანს და თბილს. ოთახიდან ჩუმად გავდივარ. ვინმეს თუ გაეღვიძა, გეგმა ჩავარდება. გეგმა კი ფარდულში მისვლა და გამომშვიდობებაა. კიდევ როდის ვიხილავ მის მზერას? ეს თვალები არასოდეს გაქრება მეხსიერებიდან. თვალები, რომელმაც სიკვდილზე ფიქრი მასწავლა.
ვეტყვი, რომ საშობაო სუფრაზე მის ხორცს არ შევჭამ. რადგან ყველაფერი, რაც გიყვარს, არ იჭმევა. იმასაც ვეტყვი, რომ, ადრე თუ გვიან, ისედაც ყველანი მოვკვდებით. არ ვიცი, ტკივილს რამდენად შევუმსუბუქებ, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ცოტა ხნით მაინც დავავიწყო ის, რაც მისგან ვისწავლე – ფიქრი სიკვდილზე. ვთხოვ, რომ აპატიოს მამას, რადგან არ იცის რას ჩადის.
გარეთ რომ გამოვედი, იანვრის სუსხი კანს წვავდა. ფარდულს მივუახლოვდი და უცნაური ხვნეშა მომესმა.